ლევანი (იმერეთის მეფე)
ლევანი (გ. 1590) — იმერეთის მეფე 1583-1590, გიორგი II-ის ძე. მცირეწლოვან მეფეს ტახტს ეცილებოდა ბიძამისი კონსტანტინე ბატონიშვილი. ლევანი კონსტანტინეს წინააღმდეგ დაუკავშირდა ოდიშის მთავარს მამია IV დადიანს. ამ კავშირის განსამტკიცებლად მან ცოლად შეირთო მამიას და მარეხი. 1587 წელს ლევანმა დადიანის დახმარებით ზემო იმერეთში ილაშქრა, დაამარცხა კონსტანტინე და მას დაპყრობილი ტერიტორიები ჩამოართვა. ლევანი მალე მოურიგდა ბატონიშვილს და საუფლისწულო გამოუყო იმერეთში. შემდეგში ქართლის მეფე სიმონ I შეეცადა ესარგებლა დასავლეთ საქართველოში დაწყებული შინაომებით და დააპირა მისი შემოერთება ან იქ თავისი გავლენის განმტკიცება. სიმონს მხარს უჭერდნენ ზემო იმერეთის თავადებიც. სიმონმა 1588 წელს იმერეთში ილაშქრა. ლევანმა დახმარება სთხოვა დადიანსა და გურიელს, მაგრამ ისინი მეფეს არ მიეშველნენ. გოფანთოს ბრძოლაში ლევანი დამარცხდა და ლეჩხუმში გაიქცა. სიმონმა იმერეთი დაიპყრო და ქართლში დაბრუნდა, რადგან ქართლს ოსმალთაგან საფრთხე მოელოდა. შექმნილი ვითარებით ისარგებლა ლევანმა და იმერეთში თავისი ხელისუფლება აღადგინა. ამის შემდეგ მეფესა და მამია IV დადიანს შორის ურთიერთობა უფრო გამწვავდა. 1590 წელს ქუთაისში მომხდარ ბრძოლაში ლევანი ტყვედ ჩაუვარდა დადიანს, რომელმაც იგი შხეფის ციხეში გამოკეტა, სადაც მალე გარდაიცვალა.
ლევანი | |
---|---|
იმერეთის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 1583 |
მმართ. დასასრული: | 1590 |
წინამორბედი: | გიორგი II |
მემკვიდრე: | როსტომი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1574 |
გარდ. თარიღი: | 1590 |
გარდ. ადგილი: | სამეგრელო |
მეუღლე: | მარეხი, მამია IV დადიანის ასული |
დინასტია: | ბაგრატიონები |
მამა: | გიორგი II |
ხელმოწერა: | |
ლიტერატურა
რედაქტირება- სოსელია ო., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 157.
წინამორბედი: გიორგი II |
იმერეთის მეფე 1583 - 1590 |
შემდეგი: როსტომი |