სუჯუნის წმინდა გიორგის ეკლესია

სუჯუნის წმინდა გიორგის ეკლესიაXVII საუკუნის მიწურულისა და XIX საუკუნის დასაწყისში აგებული სამნავიანი, გუმბათოვანი წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, სოფელ სუჯუნაში. ოთხი კილომეტრით არის დაშორებული სადგურ აბაშიდან. მოქმედებს დედათა მონასტერი. აშენებულია ანტონ ცაგარელ-ჭყონდიდელის მიერ 1796 წელს. აშენებულია ლამაზი, თეთრი თლილი ქვით. ეკლესიის სამხრეთით დგას ასეთივე ქვით ნაშენი ორსართულიანი მაღალი სამრეკლო. XX საუკუნის დასაწყისში, ექვთიმე თაყაიშვილის ცნობით, ეკლესიის დასავლეთით იდგა პატარა, ხის უბრალო ეკლესია, ხოლო ეკლესიის ეზოში გაშენებული იყო უზარმაზარი ცაცხვისა და ჭადრის ხეები.

ისტორია რედაქტირება

სუჯუნა ჭყონდიდელების საზამთრო სადგური იყო და მას მარტვილის შემდეგ პირველი ადგილი ეჭირა. ეკლესიას ჰყავდა მრავალი ყმა და შემოსავალიც დიდი ჰქონდა.

სუჯუნის ეკლესიაში დაცული ყოფილა ძვირფასი ხატ-ჯვრები. აქ ესვენა სასწაულმოქმედი სუჯუნის წმ. გიორგის ხატი, რომლის ხატობა იმართებოდა 23 აპრილს (ახ. სტილით 6 მაისი).

სუჯუნაში ღვთისმსახურება აღდგა 1989 წლიდან: აკურთხეს მღვდელი, შეიძინეს საღვთისმსახურო ნივთები , წიგნები, ხატები, მოაწყეს საკურთხეველი და აკურთხეს ტრაპეზი. პირველი პარაკლისი გიორგობა დღეს. 6 მაისს ჩატარდა. ამჟამად მოქმედებს დედათა მონასტერი.

დაცული სიწმინდეები რედაქტირება

სუჯუნაში ინახება წმინდა გიორგის ნაწილები. ეკლესიაში დაბრძანებულია, ტიხვინის ღვთისმშობლის ხატი (სავარაუდოდ. XVII-XIX საუკუნის ჭედური ხელობა).

1914 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა აღწერა სუჯუნის წმინდა გიორგის ეკლესიის სიწმინდეები. მის დროს იქ იყო დაცული:

