ოთარ ამილახვარი
ოთარ რევაზის ძე ამილახვარი (დ. 1756 — გ. 1828) — აღმოსავლეთ საქართველოს პოლიტიკური მოღვაწე XVIII საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში. საამილახვროს უფროსი, ზემო ქართლის სადროშოს სარდალი, გორის მოურავი.
1789 ამილახვარის წინააღმდეგ გამოვიდნენ მისი სიმკაცრით უკმაყოფილო გორელები. ერეკლე II-მ დასაჯა უკმაყოფილონი, მაგრამ ამილახვარს უბრძანა დაეცვა ბატონყმობის კანონით დადგენილი ნორმები. ამილახვარმა გააშენა სოფ.ორჭობი, გაიყვანა ახალი სარწყავი არხები და აღორძინებულ ადგილებში დაასახლა ტყვეობიდან გამოსყიდული გლეხები. 1785 იბრძოდა საქართველოში შემოჭრილი ომარ-ხანის წინააღმდეგ. 1795 მონაწილეობდა კრწანისის ბრძოლაში. ერეკლე II-ის გარდაცვალების შემდეგ ამილახვარის ძალაუფლება შეიზღუდა. ბატონიშვილებს შორის ტახტისათვის ატეხილ ბრძოლაში ემხრობოდა დარეჯან დედოფლის ჯგუფს, მხარს უჭერდა თავის სიძეს იულონ ბატონიშვილს. ამის გამო 1801 წლის თებერვალს დაკარგა ამილახორობა. ჰქონდა რუსეთის არმიის გენერალ-მაიორის წოდება.
ლიტერატურა
რედაქტირება- გვრიტიშვილი დ., ფეოდალური საქართველოს სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან (ქართლის სათავადოები), თბ., 1955
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 392.