ფარსადან გორგიჯანიძე
ფარსადან გორგიჯანიძე (გიორგიჯანიძე; დ. 1626 — გ. 1696 ახლო ხანა) — ქართველი ისტორიკოსი.
ფარსადან გორგიჯანიძე (გიორგიჯანიძე) | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1626 |
გარდაცვალების თარიღი | 1696 |
პროფესია | ქართველი ისტორიკოსი; მოურავი |
ბიოგრაფია
რედაქტირებააღიზარდა ქართლის მეფე როსტომის კარზე. ახალგაზრდობაში რამდენიმეჯერ გაგზავნეს ირანში (ყაზვინი, გილანი) სხვადასხვა დავალებით. 1656 წელს როსტომმა, რომელიც შაჰის მიერ ისპაანის ტარუღად (მოურავად) იყო დანიშნული, გორგიჯანიძე თავის ნაცვლად გაგზავნა ირანის დედაქალაქში. შაჰმა მხოლოდ გამაჰმადიანების შემდეგ დართო ნება გორგიჯანიძეს, შესდგომოდა ისპაანის მოურავის მოვალეობის შესრულებას. მალე ეშიკაღასბაშის (საპოლიციო უწყების უფროსი) თანამდებობაზე გაამწესეს. 40 წლის განმავლობაში იმყოფებოდა იგი აბას II-ისა და სულეიმანის კარის სამსახურში და არაერთი განსაცდელი გადაიტანა.
ცნობილია გორგიჯანიძის თხზულება „საქართველოს ისტორია“, რომელიც მას 1696 წელს დაუმთავრებია. მასში აღწერილია საქართველოს ისტორია გაქრისტიანების დროიდან XVII საუკუნის მიწურულამდე. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს XVI-XVII საუკუნეების ისტორიის მომცველ ნაწილს, როგორც პირველხარისხოვან წყაროს. ნაშრომი უფრო ადრინდელი პერიოდის ამბების გადმოცემაშიც ბევრგან აზუსტებს და ავსებს ქართულ წყაროებს („ისტორიანი და აზმანი...“, „ჟამთააღმწერელი“) და, ამდენად, მნიშვნელობა ენიჭება „ქართლის ცხოვრების“ მეცნიერული ტექსტის დადგენისთვისაც. გარდა ქართულისა, გორგიჯანიძე სარგებლობდა სპარსული და სომხური წყაროებით. განსაკუთრებით უხვად იყენებდა სპარსელი ისტორიკოსის ისქანდერ მუნშის ნაშრომს.
გორგიჯანიძეს კარგად აქვს დანახული მისი დროის ირანის, საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების ფეოდალური საზოგადოების მანკიერი მხარეები, ცდილობს ისტორიული მოვლენათა მიზეზების ახსნას და ხშირად სწორ დასკვნებს იძლევა. გორგიჯანიძის თხზულება მნიშვნელოვან ცნობებს შეიცავს ირანის, ოსმალეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ისტორიისათვის. გორგიჯანიძე სუსტად ფლობდა ლიტერატურულ ქართულ ენას, წერდა ხალხური კილოთი. მისი ენა სპარსულის ძლიერ გავლენას განიცდის. გორგიჯანიძეს ეკუთვნის აგრეთვე „ჯამი-აბასის“ (მუსლიმანთა სამართლის წიგნი) ქართული თარგმანი და სხვა. ჩვენამდე მოუღწევია გორგიჯანიძის ქართულ-არაბულ-სპარსულ ლექსიკონს, იგი ერთ-ერთი უძველესი ქართულ-უცხოენოვანი ლექსიკონია.
ლიტერატურა
რედაქტირება- გვრიტიშვილი დ., ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან ტ. 3, თბ., 1968;
- კიკნაძე რ., ფარსადან გორგიჯანიძე და "ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი", თბ., 1975;
- საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973;
- ჯავახიშვილი ივ., ისტორიის მიზანი, წყაროები და და მეთოდები წინათ და ახლა, წგნ. 1 - ძველი ქართული საისტორიო მწერლობა, თბ., 1945;
- ჯანაშვილი მ., ფარსადან გორგიჯანიძე და მისნი შრომანი, ტფ., 1896;
- გუჩუა ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 223.
- კიკნაძე რ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 103-104.