მათხოჯის ბრძოლა — ბრძოლა იმერეთის სამეფო ტახტისათვის.

1788 წელს იმერეთის მეფემ დავით გიორგის ძემ ოდიშზე გაილაშქრა და იქიდან გააძევა გრიგოლ დადიანი, რომელიც ლეჩხუმში გაიქცა. ოდიშის ფეოდალებმა გრიგოლის დაუჭირეს მხარი. მან დახმარება სთხოვა ერეკლე II-ს. ერეკლემ ჯარით გაგზავნა სოლომონ I-ის ძმისწული დავით არჩილის ძე, რომელმაც ლეჩხუმში ცოლად შეირთო გრიგოლ დადიანის და მარიამი.

1789 წლის 11 ივლისს სოფელ მათხოჯთან მოხდა ოდიშისა და ქართლის კოალიციური ჯარის შეტაკება დავით II-ის მომხრეებთან. დავით არჩილის ძემ და გრიგოლი დადიანმა შეკრიბეს ლეჩხუმის ლაშქარი და მივიდნენ ოდიშის ხუნწს. მათ შეურთდნენ ოდიშელი მომხრეები და დაიბანაკეს იქვე. შეიტყო რა დავით II-მ აღნიშნულის თაობაზე, შეკრიბა იმერლებისაგან და ლეკებისგან ლაშქარი, გამოემართა, შეჩერდა ცხენისწყალზე გაღმა ნაპირას ხონის მახლობლად. მიუხედავად დავით მეფის ლაშქარის სიმრავლისა ქვეითმა ვერ გადმოლახა ადიდებული ცხენისწყალი. ოდიშელებმა იმამაცეს და ბუნბუას ხიდზე გაგზავნეს მეგრელთა რაზმი გიორგი ჩიქოვანის მეთაურობით. მათ შესძლეს ხიდზე გადასვლა და განლაგდნენ ხუნწის მოპირდაპირე ნაპირას მათხოჯის ქვემოთ. ხიდზე ქვეითის გადასვლამ რა წარმატებით ჩაიარა, მათ მეგრელი ცხენოსნებიც მიჰყვნენ. გაიმართა დიდი ბრძოლა ორ მხარეს შორის. დავით მეფის ლაშქარი ბრძოლაში დამარცხდა. მრავალი დაიჭრა და დაიღუპა როგორც ერთი ისე მეორე მხრიდან, მათ შორის ქაიხოსრო გელოვანის ძე მანუჩარიც. ოდიშისა და ქართლის ლაშქარმა მათხოჯში გამარჯვების შემდეგ ქუთაისი აიღეს. დავით II-მ ახალციხეს შეაფარა თავი, ხოლო იმერეთში სოლომონ II-ის სახელით დავით არჩილის ძე გამეფდა[1].

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება