ინგლისის სამეფო
ინგლისის სამეფო (ინგლ. Kingdom of England) — სუვერენული სახელმწიფო დიდი ბრიტანეთის კუნძულზე. დაარსდა მეათე საუკუნეში, რამდენიმე ანგლო-საქსური სამეფოს გაერთიანების შედეგად. 1707 წელს ინგლისის სამეფომ არსებობა შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ინგლისი და შოტლანდია გაერთიანდნენ და ჩამოაყალიბეს დიდი ბრიტანეთის სამეფო.
ინგლისის სამეფო Kingdom of England | ||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||
ინგლისის სამეფო 1700 წელს
| ||||||||||||||||||||||||||
დედაქალაქი | ვინჩესტერი, მე-12 საუკუნემდე ლონდონი, მე-12 საუკუნიდან 1707 წლამდე | |||||||||||||||||||||||||
ენები | ინგლისური ძველსკანდინავიური უელსური შუა საუკუნეების ლათინური ანგლო-ნორმანული | |||||||||||||||||||||||||
რელიგია | ქრისტიანობა | |||||||||||||||||||||||||
მთავრობა | აბსოლუტური მონარქია (მე-10 საუკუნიდან-1215 წლამდე) კონსტიტუციური მონარქია (1215-1707 | |||||||||||||||||||||||||
მეფე | ||||||||||||||||||||||||||
- | 927-939 (პირველი) | ათელსტანი | ||||||||||||||||||||||||
- | 1702-1707 (ბოლო) | ანა | ||||||||||||||||||||||||
ისტორია | ||||||||||||||||||||||||||
- | შეიქმნა | მე-10 საუკუნე | ||||||||||||||||||||||||
- | ჰასტინგის ბრძოლა | 14 ოქტომბერი 1066 | ||||||||||||||||||||||||
- | უელსის დაპყრობა | 1277-1283 | ||||||||||||||||||||||||
- | ჯეიმზ I-ის ტახტზე ასვლა | 24 მარტი 1603 | ||||||||||||||||||||||||
- | სახელოვანი რევოლუცია | 11 დეკემბერი 1688 | ||||||||||||||||||||||||
- | შოტლანდიასთან გაერთიანება | 1 მაისი 1707 | ||||||||||||||||||||||||
ფართობი | ||||||||||||||||||||||||||
- | 1283 | 145 000 კმ² (55 985 მლ²) | ||||||||||||||||||||||||
- | 1542 | 151 000 კმ² (58 301 მლ²) | ||||||||||||||||||||||||
მოსახლეობა | ||||||||||||||||||||||||||
- | 1283 წელი | 500 000 | ||||||||||||||||||||||||
სიმჭიდროვე | 3,4 /კმ² (8,9 /მლ²) | |||||||||||||||||||||||||
- | 1542 წელი | 3 000 000 | ||||||||||||||||||||||||
სიმჭიდროვე | 19,9 /კმ² (51,5 /მლ²) | |||||||||||||||||||||||||
- | 1707 წელი | 5 750 000 | ||||||||||||||||||||||||
სიმჭიდროვე | 38,1 /კმ² (98,6 /მლ²) | |||||||||||||||||||||||||
ვალუტა | გირვანქა სტერლინგი | |||||||||||||||||||||||||
|
მეათე საუკუნიდან მოყოლებული დაიწყო ანგლო-საქსური სამეფოების გაერთიანება ალფრედ დიდის მიერ (რომელიც ინგლისის პირველ მეფედაც მოიხსენიება). მისი საქმე დაასრულა მისმა შვილიშვილმა ათელსტანმა (927-939). მე-11 საუკუნეში ინგლისის მიწები გახდა კნუტ დიდის იმპერიის ნაწილი. 1066 წელს ნორმანთა მიერ ინგლისის დაპყრობას მოჰყვა დედაქალაქის გადატანა ანგლო-საქსური ვინჩესტერიდან ლონდონში, რომელიც მალევე გახდა ინგლისის უდიდესი და უმდიდრესი კომერციული ცენტრი.
