ანა მათნაძე
ანა მათნაძე (დ. 20 თებერვალი, 1983, თელავი, საქართველოს სსრ) ― საქართველოში დაბადებული, ესპანეთის სახელით მოასპარეზე მოჭადრაკე. 2002 წელს ფიდემ ქალთა შორის დიდოსტატის წოდება მიანიჭა, ხოლო 2006-ში — საერთაშორისო ოსტატის.
ანა მათნაძე, ბელგრადი. 2013 წელი. ევროპის ქალთა ჩემპიონატი | |
ქვეყანა (სპორტი) | ესპანეთი (2012-დან), |
---|---|
დაბადების თარიღი | 20 თებერვალი, 1983 |
დაბადების ადგილი | თელავი, საქართველოს სსრ, სსრკ |
წოდება | საერთაშორისო ოსტატი (2006) |
ფიდე რეიტინგი | 2423 (მარტი 2022) |
მაქსიმალური რეიტინგი | 2447 (იანვარი 2012) |
ბიოგრაფია
რედაქტირებაანა მათნაძე 1983 წლის 20 თებერვალს თელავში დაიბადა. ჭადრაკის თამაში 4 წლისას დედამ ასწავლა და მისი ერთ-ერთი მწვრთნელი მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი იყო. გოგონებს შორის, სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში ოთხჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი (1992, 1993, 1994 და 1998 წლებში).
ასევე წარმატებით გამოდიოდა საერთაშორისო შეჯიბრებებზე და რამდენიმე მედალიც მოიპოვა.
1993 წელს ბრატისლავაში 10 წლამდელ გოგონათა მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიგო.
1994-1995 წლებში, ზედიზედ ორჯერ ევროპის 12 წლამდელ გოგონებში გახდა ჩემპიონი. 1997 წელს ორი ოქროს მედალი აიღო, მსოფლიოს და ევროპის პირველობაზე. ორივე შემთხვევაში 14 წლამდელთა სექციაში იყოჩაღა. ორჯერ გახდა ევროპის ჩემპიონი 16 წლამდელ გოგონებში 1998-1999 წლებში. [1]
1999 წელს პატრაში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა და ქულით ჩამორჩა პირველადგილოსანს[2]. ბრინჯაოს მედალს დასჯერდა მომდევნო წელს ამავე შეჯიბრში, რომელსაც ესპანეთმა ავილესში უმასპინძლა. 2000 წელს ბათუმში შავი ზღვის ქვეყნების ქალთა ჩემპინატზე გაიმარჯვა. 2002 წელს მაია ლომინეიშვილთან ერთად საქართველოს ქალთა ჩემპიონი გახდა[3]. იმავე წელს ანთალიაში ელვისებურ ჭადრაკში ქალთა შორის ევროპის ჩემპიონატზე გამოვიდა ოქროს მედალი აიღო[4].
2002 წლიდან 2006 წლამდე საჭადრაკო კლუბ “ნტნ თბილისში” თამაშობდა და 7 მედალი მოიგო, 5 გუნდური და ორი ინდივიდუალური.
კლუბის შემადგენლობაში 2002 წელს ანტალიაში პირველ დაფაზე გამოვიდა და გუნდურ ბრინჯაოს დასჯერდა. 2003 წელს რეტიმნოში მესამე დაფაზე იასპარეზა და გუნდურ ვერცხლს დაეუფლა. 2004-2005 წლების გათამაშებაში ზედიზედ ორი გუნდური ოქრო და ინდივიდუალურ ვერცხლის მედლები მოიგო. 2004-ის შეჯიბრს იზმირმა უამსპინძლა და მესამე დაფაზე იასპარეზა, ხოლო 2005-ში მეოთხე იყო და ჩემპიონატი სენტ-ვინსენტში ჩატარდა.
2004 წლის ივნისში მან და ლელა ჯავახიშვილმა ფიდეში წერილი გამოაქვეყნეს, სადაც 2004 წლის ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატი სხვადასხვა ასპეტქში გააკრიტიკეს, რითაც მაშინდელ ფიდეს ვიცე-პრეზიდენტ ზურაბ აზმაიფარაშვილს დაუპირისპირდნენ. მათნაძემ თავდაპირველად ჩემპიონატზე გამოსვლა გადაიფიქრა, მაგრამ შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა და იასპარეზა, თუმცა პირველივე ტურში ოლგა ალექსანდროვასთან დამარცხდა (0,5:1,5)[5].
2006 წელს ბარსელონაში გაემგზავრა და ბალაგერში კატალონიის ქალთა ჩემპიონატი მოიგო. იმარჯვა საერთაშორისო ტურნირებში, 2007-ში მონდარის-ბალნეარიოში, 2009-ში ლას-პალმასში, 2010-ში საბადელში, ხოლო 2011-ში ბენიდორმში.
ესპანეთის მოქალაქეობა
რედაქტირება2012 წლის მარტში ესპანეთის სახელით გააგრძელა ასპარეზობა[6].
2012 წელს სტამბოლში ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში ქალთა ოლიმპიადაზე იასპარეზა და პირველ დაფაზე გამოვიდა, თუმც უმედლოდ დარჩა.
ინდივიდუალური ვერცხლი აიღო 2014 წლის ოლიმპიადაზე, ხოლო ნაკრებმა მე-13 ადგილი დაიკავა. მათნაძე მესამე დაფაზე თამაშობდა.
ინდივიდუალური ბრინჯაო აიღო 2018 წელს ბათუმიში მესამე დაფაზე მოთამაშემ[7].
ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში ევროპის გუნდურ ჩემპიონატებზეც იასპარეზა და მესამე დაფაზე მოთამაშემ ორი ინდივიდუალური მედალიც მოიგო. 2013 წელს ვერცხლი და 2017 წელს ბრინჯაო.
იგი მწვრთნელად მუშაობს ბარსელონაში საჭადრაკო კლუბ Associació d'Escacs Rubinenca-ში და InterAjedrez Academia-ში.
გამოდიოდა გუნდებში: ესპანეთში Peona i Peó, საფრანგეთში Annemasse, გერმანიის ბუნდესლიგაში Volksbank Halle და თურქეთში Ankara Demirspor Kulübü.
ასევე კატალონიაში ჩართულია სხვადასხვა საჭადრაკო აქტივობებში.
2000-დან 2019 წლამდე 7-ჯერ იასპარეზა ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატზე, თუმცა მედალი არ მოუგია.
პირადი ცხოვრება
რედაქტირება2003 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, უცხო ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი, ფილოლოგიის სპეციალობით (გერმანული ენა და ლიტერატურა). იცის შვიდი ენა: ქართული, ესპანური, გერმანული, ინგლისური, რუსული, პორტუგალიური და კატალონიური.
1998-2003 წლებში საქართველოს საპრეზიდენტო ფონდის ლაურეატი იყო, ხოლო 2001 წელს მისი სტიპენდიატი.
საქველომოქმედო საქმიანობა
რედაქტირებამათნაძე დაკავებულია საქველმოქმედო საქმიანობით. 2005 წელს თბილისში მოაწყო ტურნირი, რომელიც დასავლეთ საქართველოში წყალდიდობის შედეგად დაზარალებულებს დაეხმარა. გარდა ამისა, ორგანიზატორია ტურნირების:
2006 წელი, თბილისი ― ჭადრაკი ნარკოტიკების წინააღმდეგ.
2006 წელი ― გაცვლითი პროგრამა ჭადრაკი და მეგობრობა საქართველოში და ესპანეთში.
2007 წელი ― გაცვლითი პროგრამა ჭადრაკი მშვიდობისა და ურთიერთგაგებისთვის საქართველოში და ესპანეთში.
2009 წელი, ლას-პალმასი ― საჭადრაკო პროექტი ჩვენ ვთამაშობთ მშვიდობისთვის.
2005 წლიდან არის საერთაშორისო საქველმოქმედო მოძრაობა: „ჭადრაკი ― მშვიდობის ელჩის“ პრეზიდენტი. ორგანიზაცია არაკომერციულია და მრავალი საჭადრაკო და საქველმოქმედო ღონისძიება აქვს გამართული.
ამჟამად ცხოვრობს ბარსელონაში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- https://ratings.fide.com/profile/13601377
- https://www.chessgames.com/perl/chessplayer?pid=51599
- https://www.365chess.com/players/Ana_Matnadze
- http://www.olimpbase.org/playersw/gwwmasod.html
- https://web.archive.org/web/20131202224517/http://renierchess.blogspot.com.au/2011/04/interview-with-wgm-ana-matnadze.html
სქოლიო
რედაქტირება- ↑ WGM Ana Matnadze. interajedrez.com (in Spanish). დაარქივებული March 11, 2005, საიტზე Wayback Machine.
- ↑ C.to Europeo U20 femminile it. FSI - Federazione Scacchistica Italiana. ციტირების თარიღი: 2019-04-21
- ↑ 59th Georgian Women's Chess Championship. Tournament report. FIDE.
- ↑ 3rd European Women Blitz Championship 2002 Antalya, Turkey. chess-results.com.
- ↑ World Chess Championship (Women), 2004 FIDE Knockout Matches. Mark Weeks.
- ↑ Player transfers in 2012. FIDE.
- ↑ Shah, Sagar. (2018-10-08) The closing ceremony that rocked Batumi. ChessBase. ციტირების თარიღი: 2019-04-18