გაღმამხარი (კახეთი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გაღმამხარი.

გაღმამხარი[1][2], გაღმა მხარი[3] — ისტორიული მხარე კახეთში. მოიცავდა ძველი ჰერეთის ტერიტორიის ნაწილს, რომელიც მოქცეული იყო მდინარე ალაზანსა და კავკასიონის ქედს შორის. ეს ტერიტორია შიდა კახეთის მიმართ „გაღმა მხარი“ იყო. ეკონომიურად იგი კახეთის ერთ-ერთ ყველაზე დაწინაურებულ კუთხეს წარმოადგენდა. განსაკუთრებით განვითარებული იყო მევენახეობა და მეაბრეშუმეობა. გაღმა მხარის დაწინაურებაში დიდი როლი ითამაშა მისმა სიახლოვემ გილან - შემახის სავაჭრო გზასთან. ეკონომიურმა განვითარებამ განაპირობა გვიანი ხანის კახეთის სამეფოს პოლიტიკური ცენტრის გაღმამხარში (გრემში) გადანაცვლება. XVII-XVIII საუკუნეებში გაღმა მხარის ეკონომიკას დიდი ზიანი მიაყენა ირანის შაჰის აბას I-ის ლაშქრობებმა და დაღესტნელ ფეოდალთა თავდასხმებმა. ეს მხარე დიდხანს გაუკაცრიელებული და აოხრებული იყო. თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით გაღმა მხარი მოიცავს ლაგოდეხის, ყვარლისა და ნაწილობრივ თელავის რაიონების ტერიტორიას.

ვახუშტი ბაგრატიონი გაღმა მხარის მდებარეობასა და საზღვრების შესახებ აღნიშნავს:

ვიკიციტატა
„ხოლო ამის აღმოსავლით (შიგნით კახეთი) არს გაღმა მჴარი, რომელსა მზღვრის: აღმოსავლით კავკასი ლეკეთისა, დიდოეთისა და თუშეთისა და ამას შორისი, სადაცა გარდავლენანცა გზანი მათ შინა გაღმა მჴრიდამ; სამჴრით ელისენის საზღვარი; დასავლით ალაზნის მდინარე; ჩრდილოთ მთა კავკასი, ამასა და თუშეთს შორისი, სადაცა გარდავალს გზა თუშეთს, და საზღვარი პანკისისა.“

ლიტერატურა რედაქტირება

  • ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკიტხები, ტ. 1-3, თბ., 1964-1966;
  • გვასალია ჯ., თოდრია თ., გვიანფეოდალური ხანის კახეთის სამეფოს პოლიტიკური საზღვრები, «საქართველოს ისტორიული გეოგრაფიული კრებული», 1971, ტ. 4;
  • გვრიტიშვილი დ., ფეოდალური საქართველოს სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან (ქართლის სათავადოები), თბ., 1955;

სქოლიო რედაქტირება

  1. ტატიშვილი თ., გვასალია ჯ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 21.
  2. ტატიშვილი თ., გვასალია ჯ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 566.
  3. კ. ხარაძე, „კახეთის ისტორიული გეოგრაფია XVIII ს“, თბ., 2010, გვ. 147-156