ინგლისის ისტორია ნორმანეთა მიერ დაპყრობის შემდეგ დაყოფილია მისი მმართველი დინასტიების მიხედვით: ნორმანები 1066-1154, პლანტაგენეტები 1154-1485, ტიუდორები 1485-1603 და სტიუარტები 1603-1714 (გამონაკლისი 1649-1660, როდესაც ინგლისში კრომველის დიქტატურა იყო).
1066 წელს ინგლისი დაიპყრეს ნორმანებმა უილიამ დამპყრობელის მეთაურობით. მან სათავე დაუდო ნორმანთა დინასტიას. პლანტაგენეტების დინასტიიდან ინგლისის პირველი მეფე იყო ჰენრი II (მეფობდა 1154-1189)-ანჟუს გრაფი. რომელსაც ეკუთვნოდა მიწები საფრანგეთში. მის შემდეგ პლანტაგენეტ მეფეებს „ანჟუელი მეფეები“ ეწოდათ. პლანტაგენეტთა ორი შტო -ლანკასტერები და იორკები ერთმანეთს ვარდების ომში დაუპირისპირდნენ. საბოლოოდ ტიუდორებმა (ლანკასტერებმა) გაიმარჯვეს და ინგლისის სათავეში მოვიდნენ. ხოლო ტიუდორები შეცვალეს სტიუარტებმა.
ედუარდ I-ის მიერ უელსის დაპყრობის (1284) შემდეგ, უელსიც ინგლისის სამეფო გვირგვინის ქვეშ გაერთიანდა. ედუარდ III-მ (1327-1377) ინგლისი ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს სამეფოდ აქცია. 1340-იანი წლებიდან ინგლისის მეფეები ცდილობენ მოიპოვონ საფრანგეთის მეფის ტიტული. ისინი ფლობდნენ პლანტაგენეტთა კუთვნილ მიწებს საფრანგეთში და ცდილობდნენ მათ გაფართოებას. ამას მოჰყვა ასწლიანი ომი ინგლისსა და საფრანგეთს შორის. გარკვეული წარმატებების მიუხედავად ინგლისმა დაკარგა ყველა მიწა და მხოლოდ ნავსადგური კალე შეინარჩუნა საფრანგეთში. ვარდების ომის შემდეგ ინგლისის სათავეში ტიუდორები მოვიდნენ. მათ შეძლეს ინგლისის აღორძინება და ძლიერ სახელმწიფოდ გადაქცევა. მათ დროს მოხდა ინგლისის და უელსის საბოლოო გაერთიანება 1542 წელს. ჰენრი VII-მ გაატარა უამრავი რეფორმა. მის დროს მოხდა კონფლიქტი მას და რომის პაპს შორის. ამას მოჰყვა კათოლიკობის უარყოფა და ახალი ქრისტიანული მიმდევრობის ჩამყალიბება. მისი ქალიშვილის ელიზაბეტ I-ის დროს ინგლისი ევროპის წამყვან ძალად იქცა. გარკვეულწილად ელიზაბეტის მეფობამ ჩაუყარა საფუძველი შემდგომში ბრიტანეთის იმპერიის შექმნას.
1603 წელს ელიზაბეტი უმემკვიდროდ გარდაიცვალა, ამიტომაც ინგლისი ტახტზე მოიწვიეს ელიზაბეტის ახლო ნათესავი, შოტლანდიის მეფე ჯეიმზ VI (ინგლისში ჯეიმზ I) სტიუარტი. იგი ქვეყნებს ცალ-ცალკე მართავდა ანუ არ მომხდარა მათი გაერთიანება. სტიუარტთა მმართველობისას ინგლისში მოხდა სამოქალაქო ომი, მეფის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეთა შორის. ომი დამთავრდა ჩარლზ I-ის სიკვდილით დასჯით 1649 წელს. მონარქია აღდგა 1660 წელს, თუმცა სამოქალაქო ომმა გავლენა იქონია მასზე. ინგლისის მეფეს არ შეეძლო ემართა ქვეყანა პარლამენტის გარეშე. 1688 წელს მოხდა სახელოვანი რევოლუცია. ინგლისი გახდა კონსტიტუციური მონარქია. 1707 წლის 1 მაისს ინგლისის სამეფო და შოტლანდია გაერთიანდნენ და შეიქმნა დიდი ბრიტანეთის სამეფო.[1][2]
ისტორია
რედაქტირებაანგლო-საქსური ინგლისი
რედაქტირებაინგლისის სამეფო ჩამოყალიბდა ადრეული შუასაუკუნეების ანგლო-საქსური სამეფოებისგან, რომელთაც ჰეპტარქია ეწოდა: აღმოსავლეთ ინგლისი, მერსია, ნორთუმბრია, კენტი, ესექსი, სასექსი და ვესექსი. ვიკინგთა შემოსევებმა საჭირო გახადა ანგლო-საქსური სამეფოების გაერთიანება და ერთიანი ძალებით მათი დამარცხება. სამეფოების გაერთიანება დაიწყო მე-9 მე-10 საუკუნეების მიჯნაზე და საბოლოოდ დასრულდა ათელსტანის მიერ 927 წელს.
ჰეპტარქიის (შვიდმეფობა) დროს უძლიერესი სამეფო იყო მერსია. მისი დაკნინების შემდეგ კი ვესექსი. მან შეიერთა კენტის და სასექსის სამეფოები 825 წელს. უესექსის მეფე გახდა დომინანტი სხვა ინგლისის სამეფოებზე მე-9 საუკუნის დამდეგს. 886 წელს ალფრედ დიდმა აიღო ლონდონი და გააერთიანა ინგლისი. წლების შემდეგ ნორთუმბრია განუდგა ინგლისის მეფეს თუმცა იგი საბოლოოდ დაუქვემდებარდა ინგლისის სამეფოს, მაგრამ მისი ჩრდილოეთი ნაწილი შოტლანდიელებმა მიიტაცეს. ინგლისის გაერთიანებას დასჭირდა დაახლოებით ასი წელი.
ეთელრედის (978-1016) მეფობისას წამოვიდა ვიკინგთა ახალი ტალღა სვეინ I-ის, დანიის მეფის წინამძღოლობით. მეოთხედი საუკუნის განმავლობაში დანიელები იპყრობდნენ ახალ მიწებს ინგლისში, მაგრამ სვეინ 1014 წლის 2 თებერვალს გარდაიცვალა და ეთელრედმა დაიბრუნა სამეფო ტახტი. 1015 წელს, სვეინის ვაჟმა კნუტ დიდმა ახალი ძალები გადასხა ინგლისში. ომი დამთავრდა მეომარ მხარეთა შორის ზავის დადებით 1016 წელს. კნუტმა და ეთელრედის მემკვიდრემ, ედმუნდმა გაიყვეს ინგლისი, მაგრამ ედმუნდის სიკვდილის შემდეგ (30 ნოემბერი) ინგლისში დანიელები გაბატონდნენ. ეს გაგრძელდა 26 წელი, სანამ კნუტის ვაჟი-ჰერდეკნუდი არ გარდაიცვალა (1042 წლის ივნისი). ის იყო კნუტის და ემა ნორმანდიელის შვილი. იგი უმემკვიდროდ გარდაიცვალა და ტახტზე ავიდა ედუარდ აღმსარებელი. ინგლისი კიდევ ერთხელ გახდა დამოუკიდებელი.
ნორმანთა მიერ დაპყრობა
რედაქტირებამშვიდობა გაგრძელდა ედუარდის გარდაცვალებამდე (1066). ინგლისის მეფე გახდა ჰაროლდ II. მან 25 სექტემბერს დაამარცხა ნორვეგიელები სტემფორ ბრიჯთან და მოკლა ნორვეგიის უკანასკნელი ვიკინგი მეფე ჰარალდ ჰარდრადა. მაგრამ სამი დღის შემდეგ, 28 სექტემბერს ინგლისში შეიჭრა ნორმანდიის ჰერცოგი უილიამ დამპყრობელი. როდესაც ჰაროლდმა ეს შეიტყო იგი იორკში იყო თავისი არმიით. იგი გაემართა უილიამთან შესახვედრად. მათი არმიები ერთმანეთს შეებნენ ჰასტინგთან. ბრძოლაში ნორმანებმა გაიმარჯვეს. უილიამი ადრე როგორც ჩვეულებრივი ჰერცოგი ემორჩილებოდა საფრანგეთის მეფეს, ახლა კი იგი სრულიად დამოუკიდებელი ინგლისის ახალი მეფე გახდა. მისი კორონაცია შედგა 1066 წლის 25 დეკემბერს ვესტმინსტერის სააბატოში, ლონდონში.