  1. წმიდა გიორგის დიდი ხატი — (ზომები 67X46 სანტიმეტრი) ვერცხლის, ნაჭედი. ხატზე წმ. გიორგი წარმოდგენილია ფეხზედ მდგომარე, რომაულ სამხედრო ტანისამოსში. მარჯვენა ხელში გრძელი შუბი აქვს, მარცხენა უძევს ფარზე. თავის ირგვლივ ნიმბი აქვს, ნიმბს თავში უზის ლალის დიდი ქვა. ხატის აშია მემკობილია ყვავილების მსგავსი გრეხილებით და აშიებზე მედალიონებში წარმოდგენილია მახარობლები, მარცხნივ წმ. იოვანე, წმ. მარკოზ, წმ. მათე; ზემოთ — მთავარანგელოზი მიქაელი, ქვემოთ — დედა ღვთისა ჩვილით და ღვთისმშობლის მიძინება, მარჯვენაზე — სამი ანგელოზი. აშიები და მათზე წარმოდგენილი წმინდანები გვიანდელია და თაყაიშვილის დაკვირვებით, თვით ხატის მშვენიერ ხელობას არა ჰგავს. აქეთ - იქით თავისკენ სურათს ასომთავრულით აწერია "წ~ა გ-ი" და შემდეგ ბერძნული ასომთავრულით . თაყაიშვილის აზრით ხატი "ძრიელ ძველი უნდა იყოს".
  2. წმიდა გიორგის დიდი ხატი — (ზომები 48X34 სანტიმეტრი) ვერცხლის, ნაჭედი, ქართულის ხელობისა. სურათი გიორგისა ფეხზე მდგომარეა, რომაულ საომარ ტანისამოსით. მარჯვენა ხელში უჭირავს გრძელ ტარიანი შუბი. მარცხენა უძევს ფარზედ. ხატის შუა ნაწილი ძველია, ხოლო აშია გვიანდელია - ლევან დადიანის გაკეთებული XVII საუკუნეში, როგორც მხედრული წარწერიდან ვიგებთ. ხატზე დაცულია ასევე ძველი ხუცური წარწერაც - "წ~ი გ~ი", და შემდეგ ფარზე ლამაზი ასომთავრულით: "ქრისტე შეიწყალე იოანე ცაიშელი ფოლაგისძე"
  3. წმიდა გიორგის ხატი — (ზომები 26X22 სანტიმეტრი) ვერცხლისა, ნაჭედი. წმიდა გიორგი ცხენით არის წარმოდგენილი და გმირავს ვეშაპს. აშია ყვავილებით არის შემკობილი. ხატი ქართული ხელობის არის, მაგრამ ეკუთვნის არა უადრეს XVIII საუკუნეს. ზემოთ ასომთავრული წარწერა აქვს: „სუჯუნის წმიდაო გიორგი, შეიწყალე და გაუმარჯვე ბატონს გიორგის რომელმან მოვაჭე [დინე] ხატი შენი, ამინ".
  4. წმიდა გიორგის ხატი — (ზომები 28,5X 24 სანტიმეტრი) ნაჭედი, ქართულის ხელობის, დაზიანებული. წმიდა გიორგი ფეხზედ დგას. მარჯვენა ხელში უჭირავს შუბი, მარცხენა მახვილზე უძევს. მარცხენა მკლავზე მოგდებული აქვს თასმით ფარი. მახვილის ტარის თავი ფრინველის თავის გამოხატულებას წარმოადგენს. ხატი შემკობილია ყვავილების მსგავსი ჩუქურთმებით. ზემოთ უწერია ასომთავრულით: "წ~ი გ~ი". ზურგზე, ვერცხლის ფიცარზე მხედრული წარწერებია.
  5. წმიდა გიორგის დიდი ხატი — ვერცხლის, ნაჭედი, ქართულის ხელობის. ზემოთ უზის ერთი თვალი. წმიდა გიორგი ცხენით არის წარმოდგენილი, შუბით გმირავს ვეშაპს. წარწერა ხუცური „წ~ გ~ი". აშიებზე ბალახის მსგავსი გრეხილებია, ლამაზი, გრეხილებში ანგელოზები ჩანან, ქვემოთ აშია და ნაწილი მარჯვენა აშიისა დაზიანებულია, სრულად არ არის დაცული. აგრეთვე მხედრული წარწერაა ქვემოთ აშიაზე: "ქ. ღ თ დადადიანის ძე ბატონი ჭყონდიდელ მ(იტროპო)ლიტი გრიგოლის ბრძანებით შევამკეთ ხ(ატი ესე მე) ხოშტარია თევდორემა ვინც წაიკი(თხოთ) (შენდობა ბრძანეთ)". ხატს ძეწკვი აქვს.
  6. წმიდა გიორგის ხატი — (ზომები 29X23,5 სანტიმეტრი). წმიდა გიორგი ზის თეთრ ცხენზე და გმირავს ვეშაპს, თავზე ანგელოზი გვირგვინს ადგამს. წინ მეფის ასული დგას და უცქერის. ზემოთ ტაძარი მოჩანს. აშია ხატისა ვერცხლისაა, მოჭედილი, ბაბილოვანი ჩუქურთმებით შემკობილი. ხატს ასომთავრულად აწერია: "წ~ი გ~ი“.
  7. სანაწილე ოქროსი ჯვარის სახით, 10X10 სანტიმეტრი, შემკობილი ძვირფასი ქვებით. სანაწილეში დევს ოქროს პატარა, ძალიან ლამაზი ჯვარი, ოქროს მავთულებისაგან შემდგარი, მარგალიტებით შემკობილი.
  8. ვერცხლის ბარძიმი — ქვემოთ მხედრული წარწერა აქვს XIX საუკუნის ხელით.
  9. ვერცხლის ფეშხუმი, ოქროთ დაფერილი, ისეთივე წარწერით როგორც მოიპოვება ზემოთ მოხსენიებულ ბარძიმზე.
  10. ჯვარი უბრალო, ვერცხლისა, რუსული ხელობის, მხედრული წარწერით.
  11. ფარჩის დაფარნა — აბრეშუმის ძაფით ნაკერი, რომელზედაც გამოხატულია იესო ქრისტე და ქერუბიმები. შემკობილია წვრილი მარგალიტებით. ირგვლივ ძნელად გასარჩევი გრეხილიანი ასომთავრულით ამოქარგულია უქარაგმოდ: "ქ. დაფარნა ცანი შვენიერებამან მისმან. ხოლო სიწმინდითა მისითა აღივსო ყოველი ქვეყანა".
  12. პერექელი — ასეთივე ხელობის , შუაში იესო ქრისტეს სურათით და ფრთებზე ქერუბიმ-სერაფიმებით.
  13. მეტაფრასი ხუცური, ორ სვეტად გადაწერილი
  14. წმიდისა გიორგის რკინის ოროლები ერთი დიდი და ერთი მცირე
  15. ბუკი სპილენძისა.
  16. იესო ქრისტეს თავი შესრულებული თაბაშირში, 24X19 სანტიმეტრი, ახალი ევროპული ხელობის.

