ტაკიძეების ციხე, ოთოლთის ციხე — ციხესიმაგრე შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაკიძეებში. ციხე აგებულია XI-XIII საუკუნეში. ციხე სადაზვერვო–თავდაცვითი დანიშნულების იყო. იგი მდებარეობდა გურიიდან ზემოაჭარაში გადამავალ გზაზე. ციხე აღმართულია მდინარე ჭვანისწყლისა და მისი მარჯვენა შენაკადის - ოთოლთისწყლის ხერთვისში, წინ წამოწეული მთავარანგელოზის მთის წვერზე. ადგილობრივი მოსახლეობა მას ციხე-ყელსაც უწოდებს. ციხის უძველესი არქეოლოგიური ფენა ძვ.წ.აღ V-IV საუკუნეებით თარიღდება. 1984 წელს დაიწყო ციხის არქეოლოგიური შესწავლა. აღმოჩენილია ციხის მარანი, წყლის რეზერვუარი, კერამიკული მასალა.

ციხის აღმოსავლეთით განთავსებული გალავანი შედარებით სწორხაზოვანია. იგი ნაშენებია კლდის ქანის მოსწორებულ ზედაპირზე. საკმაოდ კარგადაა დაცული კედლის ჩრდილო-აღმოსავლეთი მონაკვეთი, ხოლო უკიდურესი სამხრეთ-აღმოსავლეთი მონაკვეთი კი თითქმის საძირკვლის დონემდეა მორღვეული. კედელს სიმტკიცისათვის დატანებული აქვს მცირე გოდოლები - ნახევარწრიული ფორმის ერთგვარი კონტრფორსები. გალავნის სისქე სხვადასხვანაირია და 1,6-2 მერტრამდე მერყეობს. ციხის ეს მხარე ხეობისკენაა მიმართული. ამიტომაცაა, რომ მასში გაუჭრიათ სამი სათვალთვალო სარკმელი. შედარებით ნაკლებადაა დანგრეული ჩრდილოეთი გალავანი. ციხის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში აღამრთულია ნახევარწრისებური კოშკი. ციხის მოცემულ ნაწილს ასევე აქვს კონტრფორსები. კედლის მაქსიმალური სიმაღლე 5-7 მ-ია. გალავანს აქაც სხვადასხვა სიმაღლეზე დატანებული აქვს სათვალთვალო სარკმლები.

ციხის ციტადელიც დასავლეთი კედლის ჩრდილოეთ ნაწილშია გამართული. იგი გამოყენებული იყო სხვადასხვა სახის სამეურნეო ნაგებობების გასამართავად. შედარებით დაუცველი ჩანს დასავლეთი კედლის სამხრეთი მონაკვეთი. ამ სუსტი ადგილის გასამაგრებლად კედელთან ახლოს ამოჭრილი იყო საკმაოდ დიდი ზომის თხრილი, რომელიც წყლით ივსებოდა. ციხის შესასვლელი დასავლეთი გალავნის ცენტრალურ ნაწილშია მოთავსებული, სადაც კლდოვან რელიეფზე საფეხურებია ამოკვეთილი. ციხეს ჰქონია მეორე კოშკიც. იგი ჩართულია აღმოსავლეთი და დასავლეთი გალავნების სამხრეთი თავშეყრის ადგილას. პირველი კოშკისაგან განსხვავებით, იგი წაგრძელებული ოთხკუთხედის ფორმისაა. ყველა კოშკი და გალავნის კედლები აგებულია ადგილობრივი ქვით. აქა-იქ გამოყენებულია დიდი ზომის კარგად გათლილი კვადრები. ქვების გარე პირი უმეტესად მოსწორებულია. ისინი დაწყობილია დუღაბის საკმაოდ სქელ ფენაზე.

ციხე ცენტრალურ ნაწილში არსებული კედლით თითქმის ორ თანაბარ ნაწილადაა გამოყოფილი. შიდა ციხის უმთავრესი ნაწილი მდებარეობს ციხის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში კლდის ტერასაზე. ციხეს ჰქონდა კიბე და მის ქვეშ მოთავსებული გვირაბი, რომელიც მდებარეობს ციხის ეზოს უკიდურესი ჩრდილოეთი მონაკვეთის შუა ნაწილში. კიბითა და გვირაბით შეიძლებოდა ციხის ციტადელზე ასვლა და იქიდან ხის კიბის გამოყენებით შიდა ციხის ტერიტორიაზე ჩასვლა. კიბეს აქვს 12 საფეხური. ციხის ეზოში აღმოჩნდა მოზრდილი მარანი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 11846