დეხვირის ციხე — ციხესიმაგრე ლეჩხუმში, სოფელ დეხვირის მახლობლად (ახლანდელი ცაგერის მუნიციპალიტეტი). წერილობით წყაროებში პირველად იხსენიება XVII საუკუნის II ნახევარში.

ციხე იდგა მდინარე ცხენისწყლისა და ლაჯანურის წყალგამყოფ ქედზე და კონტროლს უწევდა ამ მდინარეთა ხეობების მნიშვნელოვან ნაწილს. XVI-XVIII საუკუნეებში დეხვირის ციხე ლეჩხუმთან ერთად იმერეთის სამეფოში შედიოდა და იმერეთის მეფეებს ეკუთვნოდა. XVIII საუკუნეში ლეჩხუმი და დეხვირის ციხე სამეგრელოს სამთავროს შემადგენლობაში შევიდა. 1802 წელს იმერეთის მეფე სოლომონ II-მ დაიკავა და შიგ 17 მეციხოვნე ჩააყენა, ხოლო რამდენიმე წლის შემდეგ იგი რუსეთის ხელისუფლებამ სამეგრელოს მთავარს დაუბრუნა. ამჟამად ციხის ნანგრევებიღაა შემორჩენილი. მისი გეგმა დასავლეთ საქართველოს სხვა მნიშვნელოვან ციხეებთან ერთად აღნიშნულია დასავლეთ საქართველოს 1737 წლის რუკაზე. გეგმის მიხედვით, იგი ორი სხვადასხვა ზომის ერთმანეთისაგან დაშორებული რამდენიმესართულიანი კოშკისაგან შედგებოდა და შემოსაზღვრული იყო მაღალი გალავნით. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობების მიხედვით დეხვირის ციხე შუა ფეოდალური ხანით შეიძლება დათარიღდეს.

2020 წლის 27 აგვისტოს საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია.[1]

ლიტერატურა

რედაქტირება