თელავის მუნიციპალიტეტი

(გადამისამართდა გვერდიდან თელავის რაიონი)

თელავის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის მხარეში. 1917 წლამდე მუნიციპალიტეტის ტერიტორია შედიოდა თბილისის გუბერნიის თელავის მაზრაში, 1930 წლიდან კი ყალიბდება ცალკე რაიონად. 2006 წლიდან ეწოდა მუნიციპალიტეტი, 2014-2017 წლებში მუნიციპალიტეტიდან გამოყოფილი იყო ქალაქი თელავი.

ადმინისტრაციული ერთეული
თელავის მუნიციპალიტეტი
დროშა გერბი
[1] [1]

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე კახეთის მხარე
ადმ. ცენტრი თელავი
კოორდინატები 41°55′01″ ჩ. გ. 45°28′35″ ა. გ. / 41.91694° ჩ. გ. 45.47639° ა. გ. / 41.91694; 45.47639
ფართობი 1094.5 კმ²
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 58 350 კაცი (2014)
სიმჭიდროვე 53,31 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 89,72 %
აზერბაიჯანელები 8,63 %
რუსები 0,27 %
სომხები 0,25 %
ოსები 0,21 %[2]
სარწმუნოებრივი შემადგენლობა მართლმადიდებლები 89,49 %
მუსლიმები 8,64 %[3]
სასაათო სარტყელი UTC+04:00
ოფიციალური საიტი telavi.gov.ge
თელავის მუნიციპალიტეტი — საქართველო
თელავის მუნიციპალიტეტი
თელავის მუნიციპალიტეტი — კახეთის მხარე
თელავის მუნიციპალიტეტი

ახლანდელი თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე დასახლება საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან კულტურულ, სავაჭრო და საგანმანათლებლო ცენტრს წარმოადგენდა. ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების (1801) შემდეგ შეიქმნა ახალი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული თელავის მაზრა, რომელიც მოიცავდა ალაზნის ხეობის ზემო ნაწილს. დიუბუა დე მონპერეს ცნობით (1834) მაზრის მოსახლეობა 47000 ადამიანი იყო. თელავის მაზრაში განვითარებული იყო მეღვინეობა, ვენახებს ეჭირა 7 ათასი დესეტინა მიწა და ისხმებოდა 31360000 პინტა ღვინო. მეღვინეობის საუკეთესო ადგილები იყო კონდოლი, ყვარელი და წინანდალი. 1841 წელს მაზრა დაიყო თელავის, ყვარლის, სიღნაღის, უკანამხრის, თუშეთისა და ფშავ-ხევსურეთის უბნებად. 1842 წელს თელავის მაზრას ჩამოაშორეს თუშეთისა და ფშავ-ხევსურეთის უბნები და მათგან დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ერთეული შექმნეს. 1844 წელს აღადგინეს სიღნაღის მაზრა, თელავის მაზრა კი თელავისა და ყვარლის უბნებად დაყვეს. 1874 წელს თელავის მაზრას თიანეთის მხარეც ჩამოსცილდა. 1891 წელს თელავის მაზრა იყოფოდა ქალაქ თელავის (11214 მცხ.), ყვარლისა (20543 მცხ.) და წინანდლის უბნებად (33362 მცხ.). სულ მაზრაში შედიოდა ერთი ქალაქი და 61 სოფელი. მისი ტერიტორია შეადგენდა 2523,43 კმ2-ს.[4]

1930 წლიდან თელავის მაზრა გაუქმდა და მის ნაცვლად შეიქმნა რამდენიმე რაიონი, მათ შორის ერთ-ერთი იყო თელავის რაიონი, რომლის ადმინისტრაციული ცენტრი გახდა ქალაქი თელავი. 2006 წლიდან თელავის რაიონს ეწოდა „თელავის მუნიციპალიტეტი“. 2014 წელს მუნიციპალიტეტს გამოეყო ქალაქი თელავი.[5]

2017 წლიდან ქალაქ თელავს ჩამოერთვა თვითმმართველი ქალაქის სტატუსი, შეუერთდა თვითმმართველი თემი და შეიქმნა თელავის მუნიციპალიტეტი.[6]

