თელავის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის თელავის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი დაარსდა 1927 წელს, როგორც მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. 8 წლის განმავლობაში მუზეუმი საზოგადოებრივ საწყისებზე მუშაობდა. 1935 წელს გადაკეთდა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმად. მუზეუმი მოთავსებულია მეფე ერეკლე II-ის ყოფილი სასახლის რამდენიმე დარბაზში. აქვს სხვადასხვა პერიოდები განყოფილებები.

ერეკლეს სასახლე

სამუზეუმო კომპლექსში „ბატონის ციხის“ სახელწოდებით შედის: „კახთ მეფეთა სასახლე“ (XVIII საუკუნე), მეფის კარის ეკლესიები, ერეკლეს მიერ XVIII საუკუნის 50-იან წლებში დაარსებული ფილოსოფიურ-საღვთისმეტყველო სკოლის ნაგებობის ნაშთები, მეფის აბანო და სასახლის ტერიტორიაზე გაყვანილი გვირაბი, აღმოსავლეთისა და დასავლეთის მხარის უნიკალური კარიბჭეები, აგრეთვე ყოფილი წმინდა ნინოს სახელობის სასწავლებლის, ქეთევან იაშვილის სახელობის სამხატვრო გალერეისა და ადმინისტრაციული კორპუსები.

მეფე ერეკლეს მემორიალური ნივთების გარდა, მუზეუმში დაცულია: ნუმიზმატიკური მასალა, ადრეფეოდალური ხანის სარკოფაგი, გვიანი შუა საუკუნეების აბჯარი, XVII-XIX საუკუნეების სპილენძის საოჯახო ნივთების, საბრძოლო იარაღის, ხევსურული სამოსელის კოლექციები. ქეთევან იაშვილის სახელობის სამხატვრო გალერეაში დაცულია ქეთევან იაშვილის მიერ მუზეუმისათვის საჩუქრად გადაცემული კერძო კოლექციის 187 ექსპონატი. მათ შორის XIX საუკუნის ნიდერლანდური, ფრანგული, გერმანული, რუსული (ივანე აივაზოვსკის, ივანე კრამსკოისა და „პერედვიჟნიკების“ პერიოდის სხვა მხატვართა ნაწარმოებები) მხატვრობისა და მცირე პლასტიკის საინტერესო ნიმუშები, აგრეთვე ქართველ მხატვართა (ელენე ახვლედიანის, ლადო გუდიაშვილის, ჯემალ ხუციშვილისა და სხვათა) ნამუშევრები.

არქეოლოგიის, ეთნოგრაფიის, ნუმიზმატიკის, ტექსტილის, ხელნაწერთა და ფერწერული ტილოების კოლექციების გარდა მუზეუმში არსებობს სამეცნიერო ბიბლიოთეკა, რომელიც 5000 მეტ წიგნად ფონდს ითვლის, ფოტოფონდი (ალექსანდრე როინაშვილი, ვასილ როინაშვილი, დიმიტრი ერმაკოვი, შარკანოვი, ბარკალაია, სოსნოვი, ტორი, სიმონოვი და სხვა ფოტოხელოვანთა) ქალაქ თელავის შესანიშნავი ხედებით, ყოფა-ცხოვრების ამსახველი 7000-ზე მეტი ფოტომასალით.

2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

ლიტერატურა

რედაქტირება