ადრეული შუა საუკუნეების ინგლისი
რედაქტირება1092 წელს უილიამ II შეიჭრა სთრათქლაიდში, კელტურ სამეფოში, რომელიც ახლა არის სამხრეთი შოტლანდია. მან დაიპყრო კამბრია. 1124 წელს ჰენრი I-მა სამხრეთი შოტლანდია, რომელსაც ახლა ჰქვია ლოთიანი დაუთმო შოტლანდიის სამეფოს დაუთმო, მისი ერთგულების სანაცვლოდ. აკვიტანიის საჰერცოგო ინგლისთან გაერთიანდა მას შემდეგ, რაც ინგლისის მეფე ჰენრი II-მ და აკვიტანიის ჰერცოგინიამ ელეანორმა იქორწინეს. ნორმანდიის საჰერცოგოს მიწები საბოლოოდ დაკარგა ჯონ უმიწაწყლომ 1204 წელს საფრანგეთის სასარგებლოდ. საფრანგეთში მათ დარჩათ შანელის კუნძულები და აკვიტანია. ინგლისის მეფე რიჩარდ I (1189-1199) მონაწილეობდა მესამე ჯვაროსნულ ლაშქრობაში (1189-1192). მისი ძმის-ჯონ უმიწაწყლოს დროს მოხდა ბარონების და ლორდების აჯანყება, რომლის შედეგადაც ჯონმა ხელი მოაწერა თავისუფლების დიდ ქარტიას. 1215 წლის 15 ივნისს დაარსდა ინგლისის პარლამენტი.
ნორმანთა მიერ ინგლისის დაპყრობის შემდეგ მცირე ანგლო-საქსური სამეფოებიდან მხოლოდ უელსი დარჩა დამოუკიდებელი. მალე ნორმანდიელმა ლორდებმა დაიწყეს უელსზე თავდასხმები. მათ მოახერხეს მისი ნაწილის დაპყრობა, მაგრამ უელსის დიდი ნაწილი დამოუკიდებელი რჩებოდა. მრავალი წლის შემდეგ განახლდა შეტევა უელსის მიმართულებით, ინგლისელები უფრო და უფრო მეტ მიწებს იპყრობდნენ უელსში.
საბოლოოდ ედუარდ I-მა მოახერხა უელსის უკანასკნელი პრინცის, ლიველინ გრუფუდის დამარცხება და მისი სამეფოს დაპყრობა (1282). მან შემოიღო უელსის პრიცის ტიტული და უბოძა საკუთარ უფროს შვილს, მომავალში ედუარდ II-ს (1301). ედუარდმა დაიწყო ციხე-სიმაგრეების მშენებლობა უელსში რათა ხელი შეეშალა აჯანყებებისთვის და უელსის დამოუკიდებლობისთვის. უელსის დაპყრობით გაერთიანდა ის მიწები რომლებსაც რომის იმპერია ფლობდა ბრიტანეთის კუნძულზე.
