საფერავი
საფერავი — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში კახეთიდან.
საფერავი | |
---|---|
ვაზი (Vitis) | |
საფერავის მტევანი | |
სახეობა | Vitis vinifera |
გავრცელების რეგიონები | გურია, იმერეთი, კახეთი, ქართლი |
ცნობილი ღვინოები | საფერავი, მუკუზანი, ქინძმარაული |
იდეალური ნიადაგი | თიხნარი, ქვიშნარი |
საფრთხეები | ფილოქსერა, ჭრაქი (ზოგ რეგიონში) |
ყვავილის სქესი | ჰერმაფროდიტი |
VIVC ნომერი | 10708 |
სახელწოდება საფერავი ჯიშისთვის დამახასიათებელი თვისების აღმნიშვნელია და მიღებული აქვს იმის გამო, რომ მისი მარცვლები უხვად შეიცავს შემფერავ ნივთიერებებს.
მევენახეები ერთმანეთისგან ასხვავებენ: ნამდვილ საფერავს, დედალ საფერავს, მამალ საფერავს, ბუდეშურისებრ საფერავს, მსხვილმარცვალა საფერავს, წვრილმარცვალა საფერავს. ამ ვარიაციების ძირითადი ნაწილი გადარჩენილია.
ივანე ჯავახიშვილის ცნობით საფერავი თავიდან ძველ ქართულ ისტორიულ პროვინციაში, შავშეთ-კლარჯეთში ყოფილა გავრცელებული. ამის მიხედვით იგი შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს — ძველი კოლხეთის კერიდან უნდა იყოს წარმოქმნილი, შემდეგ კი აღმოსავლეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ გადმონაცვლებით საბოლოოდ კახეთში დამკვიდრდა.
საფერავი გავრცელებულია როგორც ჩვენ მეზობელ სახელმწიფოებში, ასევე ევროპაში, შუა აზიაში, ჩინეთში და სხვა. ყოფილ საბჭოთა კავშირში გავრცელებულ ჯიშებს შორის მეექვსე ადგილი ეჭირა და მისი ვენახები 3876 პექტარზე იყო გაშენებული. მრავალ ქვეყანაში ახალი სელექციური ჯიშების მისაღებად ერთ-ერთ მშობელ წყვილად გამოყენებული იყო საფერავი.
ბოტანიკური აღწერა
რედაქტირებაზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, ზოგჯერ კვერცხისებური, სამ-ხუთნაკვთიანი, არის ოდნავ დანაკვთული და მთლიანი ფოთლებიც. ფოთლის ქვედა მხარის შებუსვა საკმაოდ სქელია, უფრო ქეჩისებრია, ვიდრე აბლაბუდისებრი (პორიზონტალურად განრთხმული აბლაბუდისებრი და ვერტიკალურად მდგომი — ჯაგრისებური შებუსვა). ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, განივკონუსური და ფუძესთან დატოტვილი, ზოგჯერ მხრების გადაზრდის გამო ფორმასაც კარგავს. საფერავის მტევანი ძირითადად მეჩხერია, მაგრამ საშუალო სიკუმსის მტევნებიც გვხდება. მარცვალი საშუალო ზომისაა, ოვალური, მუქი ლურჯი, თითქმის შავი. კანი თხელი და მკვრივი აქვს, ცვილისებრი ფიფქით უხვად დაფარული. რბილობი წვნიანი და მდნარია, სასიამოვნო ტკბილი, ოდნავ ხალისიანი გემოთი. წვენი შეფერილია.
საფერავი საშუალო ზრდისა და უხვმოსავლიანია. სავეგეტაციო პერიოდი 155-დან 164 დღემ-დე ბრმელდება და სექტემბრის მეორე ნახევრიდან ოქტომბრის პირველ ნახევრამდე მწიფდება. მტევნის საშუალო წონა 140-160 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 10.0-15.0 ტონა. ყინვას საფერავი შედარებიო ვარგად უძლებს. ამ მხრივ ის დასავლეთ ევროპის ჯიშებს შორის ერთ-ერ-თი საუკეთესოა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 20-26%-ს, ხოლო მჟავიანობა — 7.5-8.5 გ/ლ-ს.
საფერავს მსოფლიოში არსებულ წითელყურძნიან ვაზის ჯიშებს შორის სამეურნეო დადებით ნიშან-თვისებათა (ღვინის მაღალი ხარისხი, უხვმოსავლიანობა, ყინვაგამძლეობა, გარემო პირობებთან შეგუება და სხვა) მიხედვით კონკურენტი არ ჰყავს. „უნივერსალური ამპელოგრაფიის“ ავტორი ალექსანდრე პიერ ოდარი წერდა: „ყველაფერი უფლებას მაძლევს ვიფიქრო, რომ წითელი ღვინის დასაყენებლად საფერავი ყველა არსებულ ყურძნის ჯიშს სჯობია“.
საფერავი საუკეთესო მასალას იძლევა ყველა ტიპის ღვინისთვის. მას აქვს ინტენსიური მუქი ბროწეულის ფერი, ზომიერი სხეული, ენერგია, სისრულე და სიხალისე. აგრეთვე თავისებური ჯიშური არომატი და ძლიერი ბუკეტი. შედარებით უფრო რბილი, სრული ჰარმონიული, ხავერდოვანი ღვინო დგება ალაზნის მარცხენა მხარეს, კავკასიონის მთისწინა ზოლში, საშუალოჩონჩხიან ალუვიურ-ვარბონატულ და ალუვიურ არაკარბონატულ ნიადაგებზე. ადგილობრივი, კახური ტიპის საუკეთესო, სხეულით მეტად მდიდარ, სრულ წითელ ღვინოებს საფერავი იძლევა ძირითადად ყავისფერ და მუქ ყავისფერ ტყის ნიადაგებზე.
მოსავლიანობის, შაქრის დიდი შემცველობისა და საღებავის სიუხვით ძვირფას ვაზის ჯიშად ითვლება. საჭმელად ნაკლებად იხმარება, უპირატესად საღვინე ჯიშია. საფერავისგან დაყენებული წითელი ღვინო გამოირჩევა სურნელით, ფერითა და სიმაგრით. იყენებენ სხვა ღვინოების გაუმჯობესებისა და შეფერადებისთვის. დაძველების მიხედვით მისგან დაყენებული ღვინის მარკებია „საფერავი“ (ერთ წლიანი), „ქინძმარაული“ (ორ წლიანი) და „მუკუზანი“ (სამი და ზევით).
საფრთხეები
რედაქტირებაჭრაქსა (მილდიუმი) და ნაცარს საფერავი შედარებით კარგად უძლებს. განსაკუთრებით კარგად უძლებს იგი ნაცარს. ამ მხრივ საფერავი პირველ ადგილს იჭერს კახეთის სტანდარტული ვაზის ჯიშების – რქაწითელის, მწვანის, ხიხვის და კაბერნეს – შორის. შედარებით სუსტად უძლებს საფერავი მილდიუმს დასავლეთ საქართველოში და ნაცარს ყირიმსა და დაღესტანში. მევენახეობის ყველა დანარჩენ რაიონში საფერავს შედარებით კარგი გამძლეობა ახასიათებს. ფილოქსერის საფერავი თითქმის ყველგან (საქართველო, აზერბაიჯანი, უკრაინა) სუსტად უძლებს და პირველ რიგში ზიანდება მისგან.
ყინვას საფერავი შედარებით კარგად უძლებს. როგორც ცნობილია, ყინვაგამძლეობა დამოკიდებულია ჯიშზე, ნაკვეთის ექსპოზიციასა და რელიეფზე, ერთწლიანი რქების მომწიფებისა და მათი გამოკვების ხარისხზე. ნიადაგის თვისებებზე და სხვა ფაქტორებზე. თავის სამშობლოში – კახეთში, მთავარ საწარმოო ჯიშებთან: რქაწითელთან და მწვანესთან შედარებით საფერავი ნაკლები ყინვაგამძლეა და უფრო ძლიერ ზიანდება მისგან. მევენახეობის სხვა რაიონებში, დასავლეთ ევროპის ჯიშებთან შედარებით, საფერავი ყინვაგამძელობის მიხედვით საპატიო ადგილს იჭერს. ყირიმის მთიან რაიონებში, პროფ. პ. ბოლგარევის ცნობით, 1933/34 წლის განსაკუთრებით ცივ ზამთარში საფერავმა — 19,8º დროს სხვა ჯიშებს შორის მეოთხე ადგილი დაიჭირა. იმავე ყირიმში, ალუშტის მეურნეობაში, ნ. ხილკევიჩის ცნობით, 1939-1940 წლის ზამთარს, როცა ტემპერატურა — 27º-მდე დაეცა, საფერავმა პირველი ადგილი დაიჭირა (კვირტები დაზიანდა 26%) ყველაზე უფრო ყინვაგამძლე ჯიშ რისლინგის შემდეგ (კვირტები დაზიანდა 20%). კიროვაბადის რაიონში (ა. გუკასოვის ცნობით, 11), ანაპაში, დარუბანდში და შუა აზიის რესპუბლიკებში საფერავი ყინვას კარგად უძლებს. პროფ. ა. ნეგრულისა (16) და ი. კონდოს მიერ ჩატარებული სპეციალური ცდების დროს, ვაზის სხვადასხვა ჯიშების ხელოვნური გაყინვის პირობებში (8 დღე-ღამის განმავლობაში — 20º ყინვის დროს) საფერავმა პირველი ადგილი დაიკავა, ყველაზე უფრო ყინვაგამძლე ჯიშ რისლინგთან ერთად.
ლიტერატურა
რედაქტირება- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 335
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ქართველი მეღვინის – მალხაზ ჯაყელის პასუხი ავაგ არუთუნიანს – Presage.tv დაარქივებული 2010-12-23 საიტზე Wayback Machine.
- ვაზის ჯიში საფერავი
- ღვინო საფერავი დაარქივებული 2011-12-29 საიტზე Wayback Machine.
- საფერავი დაარქივებული 2008-09-23 საიტზე Wayback Machine.