კახეთის ისტორია — ცალკეული მხარეების კახეთის, კუხეთისა და ჰერეთის, მაგრამ გაერთიანებული ისტორია.

კახეთზე გადიოდა მნიშვნელოვანი გზები. ხელსაყრელი სტრატეგიული მდებარეობის გამო დროთა ვითარებაში თავდაპირველი კახეთის გარშემო გაერთიანდა მომიჯნავე პოლიტიკური ერთეულები. ადრინდელი ფეოდალურ ხანაში კახეთი უკვე ერწო-თიანეთისა და თუშ-ხევსურეთის ტერიტორიასაც მოიცავდა. VIII საუკუნის ბოლოს კახეთის შემადგენლობაში შევიდა აგრეთვე კუხეთი და ჰერეთის ტერიტორიის ნაწილი (XV საუკუნიდან კი მთელი ჰერეთი). XI საუკუნიდან კახეთის პოლიტიკური ცენტრი თელავი, XV საუკუნიდან — გრემი.

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით კახეთი მოიცავს ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღის, ყვარლის მუნიციპალიტეტების ტერიტორიას და ქართველ მთიელთა ეთნოგრაფიულ კუთხეს — თუშეთს.

ძველი წელთაღრიცხვის XII საუკუნეში აღმოსავლეთ საქართველოში დიაოხის განადგურების შემდეგ წარმოიქმნა რამდენიმე ტერიტორიული ერთეული, რომელთა შორისაც იყვენენ კახეთის, კუხეთისა და ჰერეთის სამამასახლისოები, თუმცა ისტორიკოსთა გარკვეული ჯგუფი მიიჩნევს, რომ ჰერეთში სახლობდნენ საქართველოს აღმოსავლეთით მცხოვრებ ალბანელებელთა ნაწილი, რომელმაც შემდგომ ქართლიზაცია განიცადა. სამივე ეს სამამასახლისო ოდითგანვე იბერიის სამეფოს ნაწილი იყო. ფარნავაზის მეფობისას კახეთი უკვე საერისთავოდ გარდაიქმნა, ამავე პერიოდში მან კუხეთიც მოიცვა, ეს გაერთიანება ბუნებრივად მოხდა. VII–VIII საუკუნეებში ქართლის სამეფოში შემავალი კახეთი არაბების მიერ იქნა დამორჩილებული.

ხოლო ხოსროვანთ გარდაცვალებისა შემდგომად, განდგა რა გრიგოლი მთავარი (787–827), ამან მოსპო სახელი კუხეთისა და იწოდა კახთა მთავრად ანუ ქორიკოზად. და ამათ მთავრობასა შინა ჯვარს ქვეით სამხრის კერძს ეწოდა გარდაბანად. არამედ შემდგომად კვირიკემ დაიპყრა რა ჰერეთიცა, იწოდა კახთ მეფედ. გარნა ჰერეთს აქუნდა თავისისვე სახელი მოუსპობელი.

კვირიკე III დიდი (1010–1029), მეფე ბაგრატ III-მ დაამარცხა და თავის სამეფოს შეუერთა კახეთი და ჰერეთი. 1014 წელს ბაგრატი რომ გარდაიცვალა, კვირიკემ ისევ დაიპყრო კახთ-ჰერეთი და დაადგინა ერისთავები:

ა) რუსთავს და მისცა მას კუხეთი (ნაგები, ყარაია, ჩადივარი, სამგორი, უჯარმა, ლილო, მარტყოფი, გრდანი, ხერკი და არაგვისკერძი ჟინვანამდე.

ბ) კვეტერს და მისცა უჯარმის ზეითი, კახეთისა და კუხეთის მთებ შორისი კავკასამდე (ერწო, თიანეთი, ფხოელნი, ძურძუკნი და ღლიღვი).

გ) პანკისს და მისცა ჰერეთის საზღვარს ზეითი კახეთის მთამდე თუშეთითურთ.

დ) ხორნაბუჯს და მისცა ქისიყი და გარეთ-კახეთი კუხეთის საზღვრამდე, ალაზანსა და მტკვარს და ჰერეთის მთის შიგნითი.

ე) ვეჯინს და მისცა ქისიყის საზღვარს ზეით თურდოს ხევამდე და ალაზანსა და ჰერეთის მთის შიგნითი.

ვ) მაჭს და მისცა მაჭის წყლის (მაზიმ-ჩაის, ლაგოდეხის წყლის) ქვეითი ალაზნის აღმოსავლეთი შაკიხითურთ (ნუხითურთ) და ხუნძარითურთ.

ზ) შტორს და მისცა შტორის ხევიდამ მაჭის წყლამდე, ალაზნის აღმოსავლეთი დიდოეთითურთ (გაღმამხარი).

