პანკისი — ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე აღმოსავლეთ საქართველოში. მოიცავდა ტერიტორიას ალაზნის ზემო დინების ხეობას ბახტრიონს ზემოთ.

პანკისი

კახეთის რუკა XVIII საუკუნის I ნახევარი

გეოგრაფიული აღწერა რედაქტირება

 
პანკისი ვახუშტის რუკაზე

ვახუშტი ბაგრატიონის სიტყვებით:

 
„პანკისისათჳს. ხოლო მარილისის ჩრდილოთ ჴევი, რომელი აღვწერეთ, მის ჴევის ჩრდილოთ კერძი არის პანკისის ჴეობა, რომლისა შორის დის ალაზანი, და აღმოსავლით აქუს პანკისის კავკასი, ამასა და თუშეთს შორისი; დასავლით მთა კახეთისა, ფშავს, თიანეთსა და ამას შორისი, ჩრდილოთ კავკასივე, ღლიღვსა და ამას შორისი; სამჴრით ჴევი წინთქმული და მთა მცირე, კახეთის მთიდამ ჩამოსული, აღმოსავლეთად ალაზნამდე, და მერე იქიდამ ხაზი გასული კავკასამდე. ხოლო კახეთის მთიდამ ჩამოსულს მთის ზეით ერთვის ალაზანს ჴევი და გამოსდის კახეთის მთას, მოერთვის დასავლეთიდამ ალაზანს, ამ ჴევს ზევით ერთვის სხვა ჴევი. გამოსდის თუშეთსა და ამას შორისს კავკასსა, მოდის დასავლეთად. ამ ჴევიდამ გარდავალს გზა თუშეთს, ამ ჴევს ზეით განიყოფის ალაზანი ორად, და ამ ორთა წყალთა შუა არს ციხე ხორჯისა ანუ მახვილი, მაგარი და შეუვალი, არამედ აწ უქმი. ხოლო ჴეობა პანკისისა არის ვენახოვანი, ხილიანი და ბაღიანი, და მთის კერძნი, ვითარცა მთათა ადგილნი. თევზნი, კალმახნი, ტყე ნადირიანი, მარცვალთა ნაყოფიერი, გარდა ბრინჯ-ბანბისა. პირუტყვნი მრავალ, განა ღორი უმრავლეს. ხოლო პანკისის ჴეობის სამჴრით, ვიდრე ქისიყის საზღვრამდე უწოდებენ შიგნით-კახეთს, რომელიც ისაზღვრების: აღმოსავლით ალაზნის მდინარით; სამჴრით ქისიყის ხაზის საზღვრით; დასავლეთიდან ჱერეთისა და კახეთის მთით; ჩრდილოთ პანკისის საზღვრით. და არს ადგილი ესე ტყიანი, მცირედ ველიანი, განა ტყე უმეტეს ხილიანი. მცირე წყლიან-მდინარიანი, ვენახოვანი, ხილიანი, ღვინო კეთილი და კარგი. ფრინველნი, თვინიერ დურაჯისა და კაკბისა, რომელნი ტყეთა გვარობენ, მრავალნი, პირუტყვნი, ცხოვარი მცირედ, სხვანი მრავლად, არამედ ღორი უმრავლეს: რამეთუ ერთ გლეხს ჰყავს ს-უ-ჩ-ც ნადირნი მრავალნი. მოსახლენი არიან თავადნი და აზნაურნი, და არის შენობიანი მთის ძირად. კაცნი ზნით აღწერილისამებრ გულისხმა ჰყავ. ხოლო ამის აღმოსავლეთით არს გაღმამჴარი, რომელსაც მზღვრის: აღმოსავლით კავკასი, ლეკეთისა, დიდოეთისა და თუშეთისა და ამას შორისი, სადაცა გადავლენანცა გზანი მათ შინა გაღმამჴრიდამ; სამჴრით ელისენის საზღვარი, დასავლეთიდან ალაზნის მდინარე; ჩრდილოთ მთა კავკასი, ამასა და თუშეთს შორისი, სადაცა გარდავალს გზა თუშეთს, და საზღვარი პანკისისა. და არის ქვეყანა ესე შემკული ყოვლითა და, უმეტეს კახეთის ადგილთა, წყლითა, წყაროთი, მდინარითა, ტყითა, ველითა, სიმაგრითა, მოსავლის ნაყოფიერებითა, ვენახითა, ხილითა, რამეთუ ტყენიცა ხილნარითა სავსე არიან; ნადირნი, ფრინველნი, თევზნი მრავალნი, და უმეტეს კალმახი მთის კერძოდ. სახლობენ მთავარნი და აზნაურნი და არიან მჴნედ მებრძოლნი. და ჱერეთის ქვეყანას აკეთებენ ყოველგან აბრეშუმს, არამედ უფროს გაღმამჴარსა შინა და უმეტეს ელისენში; ეგრეთვე ბამბასა და ბრინჯსა სთესვენ, განა იორის პირსაცა ზედა მრავალსა სთესვენ ბრინჯ-ბანბასა.“

დავით მუსხელიშვილის (1969) მიხედვით, მთის ათვისების მყარ მოწმობას წარმოადგენს გარკვეული ტიპის ციხესიმაგრეთა მშენებლობა, რომლის ტიპური მაგალითია პანკისის ციხესიმაგრე. ციხის გეოგრაფიული მდებარეობა ნათლად გვიჩვენებს მისი წარმოქმნისს ეკონომიკურ არსს. ერთის მხრივ ის გაბატონებულია ველზე, მეორეს მხრივ, დგას მთისა და ბარის დამაკავშირებელ მთავარ მაგისტრალზე, რითაც ახორციელებს კონტროლს ამ გზაზე. განვითარებული ფეოდალიზმის პერიოდში ამ ფაქტორებს დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რის გამოც პანკისი „კახეთის საერისთავოს“ ცენტრად ჩანს (1980/88). ამასთან „მატიანე ქართლისა“ მხოლოდ პანკისის საერისთავოში იცნობს. დავით მუსხელიშვილის(1969/157) მიხედვით, ვახუშტი ბაგრატიონს სწორედ ჰქონდა წარმოდგენილი პანკისის საერისთავოს საზღვრები. აღსანიშნავია, რომ ყოველი ადმინისტრაციული ერთეულის საზღვარი ძველი პერიოდიდანვე მკაცრად განსაზღვრულ წესს ემყარებოდა და იგი უმთავრესად ბუნებრივ მიჯნებზე გადიოდა. ასევეა კახეთის სამეფოს ყველა ერთეულის და, მათ შორის, პანკისის საზღვარიც გატარებული.

პანკისის საერისთავო ძველად კახეთის სამთავროს ერთ-ერთი ადმინისტრაციული ერთეული იყო, რომელიც მოიცავდა პანკისის ხეობას, ალვანის ველსა და თუშეთს. ცენტი პანკისის ციხე იყო. მოგვიანებით იგი კახეთის სამეფოში შედიოდა. ახლანდელი დაყოფით იგი ახმეტის მუნიციპალიტეტში შედის.

პანკისის რეგიონს თითქმის შუაზე ჰყოფს მდინარე ალაზნის სათავეები. იგი სწორედ ამ ნაწილში ქოჩარის ქედით ორ ნაწილად იყოფა, რომლებიც მდინარეებს წიფლოვანისწყალსა და სამყურისწყალს ეკუთვნის. მათი შეერთების შედეგად წარმოიშობა ალაზანი. იგივე ვახუშტი წერს:

 
„ამ ჴევს ზეით განიყოფის ალაზანი ორად, და ამ ორთა წყალთა შუა არს ციხე ხორჯისა ანუ მახვილი, მაგარი და შეუვალი, არამედ აწ უქმი.“

ეს ციხე ხორაჯოს სახელით დატანილია 1930 წლის რუკაზე. ამ ციხის ნანგრევები დღემდე შემორჩენილია მდინარე ალაზნის სათავეებში, ხადორს ზემოთ, მახვილოსხევზე. სწორედ აქედან მოყოლებული ალაზნის ხეობისათვის დამახასიათებელია ფართო, მოვაკებული, დატერასებული ფსკერი. პანკისის ტერიტორიაზე ალაზანს ერთვის მისი ყველაზე დიდი მარჯვენა შენაკადი ილტო, რომელიც პანკისის ტერიტორიაზე გაედინება. ვახუშტი ბაგრატიონი წერს:

 
„ხოლო კახეთის მთიდამ ჩამოსულს მთის ზეით ერთვის ალაზანს ჴევი და გამოსდის კახეთის მთას, მოერთვის დასავლეთიდამ ალაზანს.“

აქ, ლაპარაკია მდინარე ილტოზე. სხვა ადგილას წერს:

 
„კვალად ახმეტის ჴევს ზეით ერთვის ალაზანს უტოსჴევი. გამომდინარე კახეთის მთისა, და მარილის-პანკისის შუათის მთისა, მომდინარე კვეტერის ციხემდე ჩდილოდამ სამჴრით, მერმე დასავლეთიდამ აღმოსავლეთად... ხოლო უტოსჴევის შესართავის პირისპირ, ალაზნის აღმოსავლეთის კიდესა ზედა, არს ციხე ბახტრიანი ანუ მაღრანისა...“

ამდენად, უტოსხევი იგივე ილტოა.

მოსახლეობა რედაქტირება

პანკისის ხეობაში ვახუშტი ბაგრატიონი ასახელებს 19 დასახლებულ პუნქტს. ზუსტად იმავე თანმიმდევრობით აქვს ჩამოთვლილი ისინი იოანე ბაგრატიონსაც, ოღონდ ორი სოფელი ბაწარას წინ არის ჩამატებული. 1930 წლის რუკაზე და ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ დაყოფაში ამ დასახლებული პუნქტების ნახევარიც არ შემორჩენილა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • კ. ხარაძე, „კახეთის ისტორიული გეოგრაფია XVIII ს“, თბ., 2010, გვ. 125-129

სქოლიო რედაქტირება