დარჩიძეების ციხე, გოგოლაურის ციხე — ციხესიმაგრე შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩიძეებში, მდებარეობს ჩირუხისწყლის ხეობის სათავეში. იმ ადგილს, სადაც ძეგლია აშენებული, ადგილობრივი მოსახლეობა გოგოლაურის უბანს უწოდებს, საიდანაც მომდინარეობს ციხესიმაგრის სახელწოდებაც. 1987 წელს ციხეზე ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები. ციხე მდებარეობს ე.წ. მთისუბანში. აქ ამოზიდულია კლდის სამი მასივი, ციხე შუა კლდის მასივზეა აღმართული, მის გეგმარებასაც კლდის კონფიგურაცია განსაზღვარს

ჩრდილოეთის კედელი
წყლის რეზერვუარი

ციხე დასაწყისშივე აკონტროლებდა იმ გზას, რომელიც ხეობაზე გაივლიდა და შუახევის მიდამოებში უერთდებოდა აჭარისწყლის აუზში გამავალ ცენტრალურ გზას. იგი ასევე მეთვალყურეობდა სამცხე-ჯავახეთიდან და ზემო აჭარიდან ხიხანის ძირში, სარიჩაირსა და ჩირუხში გამავალ იმ გზას, რომელიც იმერხევ-შავშეთის გავლით მიემართებოდა არტანუჯისაკენ. ციხესიმაგრე ჩართული იყო აჭარა-შავშეთისა და კლარჯეთის ერთიანი თავდაცვითი სისტემის ჯაჭვში.

ნაგებობა დაშენებულია ხეობისაკენ წინ წაზიდულ კლდოვან ქანზე. ციხეს რელიეფის შესაბამისად წაგრძელებული ტრაპეციისებური ფორმა აქვს და დამხრობილია სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-­აღმოსავლეთისაკენ. გალავნის კედლები მეტ­ნაკლებად ოთხივე მხარესაა შემორჩენილი. უფრო კარგადაა დაცული დასავლეთის და ჩრდილოეთის კედლები.

ციხის მშენებლობაში ორი პერიოდი უნდა გამოიყოს. პირველი საამშენებლო დონე 2,5­3 მ. სიმაღლისაა. მოგვიანებით აღდგენილი კედელი (მე­ორე საამშენებლო დონე) ნაგებია ფლეთილი ქვებით. არქეოლოგიური მასალების მიხედვით ირკვევა, რომ თავდაპირველად ციხე აღუმართავთ XII­-XIII საუკუნეებ­ში, ხოლო აღუდგენიათ გვიან შუასაუკუნეებში.

ძეგლს ერთადერთი ბუნებრივი მისადგომი ჩრდილოეთიდან აქვს, მაგრამ იგი ყრუ კედლით იყო დაცული. ციხეში მოხვედრა კლდის მასივის დასაწყისიდან აღმოსავლეთის მიმართულებით გაჭრილი საცალფეხო ბილიკით და ასაწევი კიბით შეიძლებოდა. შიდა ციხის უკიდურეს ჩრდილო-­დასავლეთ მონაკვეთში მშენებლებს გალავანზე მიშენებით გაუმართავთ მარანი. სხვა მარანი აღმოჩნდა ციხის სამხრეთ-­აღმოსავლეთ კუთხეში.

ასევე საყურადღებოა თონეების აღმოჩენის ფაქტიც. ციხის შუა ნაწილში დაფიქსირდა კლდეში ნაკვეთი ქვევრისებური ფორმის ორმო, რომელიც წყლის რეზერვუარად უნდა ყოფილიყო გამოყენებული.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მამულაძე შ., კახიძე ა., აჭარის არქეოლოგიური ძეგლები, თბ. 2016, გვ., 88-89

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 11800