აბას II
აბას II იგივე სულთან მუჰამად მირზა (დ. 1632 — გ. 26 ოქტომბერი, 1666) — ირანის შაჰი (1642-1666) სეფიანთა დინასტიისა. სეფი I-ისა და ანა ხანუმის ვაჟი, აბას I-ის შვილთაშვილი.
აბას II | |
---|---|
عباس دوم | |
სეფიანთა ირანის მე-7 შაჰი | |
მმართ. დასაწყისი: | 15 მაისი, 1642 |
მმართ. დასასრული: | 26 ოქტომბერი, 1666 |
წინამორბედი: | სეფი I |
მემკვიდრე: | სულეიმან I |
რეგენტი: |
სარუ თაქი (1642 – 1645) ანა ხანუმი (1645 – 1647) |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1632 |
გარდ. თარიღი: | 1666 |
შვილები: |
სულეიმან I ჰამზა მირზა ისმაილ მირზა ალი ნაქი მირზა |
სრული სახელი: | სულთან მუჰამად მირზა |
დინასტია: | სეფიანები |
მამა: | სეფი I |
დედა: | ანა ხანუმი |
რელიგია: | შიიტური ისლამი) |
ტახტზე ასვლა მამის გარდაცვალების შემდეგ, 10 წლის ასაკში მოუწია. მისი მმართველობის პირველ წლებში ირანს ფაქტობრივად განაგებდნენ დედამისი- წარმოშობით ქართველი ანა ხანუმი, ბებიამისი- ქართველი დილარამ ხანუმი და დიდი ვეზირი - მირზა მუჰამად სარუ თაქი, თავად კი ყაზვინში ცხოვრობდა და სწავლობდა ხელოვნებას, პოეზიას, ლიტერატურას, სხვადასხვა ენებს.1645 წელს სარუ თაქი ამბოხებულმა სპარსელებმა სიცოცხლეს გამოასალმეს, ხოლო 1647 წელს ანა ხანუმი მოულოდნელად გარდაიცვალა. სახელმწიფო მართვის სადავეები 15 წლის აბასმა აიღო ხელში.
აბას მეორის დროს სეფიანთა ირანმა წარმატებული ლაშქრობები აწარმოა ავღანეთსა და უზბეკეთში. ის ითვლება შაჰ-აბასის ყველაზე ძლიერ მემკვიდრედ და სეფიანთა ერთ-ერთ გამორჩეულ წარმომადგენლად. 1649 წელს დიდ მოგოლთაგან დაიბრუნა ყანდაარი. 1653 წელს მოგოლებმა აურანგზების სარდლობით სცადეს ქალაქის დაბრუნება, თუმცა აბასის სწორი სტრატეგიის წყალობით სპარსელებმა მოახერხეს მისი შენარჩუნება. შაჰმა ამ გამარჯვების აღსანიშნავად ისპაჰანში ააშენა ჩეჰელ სოთუნის სასახლე, რომელიც დღეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ერთ-ერთი ძეგლია.
შაჰ-აბას II-ის დროს სეფიანთა იმპერია ეკონომიკურად გაძლიერდა. ირანში ვითარდებოდა სავაჭრო და დიპლომატიური კონტაქტები ევროპასთან, საგარეო ვაჭრობაში პირველი ადგილი ჰოლანდიელებს ეჭირათ, რომლებმაც მიიღეს ქვეყნიდან აბრეშუმის უბაჟოდ გატანის უფლება. დაარსდა ფრანგული სავაჭრო სახლები ისპაჰანსა და ბანდარ აბასში. იმდროინდელი ევროპელი მოგზაურები ირანის ქალაქების კეთილდღეობასა და გზების უსაფრთხოებას. შაჰმა ხელი შეუწყო რუსეთსა და ევროპის ქვეყნებთან ირანის სავაჭრო ურთიერთობის განვითარებას. ცდილობდა განეხორციელებინა აბას I-ის დამპყრობლური გეგმები კახეთის მიმართ, რამაც გამოიწვია სახალხო აჯანყება კახეთში (კახეთის აჯანყება 1659).
აბას II-ის დროს ირანის პოლიტიკური და კულტურულ სარბიელზე მრავალი ქართველი მოღვაწეობდა: სპასალარი როსტომ-ხან სააკაძე, მარვის მმართველი ასლან-ხანი, დერუნის ოლქის (ხორასანი) მმართველი ქაიხოსრო-ხანი (როსტომ-ხან სააკაძის დისშვილი), ადამ ანდრონიკაშვილი, ისპაანის ტარუღა ხოსრო-მირზა (1618-1632; 1632-1658 წწ.), ტარუღას ნაიბები: ფარსადან გორგიჯანიძე, პაატა-ბეგ გურჯი და სხვ.
აბას II გარდაიცვალა 1666 წელს. მის შემდეგ შაჰის ტიტული მიიღო მისმა უფროსმა ვაჟმა, სულეიმან I-მა. აბასის ვაჟები 1668 წელს გამოკეტეს ჰარამხანაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ფუთურიძე ვ., ქართველი მოღვაწენი ირანის კულტურულ ასპარეზზე, «ანალები», 1947, ტ. 1;
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 14.
- კაციტაძე დ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 15.