გვიანი შუა საუკუნეების ინგლისი
რედაქტირებაედუარდ III იყო პირველი ინგლისის მეფე რომელმაც მიიღო საფრანგეთის ტახტი, მაგრამ მის გამეფებას საფრანგეთში ეწინააღმდეგებოდნენ ფრანგი ვალუების დინასტია. ამ დაპირისპირებამ გამოიწვია ასწლიანი ომი (1337-1453), რომელშიც ერთმანეთს ებრძოდა ხუთი ვალუა და ხუთი პლანტაგენეტი მეფე. ინგლისელებმა კარგი შეიარაღების და სტრატეგიის შედეგად ომის საწყის ეტაპზე წარმატებებს მიაღწიეს, მაგრამ ომის ბოლო წლებში საფრანგეთმა ინგლისი დაამარცხა ფორმინის (1450) და კასტილიონის (1453) ბრძოლებში. ომის შედეგად ინგლისმა დაკარგა ყველა პროვინცია საფრანგეთში, გარდა ნავსადგური კალე.
ასწლიანი ომის დამთავრებიდან 2 წელში დაიწყო ვარდების ომი (1455-1487). ამ ომში ერთმანეთს დაუპირისპირდა პლანტაგენეტების ორი შტო-ლანკასტერები (მათი სიმბოლო წითელი ვარდი იყო) და იორკები (მათი სიმბოლო თეთრი ვარდი იყო). საბოლოოდ ომში ლანკასტერებმა იმძლავრეს. ვარდების ომი ორ საგვარეულოს წევრების ქორწინებით დამთავრდა: ჰენრი VII ტიუდორმა (ლანკასტერთა ნათესავი) იქორწინა ელიზაბეტ იორკზე. ამ ქორწინების შემდეგ სათავე დაედო ტიუდორთა დინასტიას, რომელიც ინგლისს მართავდა 1485 წლიდან 1603 წლამდე.
ტიუდორების პერიოდი
რედაქტირებაუელსმა შეინარჩუნა ცალკე სამართლებრივი და ადმინისტრაციული სისტემა, რომელიც ედუარდ I-მა შემოიღო მე-13 საუკუნეში. უელსი გაიყო ინგლისელ მოსაზღვრე ლორდებს შორის, რომლებმაც ერთგულება შეჰფიცეს სამეფო ოჯახს და უელსს. ტიუდორთა მონარქიისას, ჰენრი VII-მ განაახლა უელსის კანონები. ამიერიდან უელსი საბოლოოდ შეუერთდა ინგლისის სამეფოს და წარმოდგენილი იყო ინგლისის პარლამენტში.
1530-იანი წლებიდან, ჰენრი VIII დაამხო კათოლიკური ეკლესიის ძალა ინგლისში, პაპს ჩამოართვა ინგლისის ეკლესიის მეთაურის წოდება და ეკლესიას ჩამოართვა კუთვნილი მიწები, რითაც ხელი შეუწყო მომავალში პროტესტანტული ქრისტიანობის გავრცელებას ინგლისში. პროტესტანტობა გავრცელდა ინგლისსა და შოტლანდიაში, რამაც დაუპირისპირა მათ უძლიერესი ევროპული კათოლიკური სამეფოები- ესპანეთი და საფრანგეთი.
1541 წელს, ჰენრი VIII-ის მეფობისას, ირლანდიის პარლამენტმა იგი ირლანდიის მეფედ გამოაცხადა და ამიერიდან ინგლისსა და ირლანდიას ერთი მეფე მართავდა.
კალე, უკანასკნელი დარჩენილი საყრდენი საფრანგეთში, დაიკარგა 1558 წელს მერი I-ის მეფობისას. მისი მემკვიდრის, ელისაბედ I-ის დროს პროტესტანტული ეკლესია გაძლიერდა, ასევე დაიწყო სამხედრო-საზღვაო ფლოტის შექმნა. 1588 წელს მან დაამარცხა ესპანური არმადა, რომლის მიზანი იყო ინგლისის დაპყრობა და იქ კათოლიკობის აღდგენა. ელისაბედ I-ის მმართველობის პერიოდში ინგლისის სამეფო მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა. მისი მმართველობის პერიოდი მიიჩნევა ინგლისის სამეფოს ოქროს ხანად.
