ნაფარეულის ღვთაების ეკლესია
ნაფარეულის ღვთაების ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი სოფელ ნაფარეულის ცენტრში, მთავარი გზის პირას. თარიღდება XVIII საუკუნის მიწურულით და XIX საუკუნის დასაწყისით.
ეკლესია მოზრდილი, დარბაზული ტიპის ნაგებობაა, გეგმით სწორკუთხა (18,2X9,3 მ, შიგნით სიმაღლე კამარის წვერომდე - 10 მ-მდეა). ნაგებია რიყის ქვით. კარ-სარკმლების ღიობები და კონსტრუქციული ნაწილები (კამარა, საბჯენი თაღები, ლავგარდანი) — კვადრატული აგურით. კედლები შიგნიდან და გგარედან შელესილი და შეთეთრებულია.
XX საუკუნის შუა ხანებში ეკლესიაში ლიმონათის ქარხანა იყო მოწყობილი, რის გამოც მან მნიშვნელოვანი დაზიანებები მიიღო. XXI საუკუნის I ათწლეულის ბოლო წლებში, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ეკლესიას ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები: აღადგინეს კედლების მონგრეული ნაწილები, ლავგარდანი და ეკლესია კრამიტით გადახურეს. გარდა ამისა, ეკლესიის დასავლეთ კედელზე, ადრე არსებული სამრეკლოს ადგილზე, ახ., ოთხწახნაგა სამრეკლო დააშენეს. ეკლესიას სამი შესასვლელი აქვს: სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლების დასავლეთ ნაწილში და დასავლეთ კედლის ღერძზე. სამხრეთ შესასვლელი ნახევარწრიულთაღოვანია. დანარჩენი ორი - სწორკუთხა. დასავლეთ კარი გარედან კედლის სიბრტყეში ოდნავ შეღრმავებულ, ნახევარწრიულთაღოვან არეშია მოქცეული.
ეკლესიის შიდა სივრცე ვრცელია, აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული აფსიდით, რომელშიც მოწყობილია ერთი, ნახევარწრიულთაღიანი სარკმელი (ცენტრში) და სამი თაღოვანი ნიშა. მათ შორის ერთი, გეგმით ნახევარწრიული, სარკმლის ქვემოთაა, თითო-თითო კი — აფსიდის ბოლოებთან. გარდა ამისა, თითო, მცირე, თაღოვანი ნიშა გრძივი კედლების აღმოსავლეთ ნაწილშიდაცაა — ერთმანეთის მოპირდაპირედ. საკურთხევლის იატაკი აფსიდის მხრების ხაზიდან საგრძნობლად წინწამოწეულია და ეკლესიის იატაკისმიმართ ორი საფხურითაა შემაღლებული.
გრძივ კედლებზე ხუთ-ხუთი, განიერი პილასტრია, რომლებსაც კამარის საბჯენი თაღები ეყრდნობა. პილასტრების დასავლეთით მდებარე წყვილი, დანარჩენი პილასტრების ტოლი სიგანისაა და დასავლეთ კედელთანაა შერწყმული. თითოეული საბჯენი თაღის ქუსლებთან გამოყოფილია მთლიანი ქვის, თაროსებრი იმპოსტები, რომლებსაც კამარის საბჯენი თაღების გარდა, პილასტრებს შორის გამოყვანილი, ბრტყელი ნიშების თაღებიც ეყრდნობა. ორივე კედელზე ხუთ0ხუთი ასეთი ნიშაა. ყოველ მათგანში, იატაკიდან 3,5 მეტრ სიმაღლეზე, თითო, თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. ერთი, თაღოვანი სარკმელი დასავლეთ კედელშიცაა შესასვლელის თავზე. დასავლეთ კედლის ზედა ნაწილში, კედლის სისქეში, მოწყობილია ვერტიკალური ხვრელი, რომელიც სახურავზე დადგმულ სამრეკლოზე (აღდგენილია გარედან, ეკლესიის დასავლეთ კედელზე, კარის აქეთ-იქით, შეორჩენილია ორი, მძლავრი პილასტრი, რომლებიც სამრეკლოს ბაქნის დასაყრდნობად იყო განკუთვნილი) ადიოდა. ამ ხვრელში შესასვლელი (სიმაღლე 2 მეტრამდეა) სარკმლის გასწვრივაა. იგი იმდენად მაღლაა ,,ატანილი’’, რომ თავით თითქმის დასავლეთ კედლის მდებარე, საბჯენ თაღს ეხება.
ფასადები სადაა. აღმოსავლეთ ფასადზე, მაღალ, სამკუთხა ბაზისზე დადგმული, შეღრმავებული ჯვარია გამოსახული. ფასადები დასრულებული იყო აგურით ნაწყობი, ხუთსაფეხურიანი ლავგარდნით, რომელსაც განივ ფასადებზე მცირე, ჰორიზონტალური შემონაკეცები აქვს.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-II, თბ., 2015. — გვ. 317-318.