ოქროპილაურის ციხე

ოქროპილაურის ციხე, ოქროპილაურის ყალაბოინი[1] — ციხესიმაგრე შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქროპილაურში. მდებარეობს ჩირუხის და უჩამბისწყლის შესართავში, მდინარე აჭარისწყლიდან 1 კმ-­ში. ციხესიმაგრე კარგად აკონტროლებდა სხვადასხვა მიმართულებით აქ გამავალ გზებს. იგი დაშენებულია მდინარეების შესართავის მარცხენა მხარეს არსებულ კლდოვან ბორცვზე. სამი მხრიდან მიუვალია. აქვს ერთადერთი მისადგომი სამხრეთის მხრიდან.

ოქროპილაურის ციხე

ნაგებობა მცირე მოცულობისაა. გალავნის კედლებს შორის მოქცეული შიდა სივრცე ორადაა გაყოფილი. შედარებით კარგადაა შემორჩენილი აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთის კედლები. სამხრეთის მხარეს ციხეს აქვს დამატებითი დამცავი კედელი. მისი დიდი ნაწილი დანგრეულია. ნაშენია დაუმუშავებელი ფილა ქვებით. მათ შემაკავშირებლად კირდუღაბია გამოყენებული.

ციხესიმაგრე აკონტროლებდა აქ გამავალ გზას, რომელიც იმერხევის სოფლების ივეთისა და ფაფართის უღელტეხილით გადმოდიოდა გოგაძეებში, უჩამბისწყლის ხეობით ეშვება ოქროპილაურის ციხემდე, ხოლო შემდეგ უერთდება აჭარისწყლის ხეობაზე გამავალ ცენტრალურ გზას. ამ გზას აკონტროლებდა საკუთრივ იმერხევის ხეობაში არსებული ჩაქველთის, ხევწრულისა და ცინარეთის ციხესიმაგრები. იგი ერთ-­ერთი უმოკლესი გზა იყო აჭარისწყლის ხეობის შუა წელის მოსახლეობის შავშეთ­-იმერხევთან და შემდეგ არტანუჯთან დაკავშირებისა.

მეორე მხრივ მარეთის ხეობის სათავეებიდან ერთ­-ერთი მნიშვნელოვანი გზა გადავიდოდა ჩირუხში და იქიდან ხიხანის ციხის ძირში, ან კიდევ კალოთისწყლის დაყოლებით ციხისყელის ციხის მიდამოებში უერთდებოდა ბათუმ­-ახალციხე-­არტაანის ცენტრალურ გზას. ჩირუხიდან მარეთისწყლის ხეობით დარჩიძეების (გოგოლაურის) ციხის ძირში გავლით ასევე შეიძლება შუახევში, აჭარისწყლის ხეობაში გამავალ ცენტრალურ არტერიასთან დაკავშირება.

ოქროპილაურის ციხე დარჩიძეების, მახალაკიძეების და ცინარეთის საფორტიფიკაციო ნაგებობებთან ერთად, არა მარტო ახორციელებდა კონტროლს აქ გამავალ მაგისტრალებზე, არამედ ამ გზით დაკავშირებულ მხარეებზეც.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მამულაძე შ., კახიძე ა., აჭარის არქეოლოგიური ძეგლები, თბ. 2016, გვ., 89-90

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. სიხარულიძე ი. აჭარის მატერიალური კულტურის ძეგლები, ბათუმი, 1962, გვ. 50-51