გიორგი-მალაქია აბაშიძე

(გადამისამართდა გვერდიდან გიორგი V (იმერეთის მეფე))
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბაშიძე.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გიორგი V.

გიორგი-მალაქია პაატას ძე აბაშიძე, იგივე გიორგი V (გ. 15 ოქტომბერი, 1722) — XVII–XVIII საუკუნეების იმერეთის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე, იმერეთის ფაქტობრივი მეფე (უზურპატორი) 1701 –1707 წლებში.

ბიოგრაფია

რედაქტირება

პირველად იხსენიება 1658—1676 „საფიცის წიგნში“. აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობის დაწყებამდე ბერად იყო აღკვეცილი. დაახლოებით 1684 წელს მისი ძმის პაატას გარდაცვალების შემდეგ მალაქიამ ბერობას თავი დაანება და გიორგიდ იწოდა. 1685 წელს შეირთო კაცია ჩიქოვანის და, ნაცოლარი გიორგი გურიელისა. მანამდე სხვა ცოლიც ჰყოლია, რომლისგანაც ჰყავდა ქალიშვილი - ელენე. ელენე შემდგომში მიათხოვა მამია გურიელს. იმავე წელს, გიორგი აბაშიძის მეორე ქალიშვილი 10 წლის თამარი შეირთო იმერთა მეფე ალექსანდრემ. პოლიტიკური მოსაზრებებით დაუმოყვრდა იმერეთის ძლიერ ფეოდალებს, მთავართა და სამეფო ოჯახებს. შემდეგ ისარგებლა შინაფეოდალური ომების შედეგად სამეფო ხელისუფლების დასუსტებით და საგვარეულო სამფლობელოების გაფართოებას შეუდგა: ხელთ იგდო თავად ჩხეიძეთა ციხე-ქალაქი შორაპანი, მიითვისა მეფის სახასო მამულები ზემო იმერეთში, აგიაშვილებს წაართვა ციხისთავობა და ცუცხვათის ციხე. 1701-1707 წლებში იმერეთის ფაქტობრივი მმართველი გახდა. სამეფოში ერთგვარი წესრიგი დამყარდა და ოსმალეთსაც ხარკი შეუწყვიტეს. აბაშიძე კულტურულ-სააღმშენებლო მოღვაწეობასაც ეწეოდა. მისი განკარგულებითა და „საფასით“ გადაიწერა მრავალი ხელნაწერი, შეიმკო და მოიჭედა არაერთი ხატი და ჯვარი. 1700 მიწელს სივე სახსრებით შეკეთდა პატრიარქ აბრაჰამის მონასტერი იერუსალიმში. იმერეთის თავადებს არ მოსწონდათ აბაშიძის გაძლიერება, მიემხრნენ ოსმალთა გამეფებულ გიორგი VI-ს და აბაშიძეს საგვარეულო ციხესიმაგრეები წაართვეს. 1711 აბაშიძე ქართლის ჯანიშინს ვახტანგ VI-ს შეეკედლა და სიცოცხლის ბოლო წლები თბილისში გაატარა. დაკრძალულია კაცხში, მამა-პაპათა საგვარეულო მონასტერში.

ლიტერატურა

რედაქტირება