ნაფარეულის ნათლისმცემლის ეკლესია
ნაფარეულის ნათლისმცემლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი სოფელ ნაფარეულის სამხრეთით, 2-3 კილომეტრზე, ვენახებში.
ძეგლი სამეკლესიანი ბაზილიკაა. სავარაუდოდ, თარიღდება ადრინდელი შუა საუკუნეებით. ძლიერ დაზიანებულია. იმდენად, რომ გასუფთავების გარეშე გეგმის ზუსტად დადგენა არ ხერხდება. შემორჩენილია: მთავარი ეკლესია. ჩრდილოეთ ნავის აღმოსავლეთი ნაწილი და დასავლეთ გარშემოსავლელის დასავლეთი კედლის მცირე მონაკვეთი. სამხრეთი ეკლესია მთლიანად დანგრეულია.
შენობის ცენტრალურ ნაწილს, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან, ტრადიციულად, გვერდის ეკლესიების ვიწრო მოცულობები ეკვროდა, რომლებიც ერთმანეთთთან დასავლეთის გარშემოსავლელით იყო დაკავშირებული. შენობა ქრონოლოგიურად განსხვავებულ, ორ ფენას შეიცავს, რომლებიც განსხვავებული საშენი მასალით არის ნაგები. ძირითადი, თავდაპირველი ნაწილი, შერჩული, ნატეხი ქვის წყობითაა ამოყვანილი. ქვებს შორის დარჩენილი არეები ამოვსებულია წმინდა ბათქაშით. მოგვიანებით განახლებული ნაწილები კი წვრილი ნატეხი ქვით და აგურის შერეული წყობით, საკმაოდ დაუდევრად არის ამოყვანილი. მთავარ ეკლესიას ერთადერთი შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. ღობის გარკვეული ნაწილი მოგვიანებით აღუდგენიათ და გარედან თაღით გადაუხურავთ. თაღი, ისევე, როგორც წირთხლები, კვადრატული აგურითაა ნაწყობი და გარედან, აგურის წყობაშივე გამოყვანილ, კედლის სწორკუთხა შეღრმავებაშია ჩასმული. დარბაზი, აღმოსავლეთით, დასრულებულია საკურთხევლის აფსიდით, რომლის ჩრდილოეთით გვერდი ნალისებრია, სამხრეთი გვერდი კი, რომლებიც მოგვიანებითაა განახლებული — ნახევარწრიული. აქ ერთი, სწორკუთხა ნიშაა მოწყობილი.
ჩრდილოეთი ნავი ეკლესიის ძირითად კორპუსს წყობში გადაბმით არ უკავშირდება. იგი განივი კედლით ორ სადგომადაა გაყოფილი. მათგან აღმოსავლეთით აფსიდია და მთავარი ეკლესიის სამკვეთლოს ფუნქციას ასრულებდა, დასავლეთისა კი, საკუთრივ ჩრდილოეთ ეკლესია, სწორი კედლითაა დასრულებული. სამკვეთლოში შესასვლელი კარი მთავარი ეკლესიის ჩრდილეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილშია. სამკვეთლო განათებული იყო აფსიდის ღერძზე გაჭრილი, ვიწრო, პარარელურწორთხლებიანი სარკმლით.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-II, თბ., 2015. — გვ. 316-317.