ცაგერის მუნიციპალიტეტი
ცაგერის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული[3] საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში. შეიქმნა 1930 წელს ლეჩხუმის მაზრის დაშლის შედეგად. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ცაგერი.
ადმინისტრაციული ერთეული | |||||
---|---|---|---|---|---|
ცაგერის მუნიციპალიტეტი | |||||
| |||||
ქვეყანა | საქართველო | ||||
მხარე | რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე | ||||
ადმ. ცენტრი | ცაგერი | ||||
კოორდინატები | 42°38′50″ ჩ. გ. 42°46′12″ ა. გ. / 42.64722° ჩ. გ. 42.77000° ა. გ. | ||||
ფართობი | 756 კვადრატული კილომეტრი | ||||
ოფიციალური ენა | ქართული ენა | ||||
მოსახლეობა | 10 387 კაცი (2014) | ||||
სიმჭიდროვე | 13,7 კაცი/კმ² | ||||
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 99,8 % რუსები 0,1 %[1] | ||||
სარწმუნოებრივი შემადგენლობა | მართლმადიდებლები 99,21 %[2] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+04:00 | ||||
ოფიციალური საიტი | https://tsageri.gov.ge/ | ||||
| |||||
გეოგრაფია
რედაქტირებადასავლეთით ესაზღვრება მარტვილის, ჩრდილოეთით ლენტეხის, აღმოსავლეთით ამბროლაურის, სამხრეთით წყალტუბოსა და ხონის მუნიციპალიტეტები. ფართობი 755,4 კმ².
რელიეფი
რედაქტირებამუნიციპალიტეტის ტერიტორია უჭირვს ცაგერის ქვაბულს, რომელსაც გარს აკრავს სხვადასხვა სიმაღლის მთები, ეგრისის ქედის აღმოსავლეთ ნაწილი — ცეკურის, საზამთროსა და საქერიას მასივები. მასივებს ახასიათებს ძველი მყინვარული ფორმებიანი ღრმად დანაწევრებული კლდოვანი რელიეფი. დასავლეთ მხარეზე აღმარღულია ასხის მასივის აღმოსავლეთ განშტოებები. მუნიციპალიტეტის სამხრეთ ნაწილში, რიონისა და ცხენისწყლის ხეობებს შორის, ნაქერალას ქედის სამხრეთ გაგრძლებაზე მდებარეობს ხვამლი. მისი სამხრეთ კალთა მაღალია და ქარაფოვანი. მდინარე რიონის გასწვრივ ვრცედება ერთმანეთისგან ღრმა ხეობებით გამოყოფილი დაბალი და საშუალო სიმაღლის მთები.
ვრცელი ცაგერის ქვაბული, რომელიც გადაკვეთილია მდინარე ცხენისწყლით, იწყება მურის კლდეკარიდან და გრძელდება სამხრეთით სარეწკელის კლდეკარამდე. ორივე კლდეკარი ჩაჭრილია მკვრივცარცულ კირქვებში. ქვაბულის განიერი (1,5-2 კმ.) მძლავრი ალუვიონით დაფარული ფსკერიდან მაღლდება გორაკ-ბორცვების და დაბალი მთების საშუალოდ დახრილი ტერასებიანი კალთები. სარეწკელას კლდეკარიდან სამხრეთით ცხენისწყლის ხეობაისევ განიერდება პორფირიტულ და ფერად წყებათა ქანებში და ქმნის ზუბის ქვაბულს. ცაგერის ქვაბული აღმოსავლეთით გამოყოფილია ორბელის ქვაბულისაგან შუა ლეჩხუმის სერით. მის აღმოსავლეთით ცარცულ კირქვებში მდინრე რიონი ქმნის ტვიშის კლდეკარს. კირქვული მასივებისთვის დამახასიათებელია მკვეთრი ეროზიული და კარსტული ფორმები, ქვაბულებისათვის მეწყრული მოვლენები. ცაგერის ქვაბული რაჭა-ლეჩხუმის სინკლინის დასავლეთი ნაწილია. აგებულია პალეოგენური და ნეოგენური მეერგელებით, ქვიშაქვებით, თიხებით და კონგლომერატებით. მათ თითქმის ყოველი მხრიდან აკრავს ცარცული ასაკის კირქვები და მერგელები. ტვიშის სამხრეთით გაშიშვლებულია შუაიურული, ჩრდილო-აღმოსავლეთში ბაიოსური და ქვედაიურული ნალექები. ცარცული კირქვები თითქმის ყველა მიმართულებით იცვლება უმთავრესად ბაიოსური პორფირიტული წყებით. სასარგებლო წიაღისეულია ფოსფორიტები და მინერალური წყლები მდინარე ლაჯანურის ხეობაში.
