სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბუსერისძე.

აბუსერისძენი — XI-XIV საუკუნეების საქართველოს დიდ ფეოდალთა საგვარეულო.

ამ გვარის პირველი წარმომადგენელი არტანუჯის ერისთავი იოანე აბუსერისძე ბაგრატ IV-ის მეფობის პირველ წლებში იხსენიება. რამდენიმე საუკუნის მანძილზე აჭარის ერისთავთ-აბუსერისძეთა სარეზიდენციო ადგილი ხირხათის ციხე იყო. აბუსერისძენი თავიანთი ძლიერების ხანაში ფლობდნენ შავშეთ-კლარჯეთსა და იყვნენ სამცხის ციხისჯვრისა და აწყურის სამეფო ციხეების გამგებლები.

დროთა განმავლობაში XI საუკუნის II ნახევარში აბუსერისძენი თანდათან კარგავენ თავიანთი სამფლობელოების მნიშვნელოვან ნაწილს. მათ დაკარგეს ჯერ არტანუჯი, შემდეგ ციხისჯვარი და აწყური. XII-XIII საუკუნეებში შეინაღჩუნეს მხოლოდ აჭარა და იყვნენ მხოლოდ ხიხანის ერისთავთერისთავები. XIII საუკუნის 60-იან წლებში კი მათ სამცხეში გაძლიერებული ჯაყელები აჭარასაც ართმევენ ხელიდან.

XIV საუკუნეში ცნობილია ამირსპასალარი ივანე აბუსერისძე (გ. 1355). უკანასკნელად აბუსერისძენი იხსენიებიან XVI საუკუნის სამცხე-საათაბაგოს დიდებულთა სიაში.

გენეალოგია

რედაქტირება

თავად აბუსერისძე ტბელი თავის ნაშრომში „სასწაულნი წმიდისა გიორგისნი“ გვარის შესახებ წერს: „მე აბუსერისძე ტბელი, ძე ერისთავთერისთავისა ივანესი და დიოფალ-დიოფლისა ხათუთაჲსაჲ (რომელსა, შემდგომად ქმრისა მისისა თურქთა ხელითა აღსრულებისა, მონაზონებისა მისისათვის მაღლისა ეკატერინე ეწოდა), ძმაჲ ერისთავთერისთავთა აბუსერისი და ვარდანისი... და სახსენებელად პაპისა ჩვენისა აბუსერისსა და ძმისა მისისა სანანოჲსთვის, რომელმან ნეფსით თვისით თავი თვისი უცოლო და უშვილო ყო ჩვენისა წყალობისათვის. ამათ წაიხვნეს ხიხანი, მტერთა ზედა გაცემულნი, ბრძანებითა ღმრთისა სწორთა პატრონთაჲთა... და პატრონთა მშობელთა ჩვენთა და მამიდათა — ფოტინეს და საგდუხტის სულსა, და ჩვენ სამთავე ძმათასა, და პატრონთა ჩვენთა დათასა — საგდუხტისსა და ცაცაჲსასა მოიხსენიებდით და დიოფალ-დიოფალსა, დისავე ჩვენისა — ვანენისსა, დიოფალ-დიოფლია ნისიმესი, პაპისა ჩვენისა პაპისდისაჲ... ჩემთა შვილთა დედამან ბაგულ... და მას და მისთა შვილთაცა ახსენებდით — რუსუდანს, ზაქარიას, ივანეს, ონოფრეს და აღსართანს... და ჩვენ სამთავე თანა ძმისწულსა ჩემსა გრიგოლსაცა მოიხსენიებდით. და ორნი ჩვილნი ქალ-ყრმანი ჩემნი მარჩბივნი მიიწოდნა ზენამან სუფევამან და მათცა მოიხსენებდით. პატრონმან ძმამან ჩემმან აბუსერი... და მეუღლესა ამისსა დიოფალ-დიოფალსა, დედასა გრიგოლისსა თამარს მოიხსენიებდით... და მეორესაცა მეუღლესა ერისთავთერისთავისა აბუსერისსა - დიოფალ დიოფალსა ვახახსა ესრეთვე მოიხსენიებდით... სულსა პატიოსნისა ხვაშაჲსასა, ერისთავთერისთავით, მისით ქმრით, გრიგოლითურთ, რომელნი იყვნეს მშობელნი აბუსერისნი, პაპისა ჩუენისანი, და სანანო ახოანისანი, პატრონთა დათა მათთა — ცვარისა და ავგუსტისანი, რომელთა სულნი ეგრეთვე მოხსენებითა დიდებულ ყოს ღმერთმან პატრონით — ერისთავთერისთავით, ბიძაჲთ ჩვენით გრიგოლითურთ. და ბებერსა ჩვენსა პატრონსა ბალიანდის მოიხსენებდით. ძმისა ჩემისა ვარდანის მეუღლესა — დიოფალ-დიოფალსა ნაზის მოიხსენიებდით... და ძმისწულსა ჩემსა ნათელს, ასულსა აბუსერისსა, მოიხსენებდით, და ვარდანის ასულთა, ძმისწულთავე ჩემთა, ხათუნსა და ვანენის“[1].

აბუსერისძეთა გენეალოგიის შექმნა სცადა თედო ჟორდანიამ, რისთვისაც მან „ქართლის ცხოვრება“ გამოიყენა.


ლიტერატურა

რედაქტირება
  • შოშიაშვილი ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 47.
  • ი. სიხარულიძე, „აჭარის მატერიალური კულტურის ძეგლები“, ბათ., 1962, გვ. 29
  • თ. ჟორდანია, „ქრონიკები“, ტ. 2, გვ. 120-123
  • აბუსერისძეები XI-XIV საუკუნეების საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში / ბიჭიკო დიასამიძე // სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიის საკითხები / საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი .- ბათუმი, 2008 .- ტ. III .- გვ.77-93
  1. „ქართული მწერლობა“, ტ. 3, ტბ., 1988, გვ. 427-429