ადმინისტრაციული მოწყობა

რედაქტირება

თელავის მუნიციპალიტეტი არის დასახლებათა ერთობლიობა, რომელსაც აქვს ადმინისტრაციული საზღვრები და ადმინისტრაციული ცენტრი - ქალაქი თელავი. თელავის მუნიციპალიტეტს გააჩნია არჩევითი წარმომადგენლობითი (საკრებულო) და აღმასრულებელი ორგანო (მერია), რეგისტრირებული მოსახლეობა და აქვს საკუთარი ქონება, ბიუჯეტი, შემოსულობები. მუნიციპალიტეტი საჯარო სამართლის იურიდიული პირია.[7] თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო და მერი 4 წლის ვადით ირჩევა. ბოლო არჩევნები ჩატარდა 2021 წელს.[8]

თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულები და მოსახლეობის რაოდენობა 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით[9]
ადმინისტრაციული ერთეული მოსახლეობა ადმინისტრაციული ერთეული მოსახლეობა
თელავი 19 629 ლალისყური 499
აკურა 1 869 ლაფანყური 620
ართანა 819 ნასამხრალი 576
ბუშეტი 1 090 ნაფარეული 2 003
გულგულა 1 108 რუისპირი 2 568
ვანთა 937 სანიორე 913
ვარდისუბანი 2 646 ფშაველი 1 712
თეთრწყლები 232 ქვემო ხოდაშენი 1277
იყალთო 2 034 ყარაჯალა 4 891
კისისხევი 1 916 შალაური 2 186
კონდოლი 2 188 წინანდალი 2675
კურდღელაური 3 962

გეოგრაფია

რედაქტირება
 
ხიდი მდინარე ლოპოტაზე

თელავის მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთით და დასავლეთით ესაზღვრება ახმეტის მუნიციპალიტეტი, ჩრდილო-აღმოსავლეთით დაღესტნის რესპუბლიკა, აღმოსავლეთით ყვარლის, სამხრეთ-აღმოსავლეთით გურჯაანის, სამხრეთ-დასავლეთით საგარეჯოს მუნიციპალიტეტები. მუნიციპალიტეტის მიწების დიდი ნაწილი უჭირავს ფართოფოთლოვან ტყეებს.[10]

მუნიციპალიტეტის ტერიტორია მიეკუთვნება ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავის ოლქს. ალაზნის ვაკეზე ჩამოყალიბებულია ზომიერად ნოტიო ჰავა ცხელი ზაფხულითა და ზომიერად ცივი ზამთრით. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა 12 °C, ნალექების რაოდენობა 700-800 მმ წელიწადში.[10]

თელავის მუნიციპალიტეტის მთავარ ჰიდროლოგიურ არტერიას ქმნის მდინარე ალაზანი და მისი აუზი. მისი სიგრძე 351 კილომეტრია და საქართველოს ტერიტორიაზე ყველაზე გრძელი მდინარეა.[11]

აღსანიშნავია მდინარეები: სტორი, კისისხევი, ლოპოტა, თურდო, თელავისხევი და სხვა.[10]

მუნიციპალიტეტის ტერიტორია გეომორფოლოგიური თვალსაზრისით რთული აგებულებისაა. თელავის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ნაწილი გაშლილია ალაზნის აკუმულაციურ ვაკეზე, რომელიც გეოლოგიური თვალსაზრისით წარმოადგენს ტექტონიკურ ერთეულს. შემოზღუდულია სამხრეთ-დასავლეთით გომბორის ქედით, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთით კახეთის კავკასიონით. აქაურ მიწებზე ვაკის სიმაღლე აღწევს 350-600 მ-ს.

მუნიციპალიტეტის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში იჭრება გომბორის ქედი, რომელიც აგებულია მეზოზოური და კაინოზოური წყებებით. სწორედ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა გომბორის ქედის უმაღლესი მწვერვალი - ცივი (1991 მ). მწვერვალი ცივი აგებულია მიო-პლიოცენური ფხვიერი ნალექებით - კონგლომერატებით, თიხებითა და ქვიშაქვებით.

მნიშვნელოვანი ოროგრაფიული ერთეულია ასევე ანდარაზანის ქედი (კახეთის კავკასიონის სამხრეთ განშტოება), რომელიც მდინარეების დიდხევისა და ლოპოტის წყალგამყოფს წარმოადგენს. აგებულია ლიასის თიხაფიქლებით. ქედის ჩრდილოეთ ნაწილში აღმართულია მწვერვალი დიდი ანდარაზანი (3039 მ). სამხრეთ მონაკვეთში კი აღმართულია მწვერვალი პატარა ანდარაზანი (2448 მ). თელავის მუნიციპალიტეტს უჭირავს კახეთის კავკასიონის სამხრეთ-დასავლეთი კალთები: საჯიხვე-გირგალისა და ნაქერალის შტოქედებს შორის. აგებულია იურული და ცარცული თიხაფიქლებით, აგრეთვე მერგელებით, ქვიშაქვებითა და კირქვებით.