ცაგერის ქვაბულის ფსკერზე ალუვიური ნიადაგეია. მთის კალთებზე ჭარბობს ტყის ყომრალი და კორდიან-კარბონატული ნიადაგები. მაღალ მთებში მთის ტყის ზედა სარტყლის ღია და გაეწერბული ტყის ყომრალი, გარეთვე კორდიანი და კორდიან-ტორფიანი მთის მდელოს ნიადაგები. ციცაბო, კლდოვანი ადგილები სრულად მოკლებულია ნიადაგსაფარს.
ჰავა
რედაქტირებამუნიციპალიტეტი ეკუთვნის ზღვის სუბტროპიკული ტენიანი ჰავის ოლქს, სადაც სიმაღლის მიხედვით ჰაერის ტემპერატურა და ატმოსფერული ნალექები მკვეთრად იცვლება. დაბალ ნაწილში ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა 11,4 °C (იანვრის 0 °C, აგვისტოს 22 °C). ნალექები 1235 მმ წელიწადში. მაქსიმალური ოდენობა ნალექებისა მოდის შემოდგომაზე, მინიმუალური ზაფხულში. მთიან ნაწილში ჰაერის ტემპერატურა ეცემა, ნალექების რაოდენობა კი იზრდება და ყველაზე მაღალ ადგილებში 2000 მმ აღწევს.
შიგა წყლები
რედაქტირებამთავარი მდინარეებია რიონი და ცხენისწყალი. რიონის უდიდესი შენაკადია ჯონოულა, ცხენისწყლისა — ლაჯანურა. მდინრეები საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. ცხენისწყალი და რიონი ზემო დინებაში საზრდოობენ მყინვარების ნადნობი წყლითაც. მცირე მდინარეთა ნაწილს აქვს კარსტული რეჟიმი, ნაწილს სელური ხასიათი. მდინარეთა წყალდიდობა გაზაფხულზეა, წყალმოვარდნა — ზაფხულ-შემოდგომაზე.
ფლორა და ფაუნა
რედაქტირებამცენარეულობა ძირითადად სიმაღლებრივი ზონების სახითაა გავრცელებული. დაბალ ნაწილში არის კოლხური ტყე, რომლის ქვეტყეში ვხვდებით როგორც ფოთოლმცვივან, ისე მარადმწვანე ბუჩქებს. სამხრეთ ნაწილში არის წაბლნარის ნარჩენები. მთისწინეთში გაბატონებულია წიფლნარ-რცხლინარები, რომლლებიც ხშირი დასახლების და მიწის ათვისების გამო ძლიერ შემცირებულია. მთის კალთებზე შერეული და წიწვოვანი ტყეებია. ფოთლოვნებიდან ჭარბობს მუხნარ-რცხილნარი, წიფლნარი, ჯაგარცხილნარი; წიწვოვნებიდან — ნაძვი, სოჭი, ფიჭვი. ქვეტყეში ხშირია შქერი, წყავი, ბზა. წიფლნარებში შერეულია წაბლი, რცხილა, ცაცხვი, ნეკერჩხალი, იფანი და სხვა. ქვეტყეში არის იელი, მოცვი, ჭანჭყატი, თხილი, იმერული ხეჭრელი და სხვა. კირქვიან ადგილებზე წიფლნარ-მუხნარი, აგრეთვე მუხნარია. ეგრისისა და ლეჩხუმის ქედების კალთებზე წიწვოვან ტყეებს ზემოთ მოსდევს სუბალპური ტყეები და მდელოები. მცირე ფართობი უკავია ალპურ მდელოებს. საქერიას, ცეკურის და საზამთროს მასივები აღწევენ სუბნივალურ სარტყელამდე.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადრობს მთის ტყის ცხოველები: დათვი, მგელი, ტურა, მელა, შველი, კურდღელი, ზღარბი, თხუნელა. ფრინველებიდან ყვავი, ყორანი, ძერა, ტყის ქათამი, შაშვი, ტოროლა და სხვა. ქვეწარმავლებიდან ხვლიკები, გველები და სხვა. მდინარეებში ბევრია თევზი.
