ჯეჯილი (ჟურნალი)

ქართული საყმაწვილო ნახატებიანი ყოველთვიური ჟურნალი

„ჯეჯილი“ — ილუსტრირებული საბავშვო ჟურნალი. გამოდიოდა 1890–1920, 1922-1923 წლებში თბილისში. რედაქტორ-გამომცემელი ანასტასია თუმანიშვილ-წერეთელი. გამომცემელი (1922 წლიდან) განათლების სახალხო კომისარიატის სოციალური აღზრდის მთავარმმართველობა. პირველი ხუთი წლის მანძილზე გამოდიოდა ორ თვეში ერთხელ, შემდეგ – ყოველთვიურად. გამოცემასთან თანამშრომლობდნენ ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, რაფიელ ერისთავი, იაკობ გოგებაშვილი, ეკატერინე გაბაშვილი, შიო მღვიმელი და სხვანი. იბეჭდებოდა ასევე რუს და ევროპელ ავტორთა ნაწარმოებები, ფართო ადგილი ეთმობოდა ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს. „ჯეჯილი“ შედგებოდა მცირეწლოვანთა და მოზრდილთა განყოფილებებისაგან. ჟურნალში უმთავრესი ადგილი ეჭირა მხატვრულ ნაწარმოებებს, რომლებშიც მისაბაძი პერსონაჟები სჭარბობდნენ. თვალსაჩინო ადგილი ეთმობოდა ისტორიულ და საბუნებისმეტყველო ხასიათის წერილებს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული მწერლობა : ლექსიკონი-ცნობარი, წგნ. I, თბ.: „განათლება“, 1984. — გვ. 446.
  • ქართული პერიოდიკის ბიბლიოგრაფია : 1819 - 1945 / შედგენილი გ. ი. ბაქრაძის მიერ. 1819-1945. თბილისი, 1947. - გვ. 12-13.