დურუჯი
დურუჯი — მდინარე აღმოსავლეთ საქართველოში, ალაზნის მარცხენა შენაკადი, გაედინება ქალაქ ყვარელზე. იქმნება შავი და თეთრი დურუჯის შეერთებით კავკასიონის სამხრეთ კალთაზე. შავი დურუჯი იწყება მთა შავი კლდიდან, თეთრი დურუჯი — მთა ნინიკასციხის სამხრეთ კალთაზე. სიგრძე 27 კმ, აუზის ფართობი 103 კმ².
დურუჯი | |
---|---|
მდინარე დურუჯის ხეობა და ილიას ტბა, ხედი კუდიგორადან | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | ყვარლის მუნიციპალიტეტი (კახეთის მხარე) |
ქალაქები | ყვარელი |
სათავე |
კახეთის კავკასიონი 42°01′31″ ჩ. გ. 45°53′01″ ა. გ. / 42.02528° ჩ. გ. 45.88361° ა. გ. |
შესართავი |
ალაზანი 41°52′40″ ჩ. გ. 45°47′07″ ა. გ. / 41.87778° ჩ. გ. 45.78528° ა. გ. |
სიგრძე | 27 კმ |
აუზის ფართობი | 103 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 1,06 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი | |
დურუჯი ვიკისაწყობში |
ზემო დინებაში აუზი მარაოსებრია. ხეობის ძლიერ დახრილი ფერდობების ზედა ნაწილი და ფსკერი მოგებულია თიხაფიქლების დაქუცმაცებული პროდუქტების სქელი ნაყარით, კალაპოტი ნაყარშია ჩაჭრილი. შუაწელში ხეობა ყუთის ფორმის ვიწრობს წარმოადგენს და ტყით არის შემოსილი. კალაპოტი კლდოვანი, ჩანჩქერიანი და ჭორომიანი აქვს. ქვემო დინებაში აუზი შედარებით ფართოა. ქალაქ ყვარლის მიდამოებში ხეობის ფსკერი მთლიანად უკავია გამოზიდვის კონუსს, რაზედაც მდინარე იტოტება ყვარელს ქვემოთ და რამდენიმე ღელის სახით მიემართება ალაზნისკენ.
დურუჯი ძირითადად საზრდოობს თოვლის და წვიმის წყლით და წყალმცირეა. საშუალო წლიური ხარჯი შეადგენს 1,06 მ³/წმ-ს. ხასიათდება წყალმოვარდნის რეჟიმით. დურუჯის ზემო დინებაში პერიოდულად იქმნება ტიპური სტრუქტურული ღვარცოფი, რომლის დროს ხარჯმა შეიძლება 200 მ³/წმ და მეტს მიაღწიოს. მთებიდან გამოაქვს კოლოსალური რაოდენობით ტალახად ქცეული მყარი მასალა და დიდ საფრთხეს უქმნის ქალაქ ყვარელს. ჩატარებულია ღონისძიებანი ღვარცოფის გასაუვნებლად.
დურუჯის რიყეზე, ყვარლის თავში, ზღვის დონიდან 430 მ სიმაღლეზე, არის კატასტროფული ღვარცოფის მიერ 1899 წელს ჩამოტანილი გაფიქლებული ქვიშაქვის ლოდი — დურუჯის ლოდი.
ლიტერატურა
რედაქტირება- კიკილაშვილი თ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 513–514.