შიგა წყლები

რედაქტირება

თელავის მუნიციპალიტეტის მთავარ ჰიდროლოგიურ არტერიას ქმნის მდინარე ალაზანი და მისი აუზი. გამოსაყოფია მდინარე სტორი (სიგრძე 38 კმ), რომელიც წყალს იკრებს კახეთის კავკასიონის სამხრეთი კალთიდან. იკვებება თოვლის, წვიმის და მიწისქვეშა წყლით. მწვერვალ ცივის სამხრეთიდან რამდენიმე კმ-ის მოშორებით იწყება მდინარე კისისხევი (სიგრძე 37 კმ), რომლის სათავეში განვითარებულია ბედლენდები.

საყურადღებო ჰიდროლოგიური ერთეულია მდინარე ლოპოტა (სიგრძე 33 კმ) მარჯვენა შენაკად დიდხევით. ლოპოტა ჩამოედინება კახეთის კავკასიონის სამხრეთ კალთიდან. იგი ჯერ ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება შემდეგ კი იჭრება თელავის მუნიციპალიტეტში. მუნიციპალიტეტში შემოსვლის შემდეგ მდინარე უხვევს დასავლეთისაკენ, ხოლო შემდეგ მკვეთრად უხვევს სამხრეთისაკენ. სოფლებს სანიორესა და ნაფარეულის გავლის შემდეგ ლოპოტა რამდენიმე ღელეს სახით მიემართება ალაზნისაკენ (ერთვის მარცხენა მხრიდან). ლოპოტა ზოგჯერ ღვარცოფულია. მისი მთავარი შენაკადია დიდხევი (სიგრძე 19 კმ).

პერიოდული მდინარეებიდან აღსანიშნავია მდინარე თურდო (სიგრძე 32 კმ), რომელიც სათავეს გომბორის ქედზე იღებს. ალაზნის ვაკეზე ქმნის გამოზიდვის კონუსს. მდინარის კვებაში მთავარ როლს თამაშობს წვიმის წყალი და შედარებით უმნიშვნელოდ თოვლის წყალი.

ტიპური სელური მდინარეა თელავისხევი (სიგრძე 21 კმ), რომელიც ალაზანს მარჯვნიდან შეერთვის. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაედინება ასევე პატარა მდინარეები აკურისხევი (სიგრძე 9 კმ) და ვანთისხევი.

მუნიციპალიტეტის ტერიტორია ტბებით ღარიბია.

თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორია მიეკუთვნება ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავის ოლქს. ალაზნის ვაკეზე ჩამოყალიბებულია ზომიერად ნოტიო ჰავა ცხელი ზაფხულითა და ზომიერად ცივი ზამთრით. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა 12 °C, აბსოლუტურ მაქსიმუმი 39 °C, ნალექები 700-800 მმ წელიწადში.

გომბორის ქედზე ზღვის დონიდან 1200 მ-მდე ზომიერად ნოტიო ჰავაა. ცივის მწვერვალზე ტემპერატურა უდრის 4 °C-ს.

კახეთის კავკასიონზე ზღვის დონიდან 1200 მ-მდე ჩამოყალიბებულია ზომიერად ნოტიო ჰავა. ნალექები 1150 მმ. სუბალპურ ზონაში ნალექიანობა მატულობს 2000 მმ-მდე.

ნიადაგები

რედაქტირება

ალაზნის მარცხენა მხარეზე ჩამოყალიბებულია მდელო-ტყის ალუვიური უკარბონატო ნიადაგი. მარჯვენა მხარეზე კი ალუვიური კარბონატული ნიადაგი. მთისწინეთის ზონაში განვითარებულია ყავისფერი ნიადაგი. კახეთის კავკასიონისა და ქედების კალთების ქვემო ნაწილში ფართოფოთლოვანი ტყის ქვეშ, გავრცელებულია ტყის ყომრალი ნიადაგი. გომბორის ქედის კირქვიან კონგლომერატებზე გვხვდება ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგი.