ელისაბედს არ ჰყავდა მემკვიდრე, ამიტომ მისი გარდაცველებით (1603 წლის 24 მარტი) დასრულდა ტიუდორების დინასტია და ინგლისის სათავეში შოტლანდიის მეფე ჯეიმზ I (შოტლანდიაში ჯეიმზ VI) სრიუარტი მოვიდა. ამის მიუხედავად ინგლისი და შოტლანდია ცალ-ცალკე სახელმწიფოებად რჩებოდნენ საუკუნეზე დიდი ხნის განმავლობაში.
სამოქალაქო ომი და თანამეგობრობა
რედაქტირებასტიუარტმა მეფეებმა გადააჭარბეს საკუთარ ძალაუფლებას და ორჯერ იქნნენ დამხობილნი პარლამენტის მიერ 1645 და 1688 წელს. ჩარლზ I-მა შემოიღო ახალი საგადასახადო სისტემა და პარლამენტს დაუმორჩილებლობა გამოუცხადა. ამას მოჰყვა სამოქალაქო ომი, რომელიც მონარქიის გაუქმებით დამთავრდა. ქვეყანაში დამყარდა კრომველის მმართველობა. მონარქიის მომხრეები დამარცხდნენ და ბევრი მათგანი ქვეყნიდან გაიქცა. პარლამენტის მიერ მიღებული კანონებით ინგლისში უქმდებოდა მონარქია და ლორდთა პალატა. მონარქი ჩარლზი სიკვდილით დასაჯეს (1649). ამიერიდან ინგლისი იწოდებოდა როგორც თანამეგობრობა (1649-1660). იგი ებრძოდა შოტლანდიას და ირლანდიას, რომლებიც მალევე დაიმორჩილა. შეიქმნა ახალი მოდელის არმია. ძველი პარლამენტი დაითხოვეს და ახალი აირჩიეს (1653). შეიქმნა ახალი კონსტიტუცია, რომლის მიხადვითაც ქვეყანას მართავდა ლორდ პროტექტორი, რომელსაც შეეძლო საკუთარი მემკვიდრის დასახელება. პირველი ლორდ პროტექტორი გახდა ოლივერ კრომველი და მან მემკვიდრედ მისი შვილი რიჩარდი დაასახელა. რიჩარდმა ძალაუფლება მიიღო 1658 წლის 3 სექტემბერს, როდესაც ოლივერი გარდაიცვალა.
რესტავრაცია და სახელოვანი რევოლუცია
რედაქტირებარიჩარდი მამამისივით კარგი მმართველი არ გამოდგა. იგი მალევე გადადგა თანამდებობიდან. პარლამენტმა გადაწყვიტა აღედგინა მეფის ხელისუფლება. 1660 წელს ტახტზე მოიწვიეს ჩარლზ I-ის ვაჟი, ჩარლზ II სტიუარტი. 1685 წელს ჩარლზის სიკვდილის შემდგომ, ტახტზე მისი ძმა, ჯეიმზ II ავიდა. ტახტზე ასვლისთანავე, ჯეიმზ II-მ პარლამენტი დაშალა. ჯეიმზს სურდა, რომ კათოლიკობა კვლავ სახელმწიფო რელიგიად ქცეულიყო. ამ მიზნით მეფემ 1687 წელს გამოსცა „დეკლარაცია სჯულთშემწყნარებლობის შესახებ“. ამ დეკლარაციამ ოპოზიციონერების გაძლიერება გამოიწვია. 1688 წელს ინგლისში მოხდა სახელოვანი რევოლუცია. ტახტზე მოიწვიეს ჯეიმზის შვილის, მერის ქმარი უილიამ III ორანელი. უილიამისა და მერი II-ის ინგლისში ჩასვლის შემდეგ, ჯეიმზ II ქვეყნიდან გაიქცა.
შოტლანდიასთან გაერთიანება
რედაქტირება1702 წელს გარდაიცვალა უილიამ ორანელი. მას მემკვიდრე არ ჰყავდა და ამიტომაც ტახტზე ავიდა მერის და — ანა, ბოლო სტიუარტი მეფე. იგი ამავდროულად შოტლანდიის მეფეც იყო. ეს წლების განმავლობაში იწვევდა სირთულეებს ქვეყნების მართვაში. ამან განაპირობა ორი ქვეყნის გაერთიანეის აუცილებლობა. 1707 წლის 1 მაისს უნიის აქტით ინგლისი და შოტლანდია გაერთიანდნენ. ახალ სამეფოს დიდი ბრიტანეთი ეწოდა. მისი პირველი მეფე იყო ანა. ინგლისის პარლამენტში შოტლანდიელებიც შევიდნენ. გაერთიანდა მათი ბევრი უწყება. 1801 წელს დიდ ბრიტანეთს შეუერთდა ირლანდია და შეიქმნა დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო. 1922 წელს ირლანდია გამოეყო გაერთიანებულ სამეფოს. ბრიტანეთის შემადგენლობაში დარჩა ჩრდილოეთ ირლანდიის 6 საგრაფო და ქვეყანას ეწოდა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო.
არქიტექტურა
რედაქტირებაანგლო-საქსური არქიტექტურა
რედაქტირებაანგლო-საქსური არქიტექტურა წარმოდგენილია მხოლოდ ეკლესიების და საფორტიფიკაციო ნაგებობების სახით. ისინი ძირითადად ნაშენია ქვით. პირველი მაგალითები VII საუკუნეში გვხვდება, მაგრამ მათი უმრავლესობა X-XI საუკუნეშია აშენებული. მიუხედავად სისტემატიური განადგურებებისა და ნორმანთა მიერ მათი სხვა სტილით ჩანაცვლებისა, მათი უმრავლესობა დღემდეა მოღწეული.
ძირითადი საშენი მასალაა გათლილი ქვა და ხშირად რომანული აგური. ანგლო-საქსური ეკლესიები მაღალია და ვიწრო, უმეტეს შემთხვევაში სამნავიანი და ახლავს დასავლეთის კოშკი. ეკლესიებს ხშირად აქვთ ჯვრის ფორმა, მათი ფანჯრები ვიწროა და მომრგვალებული ან სამკუთხა. ინტერიერში გვხვდება სვეტები.
ნორმანული არქიტექტურა
რედაქტირებაXI საუკუნეში ნორმანებმა ინგლისში შეიტანეს რომანული სტილის არქიტექტურა. 1066 წლიდან, ნორმანთა მიერ ინგლისის დაპყრობიდან დაიწყო მშენებლობების უზარმაზარი ტალღა.[3] ნორმანებმა გაანადგურეს ეკლესიების დიდი ნაწილი, უამრავი გადააკეთეს რომანულ სტილში. მოგვიანებით სრულად ან ნაწილობრივ ტაძრები აღდგა გოთიკურ სტილში, ამის მიუხედავად ბევრმა შეინარჩუნა რომანული სტილი (მაგ. დარემის კათედრალი).[4] რომანული ეკლესიები ხასიათდება მომრგვალებური თაღებით, დაბალი რელიეფური გაფორმებით და დეკორატიული შევრონის ნიმუშებით.
ვილჰელმ I-მა შეჭრისთანავე დაიწყო ციხესიმაგრეების შენება, ისინი მოგვიანებით იქნენ აღდგენილნი, როგორც ლონდონის ტაუერი. ინგლისში მცირე რაოდენობით შემორჩენილია სხვა დანიშნულების ნაგებობები
ეკონომიკა
რედაქტირებაშუა საუკუნეებში ინგლისის ეკონომიკის საფუძველს ნატურალური სოფლის მეურნეობა წარმოადგენდა, ამასთანავე ინგლისში ჯერ კიდევ ნორმანების დაპყრობამდე დაიწყო საბაზრო ურთიერთობების განვითარება. ნორმანდიული საზოგადოებრივი ინსტიტუტები, მათ შორის ბატონყმობა, დაფუძნებული იყო ანგლოსაქსონურ ღია მინდვრების სისტემასა და საერთაშორისო ვაჭრობაში ჩაბმულ ქალაქების ქსელის განვითარებაზე. ნორმანდების დინასტიისა მმართველობისა და პირველი პლანტაგენეტების პერიოდში ინგლისი ეკონომიკა ვითარდებოდა. ეკონომიკურ ზრდას თან სდევდა დემოგრაფიული ზრდა, ასევე იზრდებოდა სახნავ-სათესი მიწების ფართობიც. წარმოიშვა ასობით ახალი ქალაქი, რაც ხელს უწყობდა სავაჭრო გილდიებისა და შუა საუკუნეებისთვის დამახასიათებელი სხვა ინსტიტუტების ჩამოყალიბებას. განვითარდა, როგორც შიდა, ისე გარე ვაჭრობა.
