როსტომ ნიჟარაძე

როსტომ ნიჟარაძე (გ. დაახლ. 1811) — იმერეთის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე, სოლომონ II-ის ერთგული კარისკაცი.

1801 წელს ქილიფთართუხუცესად ჩანს, 1802 წელს — მოურავად. 1800-1803 წლებში ქუთაისში გამართული იმერეთის პირველი სტამბის ზედამხედველი (ასეა მოხსენიებული ნიჟარაძე 1800-1801 წლებში ქუთაისში დაბეჭდილ „ფსალმუნში“). დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა სახლთხუცეს ზურაბ წერეთელთან. სოლომონის დავალებით ლეჩხუმის საკითხზე მოლაპარაკებები ჰქონდა დადიანთან. 1801 წლის ზაფხულში სოლომონ მეფის დავალებით ნიჟარაძე საგანგებო მისიით იმყოფებოდა თბილისში და აცნობა ახალდამკვიდრებულ რუსულ მთავრობას, რომ იმერეთის მეფე მზად იყო იმპერიის ქვეშევრდომობაში შესულიყო იმ პირობით, თუ ქართლ-კახეთის ტახტზე იულონს ბატონიშვილს აიყვანდნენ. ნიჟარაძე ბოლომდე სოლომონის ერთგული დარჩა და 1810 წელს რუსეთის მიერ იმერეთის სამეფოს დაპყრობის შემდეგ ლტოლვილ მეფეს ოსმალეთში გაჰყვა. 1811 წელს სოლომონ II-ის დავალებით როსტომი დაუკავშირდა ოსმალეთში საფრანგეთის საელჩოს თანამშრომელ უტრეს და ჩააბარა მას წერილი ნაპოლეონისათვის გადასაცემად, რომლითაც რუსეთის ხელისუფლებისაგან დევნილი იმერეთის მეფე იმპერატორს დახმარებას სთხოვდა. იმავე წელს ნიჟარაძე „ჟამით“ დაავადდა ტრაპიზონში. სავარაუდოდ იქვე გარდაიცვალა.

ლიტერატურარედაქტირება