დარეჯან ბატონიშვილი
დარეჯან ბატონიშვილი, ბაგრატიონი (რუს. Дарья Арчиловна; დ. 1670 — გ. 1740) — მწიგნობარი, დიპლომატი, კახეთის და იმერეთის მეფის, არჩილ II-ის ასული, ქართლის მეფე ვახტანგ V-ს შვილიშვილი.
1685-იდან მამასთან და ძმებთან ერთად საქართველოდან საცხოვრებლად გადავიდა მოსკოვში. მისი ძმა ალექსანდრე ჩრდილოეთის ომის დროს შვედებს ტყვედ ჩაუვარდა და 1711 წელს სტოკჰოლმში გარდაიცვალა. დარეჯანს ძმისგან სამემკვიდრეოდ მისი მოსკოვთან მდებარე მამული - სოფელი ვსესვიატსკოე დარჩა, სადაც ის თითქმის მთელი წლის განმავლობაში ცხოვრობდა.[1]
არჩილ II-ის გარდაცვალების შემდეგ ქართული ახალშენის მეთაური გახდა. ეწეოდა ნახევრადჩაკეტილ ცხოვრებას, არასდროს ჰყოლია საკუთარი ოჯახი. ამჯობინებდა არ მიეღო მონაწილეობა სამეფო კარის ცხოვრებაში, არც სანქტ-პეტერბურგში გადასულა საცხოვრებლად, მიუხედავად იმისა, რომ საკმაო ფინანსური სახსრები ჰქონდა.[2]
1722 წელს, როდესაც პეტრე I ჩრდილოეთის ომში გამარჯვების შემდეგ ნიშტადის ზავს ზეიმობდა, თავის ამალასთან ერთად დარეჯანის მამულში შეჩერდა. მეორე დღისთვის დაგეგმილი იყო სამასკარადო მსვლელობა ვსეხსვიატსკოედან მოსკოვამდე.[3] იმპერატორის დაჟინებული თხოვნის მიუხედავად, დარეჯანმა ამ ზეიმში მონაწილეობა არ მიიღო.[4]
1728 წელს მის სახლში გარდაიცვალა წითელათი დაავადებული ალექსი ბატონიშვილის (პეტრე I-ის უფროსი ვაჟი) 14 წლის ასული ნატალია ალექსეევნა, რამაც სხვადასხვა ჭორები გამოიწვია.[5]
1730 წელს დარეჯანის სასახლეში რამდენიმე დღით გაჩერდა ტახტზე არჩეული ანა იოანოვნა,[6] სადაც იგი ემზადებოდა მოსკოვში საზეიმოდ შესვლისთვის და ხვდებოდა უმაღლეს საიდუმლო საბჭოს წევრებს.[7]
დარეჯანი ეწეოდა საქველმოქმედო საქმიანობას და თავის შემოსავლებს სწირავდა მონასტრებსა და ტაძრებს. იგი მონაწილეობდა მოსკოვის დონის მონასტრის კეთილმოწყობაში, სადაც მისი უახლოესი ნათესავები იყვნენ დაკრძალულნი.[8] მისი ინიციატივით 1733-1736 სოფ. ვსესვიატსკოეში ძველი კარის ეკლესიის ნაცვლად ააგეს ახალი ტაძარი,[9] რომელიც ქართველთა თავშეყრის ცენტრი გახდა.
დარეჯან ბატონიშვილმა დიდი როლი ითამაშა რუსეთ-საქართველოს 1721-1723 სამხედრო-პოლიტიკური კავშირის შექმნაში, იღვწოდა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის განვითარებისათვის.
გარდაიცვალა 1740 წელს, დაკრძალულია დონის მონასტრის დიდ ტაძარში.[10]
ლიტერატურა
რედაქტირება- სიხარულიძე ფ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 322.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ И. Ф. Токмаков Историко-статистическое и археологическое описание села Всехсвятского Московской губернии и уезда 1398—1898 гг. — М., 1898, ст. 14
- ↑ Н. М. Молева Древняя быль новых кварталов — М.: Моск. рабочий, 1982, ст. 200
- ↑ Елена Лебедева Храм Всех Святых в селе Всехсвятском. Православие.Ru.
- ↑ Н. М. Молева Древняя быль новых кварталов — М.: Моск. рабочий, 1982, ст. 201
- ↑ Н. М. Молева Древняя быль новых кварталов — М.: Моск. рабочий, 1982, ст. 201
- ↑ Н. М. Молева Древняя быль новых кварталов — М.: Моск. рабочий, 1982, ст. 201
- ↑ История московских районов. Энциклопедия / Под редакцией К. А. Аверьянова — М.: Астрель, 2005, ст. 306 — ISBN 5-271-11122-9.
- ↑ А. Н. Казакевич Донской монастырь. sedmitza.ru.
- ↑ Елена Лебедева, [www.pravoslavie.ru/jurnal/060616130331.htm Храм Всех Святых в селе Всехсвятском]. Православие.Ru.
- ↑ Артамонов М. Д. Московский некрополь — М.: Столица, 1995. — С. 281. — 432 с. — ISBN 5-7055-1162-0.