ლანდშაფტები

რედაქტირება

თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩამოყალიბებულია ლანდშაფტის შემდეგი სახეები:

  1. გამოზიდვის კონუსებიანი ვაკე ტყე ბუჩქნარით პროლუვიური და ნეშომპალა კარბონატული ნიადაგებით;
  2. გამოზიდვის კონუსებიანი მთისწინეთი მუხნარით, ტყის ყავისფერი და ნეშომპალა კარბონატული ნიადაგებით;
  3. დაბალი მთები მუხნარით და მუხნარ-რცხილნარით ტყის ყავისფერ და ყომრალ ნიადაგებზე;
  4. საშუალო მთები წიფლის, მუხისა და წაბლის ტყეებით, ტყის ყომრალი ნიადაგებით;
  5. სუბალპური მდელოები მთის მდელოს ნიადაგებით;
  6. ალპური მდელოს ლანდშაფტი მთის მდელოს ნიადაგებზე.

ფლორა და ფაუნა

რედაქტირება

მუნიციპალიტეტის მიწების დიდი ნაწილი უჭირავს მთისწინეთის და დაბალმთიანეთის მუხნარ-რცხილნარსა და სხვა ფართოფოთლოვან ტყეებს. ალაზნის ვაკეზე შემორჩენილია ლეშამბიანი ტყე.

გომბორის ქედის საშუალმთიანეთში გვხვდება მუხნარ-რცხილნარი და წიფლნარი. ზღვის დონიდან 2000 მ-მდე გაბატონებულია წიფლნარი, რომელშიც შერეულია რცხილა და არყის ხე. კახეთის კავკასიონის კალთაზე ზღვის დონიდან 800-1000 მ-მდე გაბატონებულია მუხნარ-რცხილნარი, რომელშიც შერეულია წიფელი, ზოგან ცაცხვი და წაბლი.

ზღვის დონიდან 2500 მ-მდე გვხვდება ტყე, ბუჩქნარი და მდელოები.

თელავის მუნიციპალიტეტის ფაუნას შეადგენენ: მურა დათვი, არჩვი, შველი; თითქმის ყველგანაა კურდღელი, მგელი, მელა, ტურა, მემინდვრია, ვირთაგვა, ძილგუდა, გარეული ღორი და სხვ. ორნითოფაუნას ქმნიან: ბუ, არწივი, კოდალა, ყვავი და ა.შ.

მდინარეებში გვხვდება კარჩხალი, ხრამული, კობრი, გოჭალა, ჭანარი და სხვ.

დემოგრაფია

რედაქტირება

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით თელავის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის რიცხოვნობა 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შეადგენს 55.1 ათას ადამიანს. აქედან საქალაქო დასახლებაში ცხოვრობს 19.8 ათასი, ხოლო სასოფლო დასახლებაში 35.4 ათასი ადამიანი.[12]

მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემების მიხედვით სქესთა გადანაწილება ასეთია: საქალაქო დასახლებაში ცხოვრობს 8 968 მამაკაცი, ხოლო სასოფლო დასახლებაში - 19 134.

ქალთა რაოდენობა საქალაქო დასახლებაში არის 10 661, ხოლო - სასოფლო დასახლებაში 19 587.[13]

აღწერის მონაცემები

რედაქტირება
აღწერის წელი მოსახლეობა
1989 77 988
2002 70 254  
2014 58 350  

ეკონომიკა

რედაქტირება

წამყვანი დარგია მევენახეობა, განვითარებულია აგრეთვე მებაღეობა, მარცვლეულის წარმოება, მებოსტნეობა, ეთერზეთოვანი კულტურების, ხორცისა და რძის წარმოება. მნიშვნელოვანი საწარმოებია ღვინის ქარხნები, კვების და მსუბუქი მრეწველობის ობიექტები. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის სარკინიგზო ხაზი და საავტომობილო მაგისტრალი.

თელავში არის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი, რომელიც უცხოელ და ადგილობრივ ვიზიტორებს აწვდის საჭირო ინფორმაციას ტურისტული ინფრასტრუქტურის, არქიტექტურული და არქეოლოგიური ძეგლების, კულტურული ღონისძიებების, ფესტივალების, სახალხო დღესასწაულების, დაცული ტერიტორიების, ტრანსპორტის და სხვა საკითხების შესახებ.[14]

ვიზიტორთა რაოდენობა

რედაქტირება

2019 წლის მონაცემებით თელავის მუნიციპალიტეტში არსებული სასტუმროების, მუზეუმების (წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახელობის და თელავის ისტორიული მუზეუმის) და საინფორმაციო ცენტრში შემოსული სტუმართა საერთო რაოდენობა იყო 132 352 (აქედან თელავის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრს მიაკითხა 4647 ვიზიტორმა).

