ხიმშიაშვილები
ხიმშიაშვილები — ქართული გვარი. ხიმშიაშვილები გვხვდებიან: თბილისში, აჭარაში, კახეთში. არაგვისპირი ითვლება ხიმშიაშვილთა წარმოშობის, აჭარა კი მათი გაბატონების ადგილად. საქართველოში სულ ცხოვრობს 1675 ხიმშიაშვილი, მათ შორის ქალაქ თბილისში 170, ბათუმში 265.[1] რუსები მათ იცნობდნენ როგორც ხიმშიევებსა და აჯარსკებს (ქართ. აჭარლები) (რუს. Химшиевы-Аджарские),[2] ხოლო თურქები - როგორც ჰამიშოღლუს (თურქ. Hamşioğlu).[3]
ისტორია
რედაქტირებააჭარაში, განსაკუთრებით მის ზემო ნაწილში, გავლენიანად და მთელი მხარის ბატონ-პატრონად ითვლებოდა ხიმშიაშვილების გვარი. ეს გვარი, როგორც ზეპირგადმოცემა მოგვითხრობს, მონათესავეა არაგვისპირის ხიმშიაშვილებისა. მათ წინაპარს XVII საუკუნეში კაცი შემოკვდომია არაგვის ხეობაში, მეფის რისხვას გაქცევია და აჭარაში შეხიზნულა. აქ, როგორც კარგ ვაჟკაცს, თავი გამოუჩენია და მალე მთელი მხარის ბატონობაც ხელთ ჩაუგდია. იგივე ზეპირგადმოცემა მოგვითხრობს, რომ აწინდელი ხიმშიაშვილების წინაპარი აბდულა-ბეგი უბრალო, მშვიდობის მოყვარე მწყემსი ყოფილა და ქვეყნის უფროსობა ფიქრადაც არ ჰქონდა, როცა მწყემსის ჩომბახი ეჭირა ხელში და საქონელს უვლიდა. მაგრამ ბუნებრივმა ჭკუამ და სიმდიდრემ ხალხში გავლენა მოუპოვა, თავისთავს „ბეგი“ უწოდა და სხვამაც არ გაუტეხა ხათრი. აბდულას, ერთ დროს მწყემსად ყოფილს, ჩვენ უკვე ვხედავთ აჭარელთაგან შედგენილ მეომართა რაზმის უფროსად, ძლევამოსილების მაძიებელს, გურიის სოფელ აკეთში თავად მამუკა თავარდგილაძესთან მებრძოლს. მაგრამ ბრძოლის ველიდან ცოცხალი არ გასულა. ეს მოხდა 1782 წელს. აბდულა პირველი ხიმშიაშვილი იყო, რომელსაც ისტორია იცნობს და რომელმაც საძირკველი ჩაუყარა ზემო-აჭარაში ხიმშიაშვილთა საგვარეულოს.
აბდულა ბეგს დარჩა შვილი სელიმი. ისიც მამის კვალს დაადგა და ბოლოს იმდენი მოახერხა რომ ფაშობასაც მიიღო და სელიმ-ფაშად იწოდებოდა. სელიმი იყო ახალციხის ფაშა 1803-1809 და 1812-1815 წლებში; XVIII საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში ვიდრე ფაშა გახდებოდა, იყო ზემო აჭარის სანჯაყ-ბეგი. 1809 ივნისში ტახტი შერიფ-ფაშამ წაართვა, მაგრამ 1812 უკან დაიბრუნა. სელიმ-ფაშა უპირისპირდებოდა ოსმალეთისს ცენტრალურ ხელისუფლებას, იბრძოდა საფაშოს გამოყოფისათვის. ოსმალეთის ხელისუფლებამ ურჩი სელიმ-ფაშას დასასჯელად 15-ათასიანი ლაშქარი გაგზავნა. ხიხანის ციხეში ჩაკეტილი სელიმ-ფაშა დამარცხდა და მას თავი მოჰკვეთეს.
სელიმის დასჯის შემდეგ მისი ოჯახობა ახალციხეში გადაიყვანეს, გარდა მისი ორი შვილისა — აჰმედ-ბეგისა და აბდი-ბეგისა. აბდი-ბეგმა ცოლად შეირთო მამია V გურიელის და — ესმა. ორივე ძმა გურიაში გაიქცა მამია გურიელთან.
1828 წელს რუსეთ-ოსმალეთის ომი დაიწყო. სელიმის უფროსმა შვილმა აჰმედ-ბეგმა, რომელსაც დიდი გავლენა ჰქონდა აჭარაში, ხულოში სასახლე აიშენა და იქ დასახლდა. 1828 წელს მასთან ახალციხეში დაბანაკებული რუსის ჯარის უფროსმა თავად ბებუთოვმა მოლაპარაკებმა გამართა. 1829 წელს ახალციხის გარშემორტყმისათვის ახმედ-ბეგს ფაშობა ებოძა და თანახმა გახდა რუსეთის ქვეშევრდომობა მიეღო. იმპერატორმა ნიკოლოზმა გენერალ-მაიორობა და სტანისლავის ლენტი უბოძა. მალე თავადი ბებუთოვი გამოცვალეს და მის მაგივრად გენერალი ბარონ ოსტენ საკენი დანიშნეს. აჰმედმა რომელიც არ ენდობოდა ახალ უფროსობას უარი უთხრა სწვეოდა ახალციხეში ოსტენ საკენს, რის გამოც ბარონი პირდაპირ აჭარაში შეიჭრა თავისი ჯარით. ხულოში გადაწვეს მისი სახლ-კარი და გაიმართა ბრძოლა აჭარლებსა და რუსის ჯარს შორის. შეტაკება იმით დამთავრდა რომ დაზარალებული რუსის ჯარი სამცხეში გაბრუნდა. მალე 1829 წელს ოსმალეთსა და რუსებს შორის ზავი ჩამოვარდა. ახმედ-ფაშას ყარსის გუბერნატორობა მისცეს და ერზრუმის სერაქსირად მოკვდა.
1829 წლის ომის შემდეგ, იმის წყალობით, რომ ახმედ-ფაშას, ოსმალეთის მთავრობის წინაშე, დიდი სამსახური მიუძღოდა, ხიმშიაშვილების გვარმა ხელში ჩაიგდო თითქმის მთელი ოსმალეთის საქართველო. თითოეულმა ძმამ თითო ნაწილი მიიჩინა თავისთვის. ამ დროს მათი სულტანთან დაქვემდებარება მხოლოდ სიტყვიერი იყო. ერთადერთი ბეგარა ჯარის-კაცობა იყო. ესეც ახმედ-ფაშამ შემოიღო, რომ ამით ეამებინა სულტანისათვის და თავისი ერთგულება დაემტკიცებია.
აჰმედ-ფაშას სიკვდილის შემდეგ, ძმებში ყველაზე გავლენიანი ქერ-ჰუსეინ-ბეგი იყო. აჰმედ-ფაშის შვილის შერიფ-ბეგის მცირეწლოვანობის გამო მთელ აჭარას ქერ-ჰუსეინ-ბეგი მართავდა და ოსმალეთის მტავრობას ხელს უშლიდა აჭარაში ოსმალური წყობილება შემოეღო. ქერ-ჰუსეინ-ბეგის დასამორჩილებლად ოსმალეთიდან ჭყონია-ფაშა გამოგზავნეს, რომელიც ქედას დაბანაკდა და აჭარას შიშის ზარს სცემდა, მაგრამ მალე ის განდევნეს აჭარიდან. მალე მის მაგივრად ტრაპიზონიდან ქეი-ოღლი გამოგზავნეს. ამავე დროს მის წინააღმდეგ ყარსის ფაშის ჯარმაც გამოილაშქრა. ჰუსეინ ბეგი შეიპყრეს და ყარსში გაგზავნეს, მაგრამ მტერს დაუსხლტა. ის მეორეჯერ შეიპყრეს და სტამბოლში გაგზავნეს, სადაც XVIII საუკუნის 40-იანი წლების ბოლოს აღესრულა კიდეც.
40-50-იან წლებში ბეგების გვარეულობა სტამბოლში იხმეს. ოსმალეთის მთავრობამ გამოუცხადა რომ: თქვენი ფირმანები უნდა გადავსინჯოთ და ახლები მოგცეთო, ახალი წესების თანახმად შედგენილებიო. ბეგებმა იფიქრეს ოსმალეთის მტავრობა წყალობით აგვავსებსო და ყველა საბუთი, რაც კი ქართველი მეფეებისაგან ჰქონდათ ნაბოძები, სულ სტამბოლში წარადგინეს. მთავრობამ კი რადგანაც ყველა საბუთი ხელში ჩაიგდო გამოუცხადა ყველას: „სახელმწიფოს ყველა ქვეშევრდომი განურჩევლად წოდებისა და სარწმუნოებისა, ვალდებულნი არიან ხარკი იხადონ საერთო წესითა“.
უფლებაშემცირებულმა ბეგებმა რუსეთისკენ დაიწყეს ყურება. ამბობდნენ, რუსეთის ხელში თავადაზნაურობა უფრო დიდ პატივშია და თუ რუსეთმა ეს მხარე დაიპყრო, ჩვენი უფლებანი ისევ დაგვიბრუნდებაო. უკანასკნელი პატრონი ზემო აჭარისა, აჰმედ-ფაშას შვილი შერიფ-ბეგ ხიმშიაშვილი, განსაკუთრებით ხელს უწყობდა რუსეთს აჭარის დაბრუნების საქმეში. ხიმშიაშვილებს რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში თავადობა დაუმტკიცდათ 1850 წლის 2 დეკემბერს.[2]
ხულოში მუსულმანთა სასაფლაოზე დაკრძალულნი არიან: შარიფ-ბეგის შვილის მურთაზ-ბეგის ცოლშვილი, არსლან-ბეგი, სებასტოპოლის ომში მოკლული ძმა შერიფ-ბეგისა — აჰმედ-ფაშა, იბრაჰიმ-ბეგი და სხვა.
ლიტერატურა
რედაქტირება- თ. სახოკია, „მოგზაურობანი“, თბ., 1985, 183-190
სქოლიო
რედაქტირება- ↑ იუსტიციის სახლი. intpass.cra.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-02. ციტირების თარიღი: 2014-05-19.
- ↑ 2.0 2.1 (1892) Списки титулованным родам и лицам Российской империи (რუსულად). სანქტ-პეტერბურგი: Издание Департамента Герольдии Правительствующаго Сената., გვ. 90.
- ↑ Turmanidze, Otar (2013). „შერიფ ხიმშიაშვილის მეურნეობა“ [Sherif Khimshiashvili Farming] (PDF). South-West Georgia. Conference Materials (Georgian). 3: 41–43. ISSN 2298-0776.