ეკონომიკის ზრდა დასტაბილურდა XIII საუკუნის ბოლოსთვის. ამის მიზეზი კი ისეთი ფაქტორების წარუმატებელი თანხვედრა გახდა, როგორებიცაა ჭარბი მოსახლეობა, მიწის დეფიციტი და გამოფიტვა. 1315-1317 წლის დიდმა შიმშილობამ ინგლისელების დემოგრაფიული პოტენციალი მნიშვნელოვნად შეარყია. სიტუაცია გაამწვავა 1348 წელს შავი ჭირის ეპიდემიამ, რომელმაც ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი შეიწირა, რაც აისახა კიდეც ქვეყნის შემდგომ ეკონომიკურ ვითარებაზე. დასუსტებულ სასოფლო-სამეურნეო სექტორში გაიზარდა შრომის ღირებულება, დაეცა ფასები და შედეგად, შემცირდა საერთო მოგების მაჩვენებელი. ამ და სხვა წინაპირობებმა განაპირობა ბატონყმობის ინსტიტუტის საბოლოო ნგრევა, რომელიც ფერმერობის თანამედროვე ინსტიტუტმა ჩაანაცვლა, რაც მოხმარებული მიწის ფართობის მიხედვით გადახდას გულისხმობდა. 1381 წლის უოტ ტაილერის აჯანყებამ (გლეხთა აჯანყება) მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ფეოდალურ მოწყობაზე და შეძლო მისი ტრანსფორმაცია მომდევნო საუკუნის განმავლობაშიც, კერძოდ, ამ აჯანყებამ განსაზღვრა საგადასახადო დაბეგვრის დონე. XV საუკუნეში ინგლისში გაიზარდა ტყავის წარმოება. ამავე პერიოდში ჩამოყალიბდა ინგლისელი ვაჭრების ახალი სოციალური ფენა, რომელიც სპეციალიზებული იყო არა ადგილობრივ ვაჭრობაზე, არამედ საერთაშორისო ოპერაციებზე. შეიქმნა ასევე ლივრეული კომპანიები - პრივილეგირებული სავაჭრო გაერთიანებები ქვეყნის დედაქალაქში. ამ გაერთიანებების შექმნა, მეტალდამმუშავებელ და გემთმშენებლობის ტექნოლოგიების დახვეწასთან ერთად აღნიშნავს ინგლისური მეურნეობის შუასაუკუნეობრივი ეტაპის დასასრულსა და ახალი დროის დაწყებას.
ლიტერატურა
რედაქტირება- ელტონ, გ.რ. England under the Tudors
- ელტონ, გ.რ. The Tudor Revolution in Government: Administrative Changes in the Reign of Henry VIII
- ელტონ, გ.რ. The Reformation
- ელტონ, გ.რ. The Tudor Constitution: Documents and Commentary
- ელტონ, გ.რ. ed., England, 1200–1640: Sources of History.
- ელტონ, გ.რ. Studies in Tudor and Stuart Politics and Government: Papers and Reviews.
- მიქაელ ვუდი, In Search of the Dark Ages
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Acts of Union 1707 parliament.uk, accessed 27 January 2011
- ↑ Making the Act of Union 1707 დაარქივებული 2011-05-11 საიტზე Wayback Machine. scottish.parliament.uk, accessed 27 January 2011
- ↑ Pragnall, Hubert (1984). Styles of English Architecture. Frome: Batsford. ISBN 0-7134-3768-5.
- ↑ Service, Alastair (1982). „6“, Anglo-Saxon and Norman : A guide and Gazetteer, The Buildings of Britain.