ტურიზმის სახეობები მუნიციპალიტეტში

რედაქტირება
  • კულტურულ-რელიგიური ტურიზმი
  • ღვინის ტურიზმი
  • საფესტივალო ტურიზმი
  • გასტრონომიული ტურიზმი
  • აგრო ტურიზმი[15]

განათლება

რედაქტირება

თელავის მუნიციპალიტეტში ფუნციონირებს კახეთის მხარეში ერთადერთი უმაღლესი სასწავლებელი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მუნიციპალიტეტში მდებარეობს 27 საჯარო, 1 კერძო სკოლა და 32 საბავშვო ბაგა-ბაღი. 2021 წლის მდგომარეობით, სკოლის მოსწავლეთა რაოდენობა 8 728-ია, ხოლო ბაგა-ბაღებში ირიცხება 3 068 აღსაზრდელი.

მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 27 ბიბლიოთეკა (22 სოფლის, 5 ქალაქის), მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი, პროფესიული კოლეჯი, 5 სამუსიკო სკოლა,[16] სამუსიკო სასწავლებელი და სამხატვრო სკოლა.[17]

თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს თელავის აეროპორტი „მიმინო“, სადაც ხორციელდება საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის სასწავლო პრაქტიკა.[18]

თელავის მუნიციპალიტში განვითარებულია კულტურული ცხოვრება. ფუნქციონირებს სხვადასხვა კულტურული და შემოქმედებითი დაწესებულება. მათ შორის:

ფესტივალები და სახალხო დღესასწაულები

რედაქტირება

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წლის განმავლობაში სხვადასხვა ფესტივალი იმართება, რომელთაც მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ვიზიტორი სტუმრობს.

თელავის მუნიციპალიტეტის მნიშვნელოვანი ტრადიციული ღონისძიებები
დასახელება თარიღი აღწერა
ერეკლეობა 7 ნოემბერი მეფე ერეკლე მეორის იუბილეს აღსანიშნავად, ყოველი წლის 7 ნოემბერს თელავში ერეკლეობა იმართება. დღის განმავლობაში ტარდება მეფე ერეკლეს სულის მოსახსენიებელი წირვა, გამოფენები, კონცერტები და საპატიო თელაველების გამოვლენა.[26]
წინანდლის მუსიკის ფესტივალი სექტემბერი ყოველი წლის სექტემბრის თვეში, წინანდლის ისტორიულ მამულში ფესტივალი კლასიკურ, კამერულ და სოლო კონცერტებს მასპინძლობს. ფესტივალში მონაწილეობენ ქართველი და უცხოელი მუსიკოსები.[27]
ღვინის ფესტივალი „თელავინო“ ოქტომბერი ფესტივალი აერთიანებს ღვინის კომპანიებსა და მცირე მეწარმეებს, რომელთაც საშუალება აქვთ, წარადგინონ საკუთარი ღვინო. პარალელურად ფესტივალზე ადგილობრივი და მოწვეული შემოქმედებითი ჯგუფების კონცერტები იმართება.[28]
კლასიკური მუსიკის ფესტივალი სექტემბერი-ოქტომბერი ყოველი წლის შემოდგომაზე თელავი მუსიკის ფესტივალს მასპინძლობს, სადაც საერთაშორისო თუ ქართველი მუსიკოსები მონაწილეობენ. კონცერტებთან ერთად ტარდება მუსიკალური მასტერკლასები.[29]

პროფესიული სპორტი

რედაქტირება

თელავის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს თელავის საჩოგბურთო კორტების კომპლექსი, რომელიც აერთიანებს თანამედროვე ინფრასტრუქტურით მოწყობილ 6 საჩოგბურთო თიხნარ მოედანს და 2 ხელოვნურსაფარიან კორტს, სადაც ტარდება საერთაშორისო ტურნირები (მათ შორის ლეილა მესხის სახელობის ყოველწლიური ტურნირი).[30]

თელავში ფუნციონირებს საფეხბურთო კლუბი „თელავი“, რომელიც საქართველოს ეროვნულ ლიგაში მონაწილეობს.[31]

საქართველოს რაგბის I ლიგაში მონაწილეობს თელავის რაგბის კლუბი „ჭადარი“. ასევე საართველოს რეგიონულ ლიგაში მონაწილეობს კლუბი „ქისი“.[32]

2018 წელს ქალაქ თელავში რაგბის სტადიონი „კავკასიონი არენა“ აშენდა, სადაც 2021 წელს ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი (საქართველო-ნიდერლანდები) მატჩი გაიმართა.[33]

სამოყვარულო და საბავშვო სპორტი

რედაქტირება

თელავის საჩობურთო კორტების ბაზაზე მიმდინარეობს ბავშვთა და მოზარდ სპორტსმენთა მომზადება.[30]

თელავის გივი ჩოხელის სახელობის სტადიონის ბაზაზე საფეხბურთო სკოლა „თელავი“ ფუნქციონირებს.[34]

სპორტულ კლუბთა გაერთიანება „თელავი“ ფუნქციონირებს თელავის თამაზ ანთაძის სახელობის სპორტული კომპლექსის ბაზაზე და მოიცავს კალათბურთის, რაგბის, ხელბურთის, ფრენბურთის, მხატვრული ტანვარჯიშის, ჭადრაკის, სპორტული ტირის, ბილიარდის და მაგიდის ჩოგბურთის სამოყვარულო კლუბებს.[35]

ჭიდაობის სპორტული სკოლა „თელავი“ ფუნქციონირებს მირიან ცალქამანიძის სახელობის სპორტული სკოლის ბაზაზე და აერთიანებს ქართულ ჭიდაობის, ძიუდოს, სამბოს, თავისუფალი სტილით ჭიდაობის, კარატეს, კრივისა და მკლავჭიდის სექციებს.[36]

ღირსშესანიშნაობები

რედაქტირება
 
ერეკლე II-ის სასახლე

ქალაქ თელავში მდებარე „ბატონის ციხის“ არქიტექტურული კომპლექსი თავისი არქიტექტურულ-ისტორიული მახასიათებლებით კულტურული მემკვიდრეობის ღირსშესანიშნავ ძეგლს წარმოადგენს. ერეკლე მეფის სასახლე დღემდე შემორჩენილი ერთადერთი სამეფო სასახლეა საქართველოში.

ხუროთმოძღვრული კომპლექსის შემადგენლობაში შედის: კახთ მეფეთა სასახლე, ერეკლე მეორის კარის ეკლესია, არჩილის კარის ეკლესია, ციხის გალავანი, აბანო და სასახლის ტერიტორიაზე გაყვანილი გვირაბი. გალავნის გარეთ მდებარეობს საქართველოში ყველაზე დიდი საზარბაზნე ბურჯი.[37]

 
ასწლოვანი ჭადარი და თელავის ხედი

ქალაქ თელავის ცენტრში დგას ასწლოვანი ჭადარი, რომლის გარშემოწერილობა 12 მ აღწევს. ის საქართველოში ყველაზე დიდი ჭადრის ხეა და 900 წელზე მეტს ითვლის.[38]

თელავის მუნიციპალიტეტში ხუროთმოძღვრული ძეგლებიდან აღსანიშნავია იყალთოს სამონასტრო კომპლექსი, რომელიც დაარსებულია ერთ-ერთი ასურელი მამის ზენონ იყალთოელის მიერ VI საუკუნეში.

აღსანიშნავია ასევე ძველი შუამთის მონასტერი. ანსამბლში შედის V საუკუნის ბაზილიკა, გუმბათოვანი და მცირე გუმბათოვანი ეკლესია. XVI საუკუნეში ძველი შუამთის მონასტერი დაცარიელდა. მის მახლობლად კახთა მეფის ლევან II-ის მეუღლემ თინათინ გურიელის ასულმა დააარსა შუამთის ახალი მონასტერი.

