ივანე ელიაშვილი
ივანე სპირიდონის ძე ელიაშვილი (დ. 18 აპრილი, 1864, ქუთაისი, — გ. 12 იანვარი, 1932, თბილისი) — ქართველი ექიმ-ჰიგიენისტი, ჯანდაცვის ორგანიზატორი, პედაგოგი, მწერალი.
დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი (1889), შემდეგ სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე. 1895 წლიდან სამედიცინო პრაქტიკას ეწეოდა თბილისსა და ბაქოში. პარალელურად ფიზიოლოგიას და ჰიგიენას ასწავლიდა სხვადასხვა სასწავლებელში. 1921–1929 წლებში საქართველოს ჯანსახკომის სტატისტიკური განყოფილების უფროსი იყო. 1926 წელს ელიაშვილის თაოსნობით დაარსდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური ჰიგიენის კათედრა, რომელსაც თვითონვე განაგებდა 1929 წლამდე.
ელიაშვილი სტუდენტობის პერიოდიდან მონაწილეობდა საზოგადოებრივ საქმიანობაში. ერთხანს იმყოფებოდა რუსეთის იმპერიის პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ. იყო „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“, „საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების“, „ქართველ ექიმთა და ბუნებისმეტყველთა საზოგადოების“ წევრი. 1888 წლიდან თანამშრომლობდა ქართულ პრესასთან. ხელმძღვანელობდა „სამედიცინო ფურცლის“ ქართული გამოცემას (1896). ჟურნ. „ჯეჯილსა“ და „ნაკადულში“ აქვეყნებდა პოპულარულ ენაზე დაწერილ სამედიცინო შინაარსის წერილებს, საქართველოს ფლორისა და ფაუნის ამსახველ მოთხრობებს, რომლებიც შეტანილია ელიაშვილის წიგნში „სამშობლო ბუნების სარკე“ (1911). მასვე ეკუთვნის მოგონებები აკაკი წერეთელზე (მისი ანდერძის მიხედვით იგი იყო პოეტის ნების აღმსრულებელი), წვლილი მიუძღვის მისი ლიტერატურული მემკვიდრეობის აღნუსხვა-მოწესრიგებაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 644.
- იმედაშვილი ი., ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ, თბ.,2021. — გვ.41.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ივანე ელიაშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ივანე ელიაშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ივანე ელიაშვილი — საქართველოს პირველი რესპუბლიკის (1918-1921) პროსოპოგრაფიული ბაზა (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი)