სევერიან მაისაშვილი

სევერიან დავითის ძე მაისაშვილი (დ. 21 სექტემბერი, 1900, თბილისი — გ. 21 თებერვალი, 1980, იქვე) — ქართველი საბჭოთა ფერმწერი, მინიატიურისტი, გრაფიკოსი. საქართველოს სახელმწიფო მხატვარი (1967).

ბიოგრაფია

რედაქტირება

1923-1925 წლებში სწავლობდა მ. თოიძის სამხატვრო სტუდიასა და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, რომელიც დაამთავრა 1931 წელს. სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობდა 1930 წლიდან, მათ შორის იყო რესპუბლიკათშორისი სამხატვრო გამოფენა თბილისსა (1942) და მოსკოვში (1943), საკავშირო სამხატვრო გამოფენა (ტრეტიაკოვის სახელმწ. გალერეა). 1967 წელსა და 1970 წელში თბილისში ჩატარდა მისი პერსონალური გამოფენები. თავდაპირველად გრაფიკის დარგში მუშაობდა, მომდევნო წლებში შექმნა ბატალური სურათების სერია: „გიორგი სააკაძის ბრძოლა სპარსელებთან მარაბდის ველზე“ (1941), „ნასაკირალის ბრძოლა“, „კრწანისის ომი“ (ორივე 1958), „ასპინძის ომი“ (1966) და სხვ. იგი პირველი ქართველი ხელოვანია, რომელმაც ტრადიციების გათვალისწინებით განავითარა თანამედროვე ქართული მინიატიურული ხელოვნება. მისი ნამუშევრები: „იშვიათი ნანადირევი“ (1946), „ყურძნის კრეფა გურიაში“ (1946), „კალოობა სვანეთში“ (1948), „ურმული“ (1948) დაცულია შ. ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების მუზეუმში. 1951-1976 წლბში მაისაშვილმა შექმნა მინიატიურების ციკლი „ძველი თბილისი“ (მხატვრის სახელოსნო). იგი წარმატებით მუშაობდა წიგნის გრაფიკაში [ა. ყაზბეგის რჩეული (1935-1937), სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკები (1938; შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი) და სხვ.]. მაისაშვილის ესკიზების მიხედვით შეიქმნა საიუბილეო საფოსტო მარკა შოთა რუსთაველის პორტრეტით (1937) და საქართველოს სსრ დროშა (1951).

ლიტერატურა

რედაქტირება