აურანგზები იგივე ალამგირ I (დ. 3 ნოემბერი, 1618 — გ. 3 მარტი, 1707, აჰმადნაგარი) — დიდ მოგოლთა იმპერიის მე-6 იმპერატორი 1658-1707 წლებში, შაჰ-ჯაჰანის მესამე ძე, თემურიდების დინასტიის წარმომადგენელი. 1636-1644 წწ. და 1652-1657 წწ. იყო დეკანის გამგებელი. ტახტზე ავიდა მამამისის დამხობის შემდეგ, „ალამგირის“ („ქვეყნის მპყრობელის“) წოდებით

აურანგზები

აურანგზები კითხულობს ყურანს
დიდ მოგოლთა იმპერიის მე-6 იმპერატორი
კორონაცია: 13 ივნისი, 1659
მმართ. დასაწყისი: 31 ივლისი 1658
მმართ. დასასრული: 3 მარტი 1707
წინამორბედი: შაჰ-ჯაჰანი
მემკვიდრე: მუჰამად აზამ-შაჰი (დე-ფაქტო),
ბაჰადურ-შაჰ I
სხვა წოდებები: ინდოეთის დამპყრობელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 3 ნოემბერი 1618
დაბ. ადგილი: დაჰოდი, დიდ მოგოლთა იმპერია
გარდ. თარიღი: 3 მარტი 1707
გარდ. ადგილი: აჰმადნაგარი, დიდ მოგოლთა იმპერია
მეუღლე: დილრას ბანუ ბეგუმი
ნავაბ ბაი
აურანგაბადი მაჰალი
შვილები: მუჰამად სულთანი
ბაჰადურ-შაჰ I
მუჰამად აზამ-შაჰი
მუჰამად აქბარი
ქამ ბაქში
ზებ-უნ-ნისა ბეგუმი
ზინათ-უნ-ნისა ბეგუმი
ბადრ-უნ-ნისა ბეგუმი
ზუბნათ-უნ-ნისა
სრული სახელი: აბულ მუზაფარ მუჰი-უდ-დინ მუჰამადი
დინასტია: თემურიდები
მამა: შაჰ-ჯაჰანი
დედა: მუმთაზ მაჰალი
რელიგია: სუნიტური ისლამი

ადრეული წლები

რედაქტირება
 
პრინცი აურანგზები სპილოს წინაშე

აურანგზები დაიბადა 1618 წლის 3 ნოემბერს, ქ. დაჰოდში. 1626 წელს მამამისის, ხურამის უშედეგო აჯანყების შემდეგ მძევლად აიყვანა მისმა ბაბუამ, იმპერატორმა ჯაჰანგირმა. 1628 წელს ხურამი ავიდა ტახტზე შაჰ-ჯაჰანის სახელით და აურანგზებმა ცხოვრება გააგრძელა აგრაში. მამამისმა ის გამორჩეულ სპარსელ სწავლულებს მიაბარა. აურანგზები მალევე ნიჭიერ, ძლიერ და მორწმუნე მეომრად ჩამოყალიბდა.

1633 წელს, 15 წლის ასაკში მიიღო მონაწილეობა ლაშქრობაში, სადაც თავი გამოიჩინა სპილოს მოკვლით. 1636 წელს პირველად უსარდლა დიდ მოგოლთა არმიას. მისი მეთაურობით მოგოლებმა აჰმადნაგარი საბოლოოდ დაიმორჩილეს. 1636-1644 წლებში ჩაიბარა დეკანის პროვინცია, სადაც სასტიკად ჩაახშო რელიგიური ხასიათის აჯანყება. აქტიურად დაიწყო ისლამის გავრცელება მთელ ინდოეთში. 1646 წელს აუჯანყდა მამამისს, რის გამოც დაისაჯა და გამოკეტეს აგრას ციხეში. 3 წლის შემდეგ ტყვეობიდან გაათავისუფლეს და არმიის სარდლობა უბოძეს ახლადდაწყებული მოგოლ-სეფიანთა ომის დროს. მოგოლებმა ბრძოლა გააჩაღეს ქ. ყანდაარის დასაბრუნებლად. 1652 წელს აურანგზებმა შეუტია ყანდაარს, მაგრამ ვერ აიღო.

აურანგზების ავტორიტეტი დღითიდღე უფრო მყარდებოდა ქვეყანაში, რითიც ისარგებლა და 1658 წელს აუჯანყდა მოხუც მამას, ტახტიდან ჩამოაგდო ის, თაჯ მაჰალის გვერდით მდებარე ციხეში გამოკეტა და თავად, 40 წლის ასაკში გახდა იმპერატორი „ალამგირის“ („ქვეყნის მპყრობელის“) სახელით. მან მალევე დაიწყო ბრძოლა უფროსი ძმების წინააღმდეგ ტახტის მოცილეთა მოსაშორებლად.

მმართველობა

რედაქტირება
 
აურანგზები ნადირობის დროს (1690-1710 წლების ნახატი)
 
აურანგზები სარდლობს მოგოლებს სათარის ბრძოლის წინ (1680 წ.)

მმართველობის პირველი წლები ძმების წინააღმდეგ ბრძოლას შეალია. 1659-1662 წლებში დახოცა 3 ძმა და 9 ძმისშვილი, თუმცა გადაურჩა რამდენიმე ძმისშვილი, რომლებმაც თავი მარათჰებს შეაფარეს.

აურანგზების 49 წლიანი მმართველობის დროს დიდ მოგოლთა იმპერიამ თავის მაქსიმალურ საზღვრებს მიაღწია. სახელმწიფოს ტერიტორია იყო 4,000,000 კმ². აურანგზებმა დაახლოებით 40-მდე ლაშქრობაში მიიღო მონაწილეობა, დაიპყრო გოლკონდა, დეკანი, ბიჯაპური, დაიმორჩილა თითქმის მთლიანი ინდოსტანის ნახევარკუნძული. ის ცნობილი იყო სისასტიკითა და უმკაცრესი კანონებით. მის ბრძოლებს ინდოეთში დაახლოებით, 4 მილიონი ადამიანი შეეწირა.

 
ვარანასი, აურანგზების მეჩეთი

ომით გამოწვეული ხარჯების დასაფარავად გაზარდა გადასახადები, აღადგინა ჯიზია, ატარებდა მუსულმანური შეუწყნარებლობის პოლიტიკას. არბევდა ინდოელთა ტაძრებს, ახდენდა ინდოელი ვაჭრების ქონების კონფისკაციას, ძალით იერთებდა რაჯპუტ ფეოდალთა სამფლობელოებს, რასაც მოჰყვა მარატჰების (შივაჯის ხელმძღვანელობით), რაჯპუტების, სიქჰების აჯანყებები.

აურანგზების მეფობაში ინდოეთში დამკვიდრდნენ ევროპული სავაჭრო კომპანიები. მოწინავე ქვეყნები იყვნენ საფრანგეთი და ინგლისი, რომლებმაც სწორედ აურანგზების დროს მოიკიდეს ფეხი ინდოსტანის ნ.კ-ზე. კონტრაქტის თანახმად, მათი სავაჭრო შემოსავლის ნახევარი პირდაპირ დიდ მოგოლთა სახელმწიფო ხაზინაში მიდიოდა. ამისა და იმპერიის 24 პროვინციაზე დაკისრებული მძიმე გადასახადების წყალობით, აურანგზების შემოსავალი თანამედროვე სავალუტო კურსით, ყოველწლიურად, მიახლოებით 100,000,000 £-ს აღწევდა. ბევრი ისტორიკოსის ცნობით ის ყველაზე მდიდარი აზიელი მონარქი იყო.

აურანგზებს ჰქონდა დიპლომატიური და სავაჭრო ურთიერთობა ლუი XIV-სთან, სეფიანთა ირანის შაჰებთან, აბას II-სთან და სულეიმან I-თან, ასევე ოსმალეთის სულთნებთან.

სიცოცხლის უკანასკნელ წლებში აურანგზებს აუჯანყდნენ საკუთარი შვილები. 1707 წლის 3 მარტს, აჰმადნაგარში დეკანის აჯანყების ჩასახშობად მიმავალი აურანგზები, 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ფადიშაჰის სიკვდილის შემდეგ დიდ მოგოლთა იმპერია საგრძნობლად დაასუსტა მის ვაჟებს შორის გამართულმა დინასტიურმა ომმა. ტახტი დროებით მუჰამად აზამ-შაჰმა დაიკავა, მაგრამ მალევე მოკლა მისმა ძმამ და აურანგზების უფროსმა ვაჟმა, ბაჰადურ-შაჰ I-მა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება


წინამორბედი:
შაჰ-ჯაჰანი
დიდ მოგოლთა იმპერატორი
16581707
შემდეგი:
მუჰამად აზამ-შაჰი