ხარფუხი

(გადამისამართდა გვერდიდან სეიდაბადი)

ხარფუხი (ყოფ. სეიდაბადი) — თბილისის ერთ-ერთი ძველი უბანი ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, თაბორის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, აბანოთუბანსა და ორთაჭალას შორის. შემორჩენილია ქალაქის ზღუდის ნაშთი — ე. წ. განჯისკარი, რომლის მიდამოებში 1948—1949 წლებში ჩატარებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა დაადასტურა აქ IX—XIII საუკუნეებში მეთუნეთა უბნის არსებობა.

სახელი სეიდაბადი ეწოდა XVII საუკუნის 30-იან წლებში აქ დასახლებული სპარსული ტომის სეიდების მიხედვით, რომლებიც აქ შაჰ-აბას I-ის მემკვიდრე შაჰ-სეფიმ დაასახლა. (სეიდ-აბად, ე. ი. სეიდების დასახლება). ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით: „ხოლო აწ უწოდებენ ოთხთავ ქალაქთა აწ ტფილისს და განაყოფით: კალას-ტფილისსა, ტფილისს-სეიდაბადს, და ისნს-ავლაბარს, და გარეთუბანი არს ტფილისისა. მსახლობელნი არიან ციხესა და სეიდაბადს სპარსნი მოჰმადიანნი“, „აქ დასხნა შასეფიმ სეიდნი, მის გამო სპარსნი უწოდებენ სეიდაბადს...“. პლატონ იოსელიანი თავის სიძველეთა აღწერაში ვაღნიშნავს: „... ამ დროს კი დასახლებაში — სეიდაბადი ჩაგვესმის სეიდნეი, დამახინჯებული სახელწოდება ძველი სიდონისა, თავისი კლდოვანი მიდამოთი და ქრისტიანული განწყობით ანტილიბანონის ძველი ხალხისა ჩვენებური სეიდაბადის გარემოს რომ ჰგავს.“ სეიდაბადი ძირითადად სასოფლო-სამეურნე რეგიონი იყო. აქ გადიოდა მნიშვნელოვანი საქარავნო გზა, ე. წ. განჯის გზა, რომელიც თბილისის აღმოსავლეთ ამიერკავკასიასა და მახლობელ აღმოსავლეთთან აკავშირებდა.

XVIII და XIX საუკუნეების მიჯნაზე ეწოდა ხარფუხი. ხარფუხი სომხური ტოპონიმია და გაჩნდა თაბორის მთის ძირში, გორხანის ახლოს თათრების სასაფლაოზე მდგარი საკულტო დანიშნულების მქონე ქვის გამო, რომელზეც ხატი იყო მისვენებული. ხარფუხი სომხურ ენაზე ხველას, სურდოს, გაციებას ნიშნავს. თბილისელ ქრისტიანულ მცხოვრებლებს სურდოშეყრილი და ყივანახველიანი ბავშვები მიჰყავდათ იმ ქვასთან. შესაწირად მიჰქონდათ ქსოვილისგან შეკერილი თოჯინა, რომელსაც მხარზე პატარა ხურჯინი ჰქონდა გადაკიდებული. ხურჯინში შაქრის ნატეხები ელაგა. ამ გასამრჯელოთი ცდილობდნენ წმინდა ხატის გულის მოგებას. სოფელში დასახლდნენ ლეკების მიერ დარბეულ სოფელ წალასყურიდან გადმოხიზნული გლეხები. 1811 წელს სოფელი ხარფუხი თბილისის მაზრას მიაწერეს. 1819 წელს სამოქალაქო გუბერნატორმა ხოვენმა ოფიციალურად სთხოვა მთავარმართებელ ალექსი ერმოლოვს ხარფუხის თბილისთან შემოერთება. იგი ერმოლოვს ატყობინებდა, რომ ხარფუხში თავშესაფარს პოულობდნენ ბოროტმოქმედნი, სხვადასხვა ჯურის უპასპორტო საეჭვო ხალხი და საქონლით დატვირთული კონტრაბანდისტები. საზღვარგარეთიდან გადმოსულ კონტრაბანდისტებს თვით ხოვენი გადააწყდა. ერმოლოვის 1819 წლის 15 მარტის ბრძანებით, ხარფუხი ოფიციალურად თბილისის ნაწილად იქცა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება