ნაფარეული
ნაფარეული — სოფელი საქართველოში, თელავის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი. მდებარეობს ალაზნის ვაკეზე, მდინარე ლოპოტის (ალაზნის მარცხენა შენაკადი) მარცხენა ნაპირას. ზღვის დონიდან 420 მეტრი, თელავიდან 19 კილომეტრი. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2003 ადამიანი. სოფლის მახლობლად მდებარეობს სასტუმრო კომპლექსი „ლოპოტა რეზორტი“.[2]
სოფელი | |
---|---|
ნაფარეული | |
ნაფარეულის ცენტრალური ნაწილი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | კახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | თელავის მუნიციპალიტეტი |
თემი | ნაფარეული |
კოორდინატები | 42°02′45″ ჩ. გ. 45°30′11″ ა. გ. / 42.04583° ჩ. გ. 45.50306° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 420 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 2003[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 96,8 % აზერბაიჯანელები 2,5 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ისტორია
რედაქტირება„ნაფარეული“ ცხვრის ფარის ნადგომს - ნაფარეულ ადგილს ნიშნავს. სოფელზე გადიოდა „ცხვირს გზა“ (ჭიაურის გზა), რომელიც, სოფლების ნაფარულის, საბუის, შილდის, ყვარელის, ჭიაურის გავლით დაღესტნის მთებში ადიოდა. ამ გზით დაჰყავდათ ცხვარი თუშებს, კახელების ნაწილს და პანკისელებს. მეცხვარეობა-მესაქონლეობას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა აღმოსავლეთ საქართველოს მთისა და ბარის ურთერთობის საქმეში, ამიტომ, ეს გზა შუა საუკუნეებში მეტად ზრდიდა ნაფარულის მნიშვნელობას, სოფელზე გადიოდა „გრემის არხი“ - შუა საუკუნეების მნიშვნელვოანი საირიგაციო ნაგებობა, რომლის სათავე მდინარე ლოპოტას ზემო წელში, სოფელ ლაფანყურიდან შვიდიოდე კილომეტრზე, გონჯახევის გოგირდოვან წყლებთანაა.
ნაფარული და მისი შემოგარენი კახეთის სამეფოს წარმოქმნის და შემდეგ ქართლ-კახეთის სამეფოს არსებობის ეპოქაშიც (XVI-XVIII საუკუნის I ნახევარში) საუფლისწულო მამულად ითვლებოდა, თუმცა, უკვე XVIII საუკუნის დასაწყის, დავით II-ის (იმამყული-ხანი) მმართველობის დროს სოფელის მამამულის ერთ ნაწილზე ხელი მიუწვდებოდათ აზნაურ-პეტრიშვილებს. ერთი ამ სახლის შთამომავალთაგანი ერეკლე II-ის „მებალახე“ მოხელეა, ნაფარული ტერიტორიულად ნეკრესისა და ალავერდის საეპისკოპოსოთა გავლენის საზღვარზე მდებარეობდა, რის გამოც, შუა საუკუნეებში, ორ ეპისკოპოსს შორის ხშირად ჰქონდა ადგილი დავას სოფლის თაობაზე, XVIII საუკუნის მეორე ნახევარში ამ დავაში სამეფო ხელისუფლებაც ერევა. მეფე სათანადო საბუთების მოშველიებით განმარტავს, რომ „კახეთში ალავერდის დადგინების რიცხვი იყო 1466 წელი“ და ვინაიდან, უძველესი დროიდან, სოფელი ნეკრესელის სამწყსოში და გრემის სამოურავოში შედიოდა, ნეკრესელს უფრო მიუწვდებოდა ხელი ნაფარეულზე.
თეიმურაზ ბაგრატიონის ცნობით, XVIII საუკუნის 80-იან წლებში, რუსეთში გაწეული ელჩობის ჯილდოდ, ერეკლე II-მ აღადგინა გარსევან ჭავჭავაძის სახლი და მას, სხვა წყალობებთან ერთად, უბოძა ეშიკაღაშბაშობა და სოფელი ნაფარეულიც. ამ დროიდან სოფელი თავად ჭავჭავაძეთა კუთვნილებაა. ტერიტორიულად ის კახეთის მეორე სადროშოს შემადგენლობაში შედიოდა და ომიანობის შემთხვევაში სოფლიდან გამოსული ლაშქარი ნეკრესელი ეპისკოპოსის დროშის ქვეშ დგებოდა. ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ, ნაფარეული ტფილისის გუბერნიის თელავის მაზრის შემადგენლობაშია.
XVIII საუკუნის შუა წლებშია აგებული ნაფარეულის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არქიტექტურული ძეგლი, ციხე-გალავანი, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა „ლეკიანობის“ თუ სხვა გარეშე მტერთაგან ახლომახლო მოსახლეობის თავდაცვის საქმეში. ციხე-გალავანმა XIX საუკუნეში დაკარგა თავისი ფუნქცია, მოსახლეობამ იგი ქვის კარიერად აქცია, რამაც ძეგლი ძლიერ დააზიანა.
1812 წლის ზაფხულში, მეფის რუსეთის წინააღმდეგ კახეთის აჯანყების დროს, ციხის მიდამოებში, მეფის ჯარებსა და კახელ მოლაშქრეთა შორის, მოხდა მნიშვნელოვანი ბრძოლა, რომელიც აჯანყებულთა გამარჯვებით დასრულდა. ამ ბრძოლის შემდეგ, გამარჯვებულმა კახელებმა ომან მაყაშვილი და იოსებ ანდრონიკაშვილი ნაფარეულიდან ერევანში გაგზავნეს, რათა იქ მდგომი ალექსანდრე ბატონიშვილი კახეთის ტახტზე მოეწვიათ.
XIX საუკუნის 20-იან წლებში, გარსევან ჭავჭავაძის მემკვიდრემ - ალექსანდრემ მილიონი მანეთის სესხი აიღო და იგი ნაფარეულში მევენახეობისა და მეხილეობის მეურნეობის მოსაწყობად გამოიყენა (მეურნეობა 1921 წელს გადაკეთდა ნაფარეულის საბჭ. მეურნეობად).
1883 წელს ნაფარეულში დაარსდა ღვინის ქარხანა, რომელიც XX საუკუნეშიც მოქმედებდა. სოფელში განვითარებულია მეხილეობა, მემინდვრეობა, მეცხოველეობა.
ღირსშესანიშნაობა
რედაქტირებანაფარეულში შემორჩენილია სათავდაცვო ნაგებობა - ციხე-გალავანი. აშენებული XVIII საუკუნეში ლეკთა გამუდმებული თავდასხმების დროს. ნაგებობა გეგმით კვადრატს უახლოვდება და დაახლოებით 1 ჰა ფართობს მოიცავს. ორიარუსიანი გალავნის ქვედა იარუსი ყრუა, ზედაზე სათოფურებია. გალავნის კუთხეებში დაყოელბულია კოშკები, რომელთაც შესასვლელი მხოლოდ ეზოს მხრიდან აქვთ. კოშკებში სათოფურები, სალოდეები და საზარბაზნეებია დატანებული.
დემოგრაფია
რედაქტირებააღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
2002 | 2577[3] |
2014 | 2003[1] |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 332.
- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-II, თბ., 2015. — გვ. 315-316.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 27 ივლისი 2016.
- ↑ ლპოტა რეზორტი
- ↑ 2002 წლის აღწერის მონაცემები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2016-07-27.