პოლიტიკა
რედაქტირებასაკრებულო
რედაქტირებაპარტია | 2017[4] | 2021[5] | ამჟამინდელი საკრებულო | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ქართული ოცნება | 24 | 19 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
საქართველოსთვის | 4 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ახალი | 3[ა] | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ნაციონალური მოძრაობა | 1 | 1 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ლელო | 1 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სტრატეგია აღმაშენებელი | 1 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ლეიბორისტული პარტია | 1 | 1 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ევროპული საქართველო | 3 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
პატრიოტთა ალიანსი | 1 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
თავისუფალი საქართველო | 1 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სულ | 31 | 30 |
მოსახლეობა
რედაქტირებამუნიციპალიტეტში შედის 1 ქალაქი და 58 სოფელი. მუნიციპალიტეტში ურბანიზაციის დონე დაბალია. 1987 წლის მონაცემებით სოფლის მოსახლეობა შეადგენდა რაიონის მთელი მოსახლეობის 90 %-ს. 2014 წლის აღწერით სოფლებში მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 87,3 % ცხოვრობს. განსახლების ძირითადი ზონაა ცაგერის ქვაბული და მიმდებარე მთების კალთები ზღვის დონიდან 500-600 მ-ის ფარგლებში.
აღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
1989 | 17 166 |
2002 | 16 558 |
2014 | 10 387 |
2021[7] | 8 500 |
ეკონომიკა
რედაქტირებამუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არის ლაჯანურის ჰიდროელექტროსადგური. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის ქუთაისი-ცაგერი-ლენტეხის და ონი-ცაგერის საავტომობილო გზები. ადგილობრივი გზების სიგრძეა 186 კმ.
ღირსშესანიშნაობანი
რედაქტირებამუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემორჩენილი ისტორიული ძეგლებია ცხეთის ეკლესია, თაბორის, ლაბეჭინის წმინდა გიორგის ეკლესიები, ზუბის, გვესოს, ზოგიშის ციხეები. ცაგერში შემორჩენილია შუა საუკუნეების საკათედრო ტაძარი.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რამდენიმე მუზეუმია: ცაგერში მოქმედებს მხარეთმცოდნეობის, ბარდნალაში ლადო ასათიანის, სპათაგორაში მარშალ ა. გელოვანის სახლ-მუზეუმები.
ლიტერატურა
რედაქტირება- დევდარიანი, გ. უკლება, მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 183-184.
შენიშვნები
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Ethnic composition of Georgia 2014
- ↑ georgia-religion2014
- ↑ საჯარო სამართლის ეროვნული სააგენტო, მუნიციპალიტეტების რეესტრი — ცაგერის მუნიციპალიტეტი (ს/ნ. 242574460; რეგ. თარიღი — 29 ნოემბერი, 2016)
- ↑ პროტოკოლით არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მერები 2017 გვ. 51-53. ცესკო. ციტირების თარიღი: 2022-07-14[მკვდარი ბმული]
- ↑ პროტოკოლით არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მერები 2021 გვ. 63-65. ცესკო. ციტირების თარიღი: 2022-07-14[მკვდარი ბმული]
- ↑ ხობის და ცაგერის ენმ-ის ფრაქციები გაუქმდა – დეპუტატები პარტია ახალს შეუერთდნენ (2024-03-29). ციტირების თარიღი: 2024-06-19
- ↑ მოსახლეობის რიცხოვნობა რეგიონების და თვითმმართველი ერთეულების მიხედვით (XLS). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (1 იანვარი, 2021). ციტირების თარიღი: 2021-11-11.