სოფელ კისისხევში 63 ისტორიული ძეგლია. მათგან უძველესია V-VI საუკუნეების ღვთისმშობლის ჭალის სამნავიანი ბაზილიკა, კონდამაინის სამონასტრო კომპლექსი, კალო მიწების სამაროვანი, სხვა ეკლესია-სამლოცველოები და საყოფაცხოვრებო დანიშნულების შენობა-ნაგებობების ნაშთები, რაც აღნიშნულ ტერიტორიაზე ქალაქური ტიპის დასახლების ნიშნებზე მიუთითებს.[39]

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს ლოპოტას ტბა, რომლის გარშემო განვითარებულია ტურისტული ინფრასტრუქტურა: სასტუმროები, ღია და დახურული აუზები, გამაჯანსაღებელი ფიტნეს ცენტრი, კალათბურთის და ხელბურთის კორტები, მინი გოლფის მოედანი, სათევზაო სივრცე, საჯინიბო, ლოპოტას ტყის სპა, შატო ბუერა, რესტორნები, ღია ბუნგალოები და ბარები და სხვა გასართობი საშუალებები, როგორც ზრდასრულებისთვის, ასევე ბავშვებისთვის.[40]

თელავის მუნიციპალიტეტში მრავლადაა ღვინის და ყველის კომპანიები, ბიო მეურნეობები და საოჯახო მარნები, რომელთაც ხშირად სტუმრობენ ადგილობრივი თუ უცხოელი ვიზიტორები.

  • სხვა ხუროთმოძღვრული ძეგლებია : ვანთის სასახლის კომლექსი, ადამაანთ ციხე, ტორნისის და კიპურჭების ციხე ლაფანყურში და სხვა.

გამოჩენილი ადამიანები

რედაქტირება
თელავის მუნიციპალიტეტის გამოჩენილი ადამიანები
ფოტო სახელი და გვარი წლები აღწერა
  ალექსანდრე ჭავჭავაძე 1786-1846 რუსეთის საიმპერატორო არმიის გენერალ-ლეიტენანტი, პოეტი, მთარგმნელი, მეღვინე და საზოგადო მოღვაწე.
  ქეთევან იაშვილი 1883-1980 საზოგადო მოღვაწე, მეცენატი, კოლექციონერი.
  ელენე ახვლედიანი 1901-1975 ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი.
ვახტანგ ბოჭორიშვილი 1924-2002 მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის და ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი.
  გივი ჩოხელი 1937-1994 ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი და მწვრთნელი.
  კახი ასათიანი 1947-2002 ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი, ნახევარმცველი.
  ზაზა კოლელიშვილი 1957- ქართველი მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი, დამდგმელი მხატვარი.
  ანა მათნაძე 1983- მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი (2002).
  ლელა ჯავახიშვილი 1984- მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატიდ ქალთა შორის (2003), საერთაშორისო დიდოსტატი ვაჟთა შორის (2004).
  ბელა ხოტენაშვილი 1988- საერთაშორისო დიდოსტატი (2007), კაცთა შორის საერთაშორისო ოსტატი (2009)

დაძმობილებული ქალაქები [41]

რედაქტირება
ქალაქი სახელმწიფო რეგიონი/რაიონი/ოლქი ფართობი მაცხოვრებელი საფოსტო კოდი ვებ-გვერდი
ზელენა გურა   პოლონეთი ლუბუში  58,32 კმ² 118 982 კაცი (2011) 65-001-დან 65-950-მდე www.zielona-gora.pl
ხერსონი   უკრაინა ხერსონი 135,7 კმ² 333 737 კაცი (2015) 73000 www.city.kherson.ua დაარქივებული 2009-03-31 საიტზე Wayback Machine.
შაქი   აზერბაიჯანი შაქი 9 კმ² 63 700 კაცი (2012)  AZ5500 sheki-ih.gov.az
შტუმი   პოლონეთი პომერიანი 4,59 კმ² 9945 კაცი (2006) 82-400 sztum.pl
გლუბოკოე   ბელარუსი ვიტებსკის ოლქი 18 921 კაცი (2016) 220050 glubokoe.vitebsk-region.gov.by დაარქივებული 2017-07-13 საიტზე Wayback Machine.
ბიბერახ-ან-დერ-რისი   გერმანია ბადენ-ვიურტემბერგი 72,16 კმ² 31 419 კაცი (2013) 88400 www.biberach-riss.de
დაუგავპილსი   ლატვია ლატგალია 72,48 კმ² 101 057 კაცი (2012) LV-5401 www.daugavpils.lv
ანიკშჩიაი   ლიეტუვა უტენის მაზრა 1 765 კმ² 11 391 კაცი (2011) LT-29001 www.anyksciai.lt დაარქივებული 2018-02-19 საიტზე Wayback Machine.
ჟეშუვი   პოლონეთი კარპატების სავოევოდო 116,4 კმ² 171 227 კაცი (2010) 35-001–35-959 erzeszow.pl დაარქივებული 2022-05-06 საიტზე Wayback Machine.
ტალსი   ლატვია კურზემე 7,8 კმ² 11129 კაცი (2011) LV-3201, LV-3203 www.talsi.lv
ლაოაგი   ფილიპინები ილოკოსი 127,47 კმ² 102 457 კაცი (2007) 2900 www.laoagcity.gov.ph
ვილიანდი   ესტონეთი ვილიანდიმაა 14,62 კმ² 17868 კაცი (2012) 71020 viljandi.ee
კედაინიაი   ლიეტუვა კაუნასი 4,4 კმ² 30 214 კაცი (2008) LT-57001 kedainiai.lt დაარქივებული 2022-06-11 საიტზე Wayback Machine.
ბეშენოვა   სლოვაკეთი ჟილინი 4.297 კმ² 388კაცი (2004) 034 83 besenova.sk
კლეცკი   ბელარუსი მინსკი 974,12 კმ2 11 483 კაცი (2018) 222531 kletsk.minsk-region.by დაარქივებული 2017-06-01 საიტზე Wayback Machine.
ბალტა   უკრაინა ოდესის ოლქი 22,97 კმ2 18 789 კაცი (2017) 66101 balta-rada.gov.ua

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • სულხანიშვილი ნ., ჯაოშვილი ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 645-647.
  • მარუაშვილი ლ., საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია, თბ., 1964;
  • საბაშვილი მ., საქართველოს სსრ ნიადაგები, თბ., 1965;
  • უკლება დ., აღმოსავლეთ საქართველოს მთიანი მხარეების ლანდშაფტები და ფიზიკურ-გეოგრაფიული რაიონები, თბ., 1974.
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 http://heraldika.ge/index.php?m=41&arms_id=800
  2. Ethnic composition of Georgia 2014
  3. georgia-religion2014
  4. matsne.gov.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-26. ციტირების თარიღი: 2021-10-19.
  5. matsne.gov.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-26. ციტირების თარიღი: 2021-10-19.
  6. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი
  7. თელავის საკრებულო "ოცნების" 22, ენმ-ს 13 და გახარიას 1 დეპუტატით დაკომპლექტდება
  8. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 27 ივლისი 2016.
  9. 10.0 10.1 10.2 პროგრამა — საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისა და ზემოქმედების შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-17. ციტირების თარიღი: 2014-10-01.
  10. მდინარე ალაზნის აუზის წყლის რესურსების დაბინძურების შემცირების ღონისძიებები, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები, თბილისი 2011, გვ.4. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-26. ციტირების თარიღი: 2021-10-19.
  11. საქსტატი
  12. თელავის მუნიციპალიტეტის ურბანული გადანაწილება
  13. ესტუმრე კახეთს. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-23. ციტირების თარიღი: 2021-10-19.
  14. თელავის მუნიციპალიტეტის მერია, წერილი N01-2621249134 /დანართი/, 06/09/2021
  15. თელავის მუნიციპალიტეტის მერია, წერილი N01-2621249134, 06/09/2021
  16. თელავი - ხელოვნება და კულტურა
  17. ssu.edu.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-28. ციტირების თარიღი: 2022-06-06.
  18. თელავის ისტორიული მუზეუმი
  19. ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი
  20. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-24. ციტირების თარიღი: 2021-10-19.
  21. თელავის თეატრის ოფიციალური საიტი
  22. telavisistoriulimuzeumi.ge
  23. [1]
  24. [2]
  25. ერეკლეობა
  26. სექტემბრიდან წინანდალი კლასიკური მუსიკის ეპიცენტრი ხდება
  27. „თელავინო“
  28. კლასიკური მუსიკის ფესტივალი
  29. 30.0 30.1 თელავის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანება
  30. საქართველოს ეროვნული ლიგა
  31. რაგბის კავშირი
  32. www.rugbyeurope.eu
  33. თელავის საფეხბურთო სკოლა
  34. თელავის სპორტულ კლუბთა გაერთიანება
  35. თელავის ჭიდაობის სკოლა
  36. „ბატონის ციხის“ ისტორიისთვის, მაკა შავგულიძე, ARS GEORGICA
  37. ი. მიქელაძე, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბილისი., 1987. — გვ. 375.
  38. კისისხევი
  39. ლოპოტას ტბა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-31. ციტირების თარიღი: 2022-06-06.
  40. დაძმობილებული ქალაქები www.telavi.gov.ge