დღეობა და ხალხური რიტუალები რედაქტირება

სუჯუნის წმ. გიორგის ხატის დღეობა (ხატობა) იმართებოდა 23 აპრილს (ახ. სტილით 6 მაისი), სადაც მლოცველი ღამეს ათევდნენ, კლავდნენ საკლავს , მუხლის მოყრით ეკლესიას გარშემო უვლიდნენ და სხვა. სუჯუნის წმ. გიორგი ითვლებოდა სულით ავადმყოფების მკურნალად. ისინი ხატობა დღეს იქ მიჰყავდათ და ალოცებდნენ. სუჯუნაში იცოდნენ ხატზე გადაცემაც. მაწყევარი დადგებოდა სუჯუნის წმ. გიორგის ხატის წინ, სანთლებს აანთებდა და შესთხოვდა მას გამოეჩინა ძალა და გაენადგურებინა მტერი და მავნებელი.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 617.
  • ბერიძე ვ. XVI-XVIII საუკუნეების ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრება. -თბ., 1994.- გვ. 204-2ო5. - სოფ.სუჯუნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ხუროთმოძღვრების, ფასადთა გაფორმების შესახებ.
  • ელიავა გ., ისტორიული ძეგლები და ადგილები: სუჯუნა// აბაშისა და ტეხურის ხეობების ისტორიული ღირსშესანიშნაობანი.-თბ., 1971. - გვ. 13-14.
  • დეკანოზი კონსტანტინე კაჭარავა სუჯუნის წმ. გიორგის ეკლესიის ისტორია: ისტორიული ალმანახი.-თბ., 2009. - მონოგრაფია. ტექსტს დართული აქვს მდიდარი საილუსტრაციო მასალა.
  • ნოდია ლ., "სუჯუნა", - გამ. "უნივერსალი", თბილისი, 2010 წ
  • თაყაიშვილი ე., „არხეოლოგიური მოგზაურობიდან სამეგრელოში“ // ძველი საქართველო, ტ. III, ტფილისი: ელექტრო მბეჭდავი სტამბა სპირიდონ ლოსაბერიძის, 1914. — გვ. 22-31.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება