ნაფარეულის წმინდა გიორგის ეკლესია

ნაფარეულის წმინდა გიორგის ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი სოფელ ნაფარეულის ჩრდილო-აღმოსავლეთით, 1,5 კილომეტრზე, მთაზე. სავარაუდოდ, თარიღდება განვითარებული შუა საუკუნეებით. ეკლესიის კორპუსი ორ ნაწილს შეიცავს: მოგრძო, დარბაზულ ეკლესიას (8,1x4,7 მ) და მასზე ჩრდილოეთიდან მიდგმულ, შედარებით უფრო მოკლე, დაბალ მინაშენს, რომელიც ეკლესიასთან წყობითაა დაკავშირებული. მინაშენი, როგორც ჩანს, ეკლესიას სამხრეთიდანაც ჰქონია. თუმცა ამ ფაქტის ზუსტად დადგენა გასუფთავების გარეშე შეუძლებელია.

შენობა ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვით. წყობა ირეგულარულია. მოგვიანებით განახლებული ნაწილები (კამარა, კონქი, საბჯენი თაღები და ლავგარდანი) აგურისაა. გარედან კედლების ზედა, აღდგენილ ნაწილებში, აგურთან ერთად რიყის ქვაცაა გამოყენებული, რომლებიც მოქცეულია აგურის თარაზულ რიგებს შორის. კედლები შიგნიდან და გარედან შელესილი და შეთეთრებულია. დაზიანებულია: ჩამოშლილია ეკლესიისა და ჩრდილოეთ მინაშენის სახურავის საფარი, მონგრეულია კედლების ზედა ნაწილები და ლავგარდანი. ეკლესიის განივ კედლებს თითქმის მთელ სიმაღლეზე, ფართო ბზარები დაუყვება.

ეკლესიას ორი, სწორკუთხა შესასვლელი აქვს, სამხრეთით და დასავლეთით. დარბაზი უპილასტროა, აღმოსავლეთით იგი დასრულებულია საკურთხევლის ნახევარწრიული აფსიდით, რის ღერძზე ნახევარწრიული თაღით გადახურული, გარეთკენ მკვეთრად შევიწროებული სარკმელია გაჭრილი, მსგავსი თითო სარკმელი სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებშიცაა. აფსიდში, სარკმლის გვერდებზე, თითო, გეგმით ნახევარწრიული, ბრტყლად გადახურული ნიშაა (სიმაღლეში 1 მეტრია). სარკმლის ქვემოთ კი, კედელზე, ოთხკუთხა, ზემოთკენ შევიწროებული ტრაპეზია მიდგმული. შიგნით ეკლესია გადახურულია შეისრული კამარით, რომელიც ორ, შეკიდულ საბჯენ თაღს ეყრდნობა. მათ შორის ერთი - დარბაზის შუაშია, ხოლო მეორე - დასავლეთ კედელთანაა შერწყმული.

ჩრდილოეთ კედლის შუა ნაწილში განიერი, თარაზულად გადახურული კარია, რომელიც ჩრდილოეთ მინაშენში გადის. მინაშენი უაფსიდოა, გეგმით სწორკუთხა, განათებულია აღმოსავლეთ კედელში გაჭრილი, თარაზულად გადახურული, დაბალი სარკმლით, რომლის თავი სადგომის ცილინდრული კამარის ქუსლის დონეზეა.

გარედან საკურთხევლის სარკმელი მორთულია აგურით გამოყვანილი, რელიეფური თავსართით, რომელსაც ბოლოში ჰორიზონტული გადანაკეცი აქვს. ეკლესიის დასავლეთით ათიოდე მეტრზე რამდენიმე ქვევრია ჩაფლული.

2009 წელს სოფლის მოსახლეობას ეკლესია ხის ნივნივებზე დაფენილი შიფერით გადაუხურავს.

ლიტერატურა რედაქტირება