დიმიტრი ერისთავი (მეწარმე)
დიმიტრი შანშეს ძე ერისთავი, ერისთავისშვილი (დ. 1805[1] ან 1811[2] — გ. 7 მარტი, 1854[2]) — თავადი, ქსნის ერისთავთა საგვარეულოს წარმომადგენელი, ქართველი მემამულე და მეწარმე.
დაიბადა მეფე გიორგი XII-ის ეშიკაღასბაშის შანშე იესეს ძე ქსნის ერისთავის ოჯახში. 1825 წელს მამამ სასწავლებლად პეტერბურგში გაგზავნა, იქვე დაამთავრა საარტილერიო სასწავლებელი პრაპორშჩიკის ჩინით.[1]
მონაწილეობდა 1832 წლის შეთქმულებაში. პეტერბურგში ყოფნის დროს კავშირში იყო იქ მცხოვრებ დიმიტრი ბატონიშვილთან, რომელთანაც ხშირად იკრიბებოდნენ რუსეთის ბატონობით უკმაყოფილო ქართველი არისტოკრატები, მ. შ. დიმიტრის ძმა ელიზბარი, დ. ორბელიანი, დ. ჯორჯაძე და სხვ. სამშობლოში მიმავალი მოსკოვში გაჩერდა, დაუკავშირდა ოქროპირ ბატონიშვილის შეთქმულთა ჯგუფის წევრებს და გარკვეული დავალებით 1832 წლის 16 აპრილს თბილისში ჩამოვიდა.[1]
შეთქმულების გაცემის შემდეგ ერისთავი მიაკუთვნეს დამნაშავეთა მესამე კატეგორიას, რომელნიც „ქმედითად მონაწილეობდნენ შეთქმულებაში და აჯანყების მოწყობის თანახმანი იყვნენ“, თუმცა იგი მალე შეიწყალეს და სამხედრო სამსახურში აღადგინეს. სამხედრო კარიერა დაასრულა შტაბს-კაპიტნის წოდებით. 1843 წელს ძმასთან, ელიზბართან ერთად გორის მაზრაში, სოფელ ღვარებში დააარსა შუშის ქარხანა, სადაც ასამდე კაცი იყო დასაქმებული.[3][1]
დიმიტრი ერისთავის ძმისშვილის, ელისაბედ ელიზბარის ასულის მოგონებით დიმიტრის ჰყვარებია ელისაბედის დეიდა სოფიო, მაგრამ ეგზარქოსმა ნება არ მისცა ორ ძმას ორი და ჰყოლოდა ცოლად (ელიზბარს ცოლად ჰყავდა შალვა რევაზის ძე ერისთავის ასული ქეთევანი, სოფიოს და). დიმიტრი მალე გარდაიცვალა, ხოლო სოფიო დაქორწინდა თავად ივანე ორბელიანზე.[3]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 ნარსია გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 59.
- ↑ 2.0 2.1 ჩიქოვანი ი., ქსნის ერისთავები, თბ., 2010. — გვ. 10.
- ↑ 3.0 3.1 ბერძნიშვილი, მ., მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის : II მასალები ბიოგრაფიული ლექსიკონისათვის (ა–ე), თბ., 1980. — გვ. 232–233.