შივაჯი
შივაჯი (დ. 19 თებერვალი, 1630 — გ. 3 აპრილი, 1680) — ინდოელთა ეროვნული გმირი. დასავლეთ დეკანში მუსულმთა ასწლიანი ბატონობის წინააღმდეგ აჯანყების მეთაური და 1674 წლისათვის მაჰარაშტრას შტატის და მისი მეზობელი ტერიტორიების ნაწილზე მარათების სახელმწიფოს დამაარსებელი.
შივაჯის მამა — დიდი სამხედრო მეთაური აჰმადნაგარისა და ბიჯაპურის სულთნების სამსახურში.
1655 წელს შივაჯიმ საკუთარი თავი გამოაცხადა ჩაგრულ ინდუსთა მფარველად და ღიად გამოვიდა ბიჯაპურის სახელმწიფოს წინააღმდეგ. მის წინააღმდეგ გაგზავნილი 20 ათასიანი ჯარი შივაჯიმ შეიტყუა დასავლეთ გჰატის გაუვალ ჯუნგლებში, სადაც მათი წინამძღოლი ეშმაკობით დაიმორჩილა. 1661 წელს ბიჯაპურის სულთანმა აღიარა მარათებით დასახლებული ჩრდილოეთ ოლქების განდგომა. შივაჯი აცნობიერებდა, რომ აუცილებელი იყო გასასვლელი ზღვაზე, რისთვისაც მოუხდა კონფლიქტი დიდ მოგოლთა იმპერიასთან. წაართვა მათ ყველაზე მნიშვნელოვანი პორტი სურატი 1664 წელს. შივაჯის წინააღმდეგ მოგოლთა 20 ათასიანი არმიის გაგზავნა მოგოლთა სრული კატასტროფით დამთავრდა. ლაშქრის წინამძღოლმა დაკარგა თითები, ხოლო მისი ვაჟი დაიღუპა. გამძვინვარებულმა იმპერატორმა აურანგზებმა 100 ათასიანი კარგად აღჭურვილი არმია გაგზავნა დაუმარცხებელი რაჯა ჯაი სინგჰის მეთაურობით. შივაჯი იძულებული იყო ეცნო მარცხი და პურანდჰარის ხელშეკრულებით (1665 წელს) საკუთარ ვაჟთან ერთად გადასახლებულ იქნა აგრაში დიდ მოგოლთა სასახლეში, შინაპატიმრობაში.
1666 წელს ერთგულმა მომხრეებმა შივაჯი და მისი ვაჟი ხილის კალათებში ჩასვეს, ზემოდან ხილი დააყარეს და ისე გააპარეს მშობლიურ მხარეში. 1670 წელს შივაჯიმ განაახლა ბრძოლა მოგოლთა იმპერიასთან და 4 წლის მანძილზე დაიბრუნა მთელი მისი ძველი მონაპოვარები. 1674 წელს ის ეკურთხა, როგორც მარათების იმპერატორი. მისი უკანასკნელი წლები გამოირჩეოდა შვილთან კონფლიქტით. შივაჯის მოღვაწეობამ წარმოაჩინა დიდ მოგოლთა იმპერიის სისუსტეები და შეამზადა იგი დაცემისთვის.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „შივაჯი“ ვიკისაწყობში.
- შივაჯი საიტზე Curlie
- Chhatrapati Shivaji Terminus
- Chhatrapati Shivaji Terminus Mumbai
- Google Satellite Map of Mumbai CST