ცივასულას ციხე — გვიანი შუა საუკუნეების ციხე მდებარეობს აგარისღელესა და აჭარისწყლის შესაყარში, ცივასულად წოდებულ ადგილის ზემოთ, სასირეს გორას აღმოსავლეთ ნაწილში. ციხეს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. მისადგომი მხოლოდ ჩრდილო-დასავლეთიდან, ვიწრო ბილიკის სახითაა მოცემული.

ცივასულას ციხე
მდებარეობა საქართველოს დროშა საქართველო
სტატუსი დანგრეული
ისტორია
თარიღდება XVI-XVII საუკუნეებით
ცივასულას ციხე — საქართველო
ცივასულას ციხე

ძეგლის აღწერა რედაქტირება

ციხე აგებულია კლდეზე. ეს კლდე სასირე გორადან ეშვება ჩრდილო-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით. კლდე ჯერ დაბლდება, ხოლო შემდეგ მკვეთრად მაღლდება. სწორედ ამ ამაღლებაზე არის დაშენებული ციხის კოშკი. კოშკი ციხის კომპოზიციის ყველაზე მთავარ ელემენტს შეადგენს. ამ კოშკიდან რელიეფი კვლავ ტერასებად დაბლდება, რომელსაც ჩასდევს ციხის ზღუდის კედლები.

ციხის ფართობი, დაახლოებით, 400 მ²-ია.

კოშკი წარმოადგენს ოვალური ფორმის ნაგებობას, რომლის დიამეტრი 3,18 მ-ია, ხოლო მცირე — 2,6 მ. იგი დიდი დაზიანებითაა მოღწეული ჩვენამდე. შემორჩენილია მხოლოდ ჩრდილოეთი და სამხრეთი კედლები და ნაწილობრივ აღმოსავლეთი კედლის ზემო ნაწილი. შიგნიდან კოშკის სიმაღლეა 4,5 მ. ხოლო გარედან — 6,5 მ. კოშკის კედლის სიგანეა 0,6 მ. ჩრდილოეთით კედელში დატანებულია ორი ფოსო (ზომებია 30 სმх15 სმ და 20 სმх16 სმ). ფოსოს დაშორება მიწის ზედაპირიდან 92 სმ-ია, ხოლო ფოსოებს შორის მანძილი — 95 სმ. ფოსოები გვაფიქრებინებს რომ კოშკი ორსართულიანი ყოფილა.

სამხრეთ კედელში შემორჩენილია სათოფური, რომლის ზომებია 0,10х0,25 მ. კოშკის ქვემო ნაწილში მოთავსებული ყოფილა დიდი წყლის ქვევრი, რომლის დიამიტრია 1,15 მ. ქვის კიბის კვალი არსად შეინიშნება, ალბათ კოშკში ხის კიბით ადიოდნენ.

კოშკს ჩრდილო და სამხრეთ ნაწილში შემორჩენილი აქვს გალავნის ნაშთი. გალავანში ორივე მხარეს საკმაოდ დიდი ზომის ხვრელებია დატანებული, რომლის დანიშნულებაც გაურკვეველია.

ციხე ნაგებია ქვითკირით, ქვები ფლეთილია, წყობა უსწორმასწორო, რაც ციხის გვიანდელობას მოწმობს. გვიანდელობას ადასტურებს ასევე სათოფურების არსებობა. ციხე შეიძლება XVI-XVII საუკუნეებით დათარიღდეს (თურქთა მოძალების ხანა).

ლიტერატურა რედაქტირება

  • სიხარულიძე ი., აჭარის მატერიალური კულტურის ძეგლები, თბ., 1962
  • მამულაძე შ., კახიძე ა., აჭარის არქეოლოგიური ძეგლები, თბ. 2016, გვ., 91-92