თიანეთს ააგო სასახლე „ხელოვანი“, თელავი ჰყო სასაზლეთ და ტახტად კახთ-ჰერეთისა. კვირიკე რომ მოკვდა, ბაგრატ IV-მ შეიპყრა პანკისის ერისთავი სტეფანოს, ხორნაბუჯის ერისთავი ვაჩე, მაჭის ერისთავი დაჩი, გადავიდა თიანეთს, დასწვა კვირიკეს სახელოვანი დარბაზი, მიიბარა კვირიკეს სიძე მარილელი მთავარი აშოტ.

ხოლო შემდგომად განდგომილებისა, ქორონიკონსა ჩუჲვ ქართულსა ჩნდ მოისპო სახელი ჰერეთისაცა და აწ იწოდნენ საკუთრად კახთ მეფედ; და ჰერეთს უწოდებენ შემდგომად აწამდე განყოფით ესრეთ: გაღმა-მხარს, ელისენსა, შიგნით-კახეთს და ქისიყს, და გარეთ-კახეთს.

ძვ. წ. II ათასწლეულის დასასრულის და ძვ. წ. I ათასწლეულის დასაწყისის არქეოლოგიური მასალის მიხედვით, უმთავრესად კი ბრინჯაოს საბრძოლო იარაღის შესწავლის შედეგად, გამოიყო სამი თავისებური ჯგუფი, რომლებიც მკვეთრად განსხვავდება ერთიმეორისაგან და თითოეული მათგანი მკაცრად შემოფარგლულ ტერიტორიაზეა გავრცელებული. ერთი ჯგუფი, მასალის გავრცელების საზღვრების შესაბამისად, შემოიფარგლა მდინარე ალაზნისა და ივრის ზემო დინებით, ვიდრე მდინარე არაგვამდე; მეორე ჯგუფის გავრცელების საზღვრები მთლიანად მოიცავს მდინარე ალაზნის შუა და ქვემო დინებას და ტერიტორიას მის სამხრეთით, მდ. იორამდე; მასალების მესამე ჯგუფი შედარებით მცირე ტერიტორიაზეა გავრცელებული და თბილისის და რუსთავის მიდამოებში ფარავს ფართობს მდინარე მტკვრის ორივე მხარეს ჩრდილოეთით — მდინარე იორამდე, სამხრეთით კი — მდინარე ალგეთამდე.

ქართულ ისტორიოგრაფიაში რეალობად არის მიჩნეული ლეონტი მროველის თხზულებაში გადმოცემული საქართველოს ისტორიის საწყისი, სადაც იგი ძვ. წ. I ათასწლეულის პირველი ნახევრის ამბებს უნდა გადმოგვცემდეს. სხვა მონაცემებთან ერთად, აქ ზუსტად არის შემოფარგლული თავდაპირველად თარგამოსიანთა, შემდეგ კი მისი შთამომავლების — ქართლოსიანთა კუთვნილი ტერიტორიების საზღვრები. მნიშვნელოვანია ის, რომ თარგამოსის ძის, ჰეროსისა და ქართლოსის ძეთა, კახოსისა და კუხოსის კუთვნილი ტერიტორიების საზღვრები ზუსტად ემთხვევა იორ-ალაზნის აუზის, ძვ. წ. II ათასწლეულის დასასრულისა და ძვ. წ. I ათასწლეულის დასაწყისის არქეოლოგიური მასალების სამი ჯგუფის გავრცელების საზღვრებს, რაც, არ შეიძლება შემთხვევითობას მივაწეროთ, მით უმეტეს, რომ წერილობით წყაროებში აღწერილი ტომთა დასახლების საზღვრები ქრონოლოგიურად ემთხვევა არქეოლოგიური მასალების ამ სამი თავისებური ჯგუფის თარიღს.

დასკვნა მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს: ამ უძველესი ქართველური ტომების — კახების, კუხებისა და ჰერების ეთნიკური ისტორია ძვ. წ. II ათასწლეულიდან უნდა დავიწყოთ.

კახეთში აღმოჩენილია ძვ. წ. I ათასწლეულის შუახანების მეტად მნიშვნელოვანი ძეგლებიც. ალაზნის ველზე, სოფელ ტიბაანის მახლობლად, ქუმბათად ქოდებულ ადგილში გაითხარა ბრწყინვალე ნასახლარის ნაშთები აქამენიანთა იმპერიის დედაქალაქის — პერსეპოლისისათვის დამახასიათებელი ტიპური სვეტის ქვის ძირებით, რომლებიც ლოტოსის ფოთლის გამოსახულებებითაა შემკული. თუ სვეტების ძირების დიამეტრის მიხედვით ვიმსჯელებთ, სვეტების სიმაღლე რვა მეტრზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო, რაც ნაგებობის გრანდიოზულობაზე მიგვანიშნებს. ამ დროს კავკასიის ამ მხარის აქემენიდურ სამყაროსთან მჭიდრო კავშირის მანიშებელია სოფელ პატარძეულში აღმოჩენილი სამარხეული მასალა, კერძოდ ძვ. წ. VI საუკუნის ომფალოსიანი ბრინჯაოს თასები, ვერცხლის ფიალა. ამ პერიოდის მნიშვნელოვანი ძეგლია შესწავლილი შირაქიც, სოფელ ქვემო ქედში. აქ გაითხარა სამოსახლოსგან გამოყოფილი ლითონ დამმამუშავებელი დიდი სახელოსნო, რომელიც აქემენიდური იმპერიის თანადროულია, მისი გავლენის მრავალ ნიშანს ატარებს და სრულიად გარკვევით მიგვითითებს ამ მხარეში არსებულ საზოგადოების მაღალ, სოციალურ განვითარებაზე.

შედარებით უკეთ არის ცნობილი კახეთის აღმოსავლეთ ნაწილში ძველი და ახალი წელთაღრიცხვის მიჯნით დათარიღებული ე. წ. იალოილუთაფას კულტურის კუთვნილი მასალები, რომლებიც ამ მხარის მხოლოდ უკიდურეს აღმოსავლეთ მონაკვეთშია განსაკუთრებით დიდი რაოდენობით მოპოვებული. მეტად მნიშვნელოვანია, რომ ამ მასალებს არაფერი საერთო არა აქვს მისი წინამორბედ ადგილობრივ კულტურასთან და, რაც მთავარია, იგი კახეთის ტერიტორიაზე დაახლოებით 100–150 წლის არსებობის შემდეგ უკვალოდ ქრება ისე, რომ მისი არც ერთი დამახასიათებელი ნიშან-თვისება შემდგომში დროის ადგილობრივ მასალებში აღარ შეინიშნება. ეს კი იმის დასტურია, რომ კახეთის ტერიტორიაზე იალოილუთაფას კულტურის კუთვნილი მასალები ეკუთვნის მომხვდურს, რომელსაც ეს ტერიტორია დროებით ჰქონდა დაპყრობილი. უფრო დაწვრილებით საუბარი კახეთის ამ ამ ხანის წარსულზე ჭირს, რადგან იგი ჯერჯერობით საგანგებოდ არ არის შესწავლილი.

აქვე უნდა აღინიშნოს რომ სოფ. ქვემო ქედში არმოჩეილ ერთ ორმოსამარხში, იალოილუფას კულტურისათვის დამახასაიათებელ კერამიკული მასალის გვერდით აღმოჩნდა რომაელი ლეგიონერის მუზარადიც. ცნობილია რომ, რომაელმა ლეგიონერებმა აშკარა კვალი დატოვეს სამხრეთ კავკასიის აღმოსავლეთ ნაწილში. ამ ახალი აღმოჩენის მიხედვით კი, უკვე სავარაუდოა, რომ მათი მოძრაობის მარშრუტი შირაქის ველის ჩრდილო განაპირა ზოლიც შედიოდა, მით უმეტეს რომ აქ საგზაო მაგისტრალი უკვე ბრინჯაოს ხანაში არსებობდა.

საყურადღებოა, რომ სოფელ ჭერემსა და ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კოჯორში აღმოჩენილი სამარხეული მასალა, რომელიც ახალი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნეებით თარიღდება, მთლიანად იდენტურია საქართველოს ძველ დედაქალაქ მცხეთაში მოპოვებული მასალებისა, რაც შესაძლოა ამ დროს მათ ერთ პოლიტიკურ სისტემაში არსებობაზე მიუთითებდეს.

ისტორიულ ეპოქაში კახეთი ძვ. წ. IV–III საუკუნეებში წარმოქმნილი ქართული სახელმწიფოს — ქართლის (დასავლური წყაროებით იბერია) აღმოსავლეთი პროვინცია იყო. ამ სახელმწიფოს სატახტო ქალაქს მცხეთა წარმოადგენდა. ლეონტი მროველის თანახმად, ფარნავაზიანთა დინასტიის დამაარსებელმა მეფე ფარნავაზმა ქართლის სამეფო 8 საერისთავოდ დაყო (კახეთის, ხუნანის, სამშვილდის, წუნდის, ოძრხის, კლარჯეთის, ეგრისისა და არგვეთის). კახეთის ერისთავს „მისცა მიწაწყალი არაგვითგან — ვიდრე ჰერეთამდე, რომელ არს კახეთი და კუხეთი“. ჯუანშერს ვახტანგ გორგასლის დროინდელ წარჩინებულთა შორის დასახელებული ჰყავს „დემეტრე ერითავი კახეთისა და კუხეთისა“ და „გრიგოლ, ერისთავი ჰერეთისა“.

კახეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული ქართველთა განმანათლებლის წმინდა ნინოს ცხოვრება და მოღვაწეობა, საერთოდ, ქართლის გაქრისტიანების ისტორია. სწორედ აქ აღესრულა წმინდა ნინო და იქვე დაბა ბოდეში მიაბარეს მიწას, სადაც დღემდეა შემონახული მისი საფლავი.

ბარის მოსახლეობისგან განსხვავებით, კახეთის მთის მოსახლეობაში ქრისტიანობის გავრცელებას გარკვეული წინააღმდეგობა შეხვედრია.

ქრისტიანობის მიღების შემდეგ საქართველო უფრო მჭიდროდ დაუკავშირდა დასავლურ კულტურას. დაიწყო ეკლესიათა მშენებლობა, რაც ახალი იდეოლოგიის დანერგვას ემსახურებოდა.

IV საუკუნეში ქართლის პირველ ქრისტიან მეფეს, მირიანს, კახეთი და კუხეთი საუფლისწულოდ თავისი ვაჟის რევისთვის მიუცია — „მისცა ძესა მისსა რევს საუფლისწულოდ კახეთი და კუხეთი და დასვა იგი უჯარმას, რევ და ცოლი მისი სალომე“. უჯარმის დაარსებას ქართული საისტორიო ტრადიცია მეფე ასფაგურს მიაწერს. უჯარმა მნიშვნელოვან გზებზე მდებარეობდა და ქართლის სამეფოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პუნქტს წარმოადგენდა. მეფე ვახტანგ გორგასალმა უჯარმაში მნიშვნელოვანი მშენებლობები ჩაატარა და იგი სამეფო რეზიდენციად აქცია. უჯარმა ეკონომიკური თვალსაზრისით მთისა და ბარის, ხოლო პოლიტიკურად სამი მეზობელი მხარის ინტერესებს აერთიანებდა. იგი კახეთ-კუხეთში ქრისტიანული რელიგიის გავრცელების ცენტრსაც წარმოადგენდა.

დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა კახეთის ციხე-ქალაქ ნეკრესსაც, რომელიც ერთიანი ქართლის არსებობის საწყის პერიოდში ფარნავაზიანთა დინასტიის მეოთხე მეფე ფარნაჯომმა ააშენა. IV საუკუნეში ნეკრესში ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ეკლესია ააგო. კახეთის მნიშვნელოვანი ციხე-ქალაქები ნეკრესი, ჭერემი და ხორნაბუჯი ვახტანგ გორგასალმა თავის უფროს ძეს დაჩის უბოძა, თავად კი „დაჯდა უჯარმოს“. უჯარმის ციხეშივე გარდაიცვალა სპარსელებთან ბრძოლის დროს მძიმედ დაჭრილი მეფე.

კახეთი „ტყე იყო შეუვალი მტერისა მიერ“, ამიტომ სპარსელთა შემოსევის საშიშროების დროს, ნაკლებად გამაგრებული სოფლებისა და ქალაქების მოსახლეობა კავკასიის მთებსა და კახეთში იხიზნებოდა. განსაკუთრებით კლდით შემოზღუდული ლოპოტის ხევი ყოფილა კარგად დაცული და მოსახლეობით სავსე. იმ დროინდელი კახეთისგან მტრისგან დაცულობის გამო, ვახტანგის ძის — დაჩის მეფობის დასაწყისში, როდესაც მან იწყო „შენებად ქართლისა“, „მოოხრებულ იყვნეს ყოველნი ხევნი ქართლისანი, თვინიერ კახეთისა და კლარჯეთისა და ეგრისისა“.

VI საუკუნეში კახეთში მოღვაწეობდა ასურელი მამების დიდი ნაწილი: დავით გარეჯელი, აბიბოს ნეკრესელი, ანტონ მარტყოფელი, იოსებ ალავერდელი, ზენონ იყალთოელი, და სტეფანე ხირსელი. ასურელმა მამებმა ჩაუყარეს საფუძველი სამონასტრო ცხოვრებას. მათ მიერ დაარსებული მონასტრები ქართული მწიგნობრობისა და კულტურის მძლავრ კერებად იქცა. დავით გარეჯელის მოღვაწეობასთანაა დაკავშირებული ისეთი უნიკალური ისეთი უნიკალური სამონასტრო კომპლექსის დაარსება, როგორიც დავითგარეჯის მონასტრებია.

აქ, შუა საუკუნეებში, დიდი მშენებლობა წარმოებდა, ფრესკები იხატებოდა, ინტენსიური სამწიგნობრო მოღვაწეობა იყო გაჩაღებული.

მრავალი საუკუნის განმავლობაში ქართლის სამეფოზე თავიანთი გავლენის გავრცელებას სპარსეთისა და რომის იმპერიები ცდილობდნენ. მათ შორის ბრძოლა ცვალებადი წარმატებით მიმდინარეობდა, მაგრამ უკვე VI საუკუნის დასაწყისში სპარსეთმა იმძლავრა და 523 წელს, გურგენ მეფის წარუმატებელი აჯანყების შემდეგ, ქართლში მეფობა გააუქმა. ამავე საუკუნის ბოლოს ქართლში კვლავ აღსდგა ქართული ხელისუფლება, რომლის მეთაური ერისმთავრად იწოდებოდა. კახეთი კვლავ ქართლის საერისთავოს წარმოადგენდა.

VI საუკუნე, ეროვნული კულტურის განვითარების პროცესის თვალსაზრისით, ძალზე საინტერესო ხანაა: პოლიტიკური ძალა მტრის ხელშია, მაგრამ კულტურა განიცდის აღმავლობას. უცხო კულტურა ვერა და ვერ ახშობს ადგილობრივს, იგი კვალსაც ვერ ტოვებს ამ კულტურაში. ეს პირველ რიგში ამ პერიოდის ხუროთმოძღვრული ძეგლებით დასტურდება.

კახეთის სამთავროს ჩამოყალიბების პროცესი ადრინდელ შუა საუკუნეებში დაიწყო. ქართლის საერისმთავროს იგი VIII საუკუნის 80-იან წლებში გამოეყო. IX საუკუნის დასაწყისისათვის კახეთის სამთავროს საზღვარი ქართლის საერისმთავროსთან მდინარე ქსანზე გადიოდა.

VII–IX საუკუნეებში საქართველოში არაბების და ბიზანტიელების ბატონომის მიუხედავად, ქვეყანა, გარკვეულწილად, მაინც ერთიანი იყო, რომლის სათავეში „ქართლის მეფენი“, ანუ ერისმთავრები იდგნენ. VIII საუკუნის 80-იან წლებში, როდესაც ერისმთავარი არჩილი გარდაიცვალა, ერთიანობა დაირღვა და მისმა შვილებმა — იოანემ და ჯუანშერმა ქვეყანა გაიყვეს. იოანეს ეგრისი შეხვდა, ხოლო ჯუანშერს — ქართლ-კახეთი. ჯუანშერი მალევე გარდაიცვალა და 787 წელს მთავარმა გრიგოლმა კახეთი ცალკე სამთავროდ გამოაცხადა. მისი ცენტრი გახდა უჯარმა. დროთა განმავლობაში, სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ფონზე, კახეთის სამთავროს ცენტრი ბოჭორმა, ხოლო შემდეგ თიანეთი გახდა, რომელიც კახეთის მჭიდროდ დასახლებული მხარე იყო კარგად განვითარებული მესაქონლეობით. ზოგადად კახეთ-კუხეთ-გარდაბანი ადრინდელ შუა საუკუნეებში ეკონომიკურად საკმაოდ განვითარებული იყო მთის ალპური მეურნეობით, ბარის (ივრისა და ალაზნის აუზები) ინტენსიური მიწათმოქმედებით და მესაქონლეობით. ადმინისტრაციულად იმ დროს კახეთი ძირითადად სამ საერისთავოდ იყოფოდა. სამთავროს სათავეში ქორეპისკოპოსი ედგა, რომელსაც ერისთავთა წრიდან ირჩევდნენ. თავიდან ქორეპისკოპოსი საეკლესიო ხელისუფალი იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში, კახეთ-კუხეთ-გარდაბნის სამთავროდ ჩამოყალიბების პარალელურად, რაშიც სხვა ძალებთან ერთად, წანარებიც აქტიურად მონაწილეობდნენ, ქორეპისკოპოსმა საერო ხელისუფლების თითქმის ყველა ატრიბუტი შეიძინა, იმდენად რომ, უკვე IX საუკუნიდან მას ბიზანტიის იმპერატორები „წანართა არხონტს“ (მთავარს) უწოდებდნენ.

VII–VIII საუკუნეების მიჯნაზე კახეთის სამთავრო, სხვა ქართულ პოლიტიკურ ერთეულებთან ერთად, აქტიურად იბრძვის არაბთა დამპყრობთა წინააღმდეგ. ამ ბრძოლას ფაქტობრივად მთის მოსახლეობა — წანარები უძღვებოდნენ და საკმაოდ წარმატებითაც. არაბებს დიდი ძალებით მთაში შესვლა და ბრძოლა არ შეეძლოთ, ამიტომ მცირე მასშტაბის ტაქტიკურ ბრძოლებს მიმართავდნენ და ხშირად მარცხდებოდნენ. არაბობის შედეგად, ბარის მოსახლეობის და მეურნეობის გაჩანაგების ფონზე, საქართველოს მთიანეთი უფრო ხალხმრავალი და ძლიერი იყო. მიუხედავად ამისა, არაბებმა მაინც შესძლეს VIII საუკუნის შუა წლებში დარიალის აღება, აქ გარნიზონის ჩაყენება და წანართა დახარკვა.

VIII–X საუკუნეებში კახეთის სამთავრო აქტიურად იბრძვის ქართულ სამთავროებს შორის პირველობისათვის. ამ ბრძოლაში ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ჰერეთის სამთავრო იყო. კახთა ქორეპისკოპოსების გარდა, ჰერეთისათვის ბრძოლაში აქტიურად იყვნენ, როგრც ეგრის-აფხაზეთის, ისე გაერთიანებული საქართველოს მეფეები. X საუკუნის II ნახევარში ჰერეთის ეკლესია საქართველოს ეკლესიას შეუეთდა. კახეთის მთავრები ხშირ შემთხვევაში აფხაზთა მეფის პოლიტიკური მოკავშირეები იყვნენ. კახეთის ქორეპისკოპოსები, ზოგჯერ სხვა ქართული პოლიტიკური ერთეულების დასუსტების შემთხვევაში, უარს არ ამბობდნენ მათი ტერიტორიების (აფხაზეთის, ქართლის, ჰერეთის) შემოერთებაზე, ისევე როგორც ეს ერთეულები ამავე მოტივით არაერთგზის დასხმიან თავს კახეთის სამთავროს. ბრძოლები ქართულ სახელმწიფოებრივ ერთეულებს შორის გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. კახეთის მთავრები ვერც საქართველოს გაერთიანების იდეას ურიგდებოდნენ. ისინი აქტიურად იბრძოდნენ გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფის ბაგრატ III-ის წინააღმდეგ. ბაგრატმა შესძლო ერთიანი საქართველოსათვის კახეთისა და ჰერეთის შემოერთება. ბაგრატ III-ის მემკვიდრის გიორგი I-ის დროს, რომელიც ბიზანტიასთან მძიმე ბრძოლაში იყო ჩაბმული, კვირიკე III-მ კახეთ-ჰერეთში დამოუკიდებლობა აღადგინა. მან კახთა და რანთა (ჰერთა) მეფის ტიტული მიიღო და კახეთის სამთავრო გაერთიანებული კახეთ-ჰერეთის სამეფოდ აქცია. კვირიკე ამავე დროს ბიზანტიური მაგისტროსის ტიტულსაც ატარებდა. ჰერეთის შემომტკიცების შემდეგ მან სამთავროს დედაქალაქი თელავში გადაიტანა, რაც სტრატეგიულად და ეკონომიკურად უფრო ხელსაყრელი იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ, როგორც ბიზანტიის, ასევე განძისა და თბილისის ამირების წინააღმდეგ ბრძოლაში კახეთის სამეფო საქართველოს მეფის მოკავშირეა; მაგრამ, როდესაც ბაგრატ IV-მ კახეთის შემოსაერთებლად უკვე კონკრეტული ნაბიჯები გადადგა, კახეთის მეფე ბაგრატის მოწინააღმდეგე ლიპარიტის მოკავშირე გახდა. კახელი დიდებულების დახმარებით ბაგრატ IV-მ მოახერხა კვირიკეს შევიწროება და სამთავროს მნიშვნელოვანი ნაწილის შემომტკიცება. თურქ-სელჩუკების გამოჩენამ ძალთა თანაფარდობა შესცვალა. კახეთის მეფე აღსართანმა სულტანს ერთგულება აღუთქვა და ამ გზით დაკარგული ტერიტორიები და დამოუკიდებლობა დაიბრუნა.

კახეთ-ჰერეთის სამეფოს შემომტკიცება საბოლოოდ დავით აღმაშენებლის დროს მოხერხდა. თურქ-სელჩუკთა გავლენის შესუსტებისა და ქართული სახელმწიფოს გაძლიერების პარალელურად, 1103 წელს, დავით აღმაშენებელმა კახეთის მეფე კვირიკე IV-ს ზედაზნის ციხე წაართვა. მალე კვირიკე გარდაიცვალა და ტახტზე მისი ძმისწული აღსართან II ავიდა. კახეთის დიდებულებმა იგი შეიპყრეს და დავითს მიჰგვარეს. კახეთის სამეფო გაუქმდა, მაგრამ კახეთისთვის ბრძოლა გრძელდებოდა. 1104 წელს დავითმა ერწუხთან სასტიკად დაამარცხა თურქ-სელჩუკების და მათი მოკავშირეების დიდი ლაშქარი, ხოლო 1117 წელს ჰერეთის უკიდურესი სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ციხე გიშის აღებით, საბოლოოდ დაასრულა კახეთ-ჰერეთის შემოერთება.

საქართველოს ერთიანობის ხანაში, XII–XV საუკუნეებში, კახეთი და ჰერეთი საერისთაოებს წარმოადგენდნენ და აქტიურად იყვნენ ჩართული სრულიად საქართველოს ცხოვრებაში. საინტერესოა რომ კახეთის შემოერთების შემდეგ ცენტრალურმა სამეფო ხელისუფლებამ, თავდაპირველად დავით აღმაშენებელმა, ხოლო შემდეგ მისმა მემკვიდრეებმა კახეთის სოფლებისა და ყმა-მამულის უდიდესი ნაწილი კათოლიკოსს, სვეტიცხოველს და სხვა ეკლესია-მონასტრებს გადასცეს მფლობელობაში. ამით სამეფო კარი ცდილობდა მტკიცე ერთგულებაში ჰყოლოდა ეს მხარე.

თურქ-სელჩუკთა მიერ განადგურებული და შემდეგ კვლავ აღდგენილი კახეთის ბარის მეურნეობა, მონღოლთა შემოსევების შედეგად, ისევ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. მონღოლმა მომთაბარეებმა საზამთრო სადგომებად დაიკავეს ივრისპირეთი და მტკვრის ნაპირებზე რუსთავის მიდამოები. მოსახლეობის დიდმა ნაწილმა კახეთის ხშირ ტყეებს შეაფარა თავი. მონღოლებმა საქართველო სამხედრო-ადმინისტრაციულ ერთეულებად — დუმნებად დაყვეს. მათ სათავეში მყოფ დუმანნოინებს ევალებოდათ ამ ერთეულებიდან ჯარის გამოყვანა და ხარკის აკრეფა. ისტორიული კახეთი (კახეთ-ჰერეთ-კამბეჩოვანი) ერთ დუმანს შადგენდა, რომელსაც სათავეში მონღოლებმა ფრიად წარჩინებული ფეოდალი ეგარსლან ბაკურციხელი ჩაუყენეს. ეგარსლან ბაკურციხელი მონაწილეობდა მონღოლთა წინააღმდეგ კოხტასთავის 1246 წლის შეთქმულებაში, მაგრამ რუსუდანის გარდაცვალების შემდეგ, რადგანაც ტახტის მემკვიდრე არ ჩანდა, ეგარსლან ბაკურციხელმა მთელი ძალაუფლების ხელში ჩაგდება მოინდომა. ამის გამო მის წინააღმდეგ ამხედრდნენ სხვა ქართველი პოლიტიკური მოღვაწეები, რომლებმაც ბაკურციხელი პოლიტიკურ ასპარეზს ჩამოაშორეს.

კახეთისათვის, ისე როგორც მთელი ქვეყნისათვის, განსაკუთრებით დამანგრეველი იყო საქართველოს ტერიტორიაზე ორ უზარმაზარ მონღოლურ სახელმწიფოს — ოქროს ურდოსა და ილხანთა სამეფოს შორის გარამავალ უპირატესობით მიმდინარე ბრძოლები. ამ ბრძოლების შედეგად, კახეთის მოსახლეობა და მეურნეობა დიდად ზარალდებოდა. დამანგრეველი გამოდგა ამ ორ სახელმწიფოს შორის 1262–1263 წლებში მიმდინარე ბრძოლები, რომლის დროსაც დავით VII ულუს ილხანთა მხარეს უხდებოდა მონაწილეობა. 1265 წელს ოქროს ურდოს ყაენმა ბერქამ ილხანის ყაენ აბაღასთან შესაბმელად გადმოიარა და მოაოხრა შირვანი, ჰერეთი და კახეთი, კერძოდ ივრისპირეთი.

ყაენის კარზე გამგზავრების წინ დავით ულუმ კახეთის წინამძღოლობა პანკისის ერისთავ თორღვას დაავალა. ყაენის კარზე მეფეს შეაგვიანდა. თორღვამ თავი კახეთის სრურლფლებიან მმართველად გამოაცხადა. მეფის დაბრუნების შემდეგ, თორღვა შეიპყრეს და საჯაროდ დასაჯეს.

უმძიმეს საგადასახადო სისტემასთან ერთად, მონღოლთა გაუთავებელ ლაშქრობებში საქართველოს მონაწილეობა სასტიკად აჩანაგებდა ქვეყანას.

გიორგი V ბრწყინვალის დროს, როდესაც კახეთი ჯერ კიდევ ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა, აღდგა და განვითარდა ბარის მეურნეობა, მომრავლდა მოსახლეობა, კვლავ ამოქმედდა სარწყავი სისტემები, გაშენდა ვენახები. მაგრამ მშვიდობიანობა დიდხანს არ გაგრძელებულა. XIV საუკუნის ბოლო წლებში თემურ ლენგის რვაგზისმა დამანგრეველმა შემოსევებმა, ერთი მხრივ, გაანადგურა ქვეყნნის ეკონომიკა და მოშალა ბარის მეურნეობა, ხოლო მეორე მხრივ, საფუძველი დაუდო საქართველოს პოლიტიკურ დაშლას. თემურ ლენგის შემდეგ ქართულ ენაში ფართოდ გავრცელდა ისეთი ტერმინები, როგორიცაა „ნასოფლარი“, „ნასახლარი“, „ნაფუძარი“ და სხვა. კახეთისათვის განსაკუთრებით მაოხრებელი და სისხლისმღვრელი იყო ლენგის 1399 წლის ლაშქრობა.

1465 წელს, სამცხის ათაბაგის ყვარყვარე II-ის მიერ ქართლის მეფის გიორგი VIII-ის დატყვევების შემდეგ, დიდმა ფეოდალებმა კახეთის დამოუკიდებელ მთავრად ერთ-ერთი ადგილობრივი ერისთავი — დავითი დასვეს. 1466 წელს ტყვეობიდან გათავისუფლებული ქართლის მეფე გიორგი VIII, ქართლში სამეფო ტახტის დაკარგვის შემდეგ, კახეთში გადავიდა, დაამარცხა დავითი და საფუძველი ჩაუყარა კახეთის ბაგრატიონთა სამეფო დინასტიას. კახეთში გამეფების შემდეგ გიორგი VIII მოიხსენიება, როგორც გიორგი I კახეთის მეფე. ამის შემდეგ გიორგიმ კახეთში, სამხედრო -ადმინისტრაციული თვალსაზრისით, გარკვეული რეფორმები გაატარა. მან გააუქმა საერისთავოები და მათ მაგივრად ქვეყანა უფრო წვრილ ერთეულებად — სამოურავოებად დაყო. მოურავების სახელო, კახეთის მეფეების ხელში, ადგილობრივი ფეოდალების მორჩილებაში ყოლის ეფექტიანი საშუალება აღმოჩნდა. სხვადასხვა მხარის მოურავობას იღებდნენ კახეთის ძლიერი, ფეოდალური საგვარეულოების წარმომადგენლები. გიორგის მეფობაშივე ჩამოყალიბდა ოთხი სადროშო, რომეთა ფარგლებშიც, საჭიროების შემთხვევაში, ლაშქრის მობილიზება ხდებოდა. თითოეული სადროშოს სათავეში გიორგი მეფემ, ქართლისაგან განსხვავებით, სარდლებად ეპისკოპოსები დანიშნა. ეპისკოპოსობა მემკვიდრეობითი თანამდებობა არ იყო, ამიტომ ვერც სარდლობა გადავიდოდა მემკვიდრეობით. ეს კი ხელს უწყობდა სამეფო ხელისუფლების განმტკიცებას, რამაც ხელი შეუშალა კახეთში ნახევრად დამოუკიდებელი, ძლიერი საფეოდალოების — სათავადოების ჩამოყალიბებას.

1465–1762 წლებში კახეთის სამეფოს საზღვარი დასავლეთით გადიოდა მდინარე არაგვზე, სამხრეთით და სამხრეთ-დასავლეთით — მდინარე მტკვარზე, ჩრდილოეთით კავკასიის მთავარ ქედზე (ნაწილობრივ ჩრდილოეთი საზღვარი ქედს გადაღმაც გადადიოდა — პირიქითა ხევსურეთი და თუშეთი, გარკვეულ პერიოდამდე დიდოეთი და წახურიც კახეთის სამეფო საზღვრებში შედიოდა). XVII საუკუნის დასაწყისამდე აღმოსავლეთ საზღვარი იქ იწყებოდა, სადაც იორ-ალაზანი მტკვარს უერთდება, შემდეგ მიემართებოდა ჩრდილოეთით აჯინოურის ტბის გასწვრივ, კვეთდა მდინარე აგრიჩაის და მდინარე გიშისწყლის გაყოლებით კავკასიის ქედამდე გადიოდა. XVII საუკუნის შემდეგ კი საზღვრებმა დასავლეთით ყაფაჩაიმდე გადმოიწია.

კახეთის სამეფოში შედიოდა: ალავერდის, ბოდბის, რუსთავის (მარტყოფის), სამების, ნინოწმიდის, ჭერის, ნეკრესის, ხორჭაშნის და სხვა საეპისკოპოსოები. ეპისკოპოსებს მეფე ნიშნავდა.

მნიშვნელოვნად იყო განვითარებული მეურნეობა, მევენახეობა, მებაღეობა, მესაქონლეობა, მეაბრეშუმეობა; მოჰყავდათ ტექნიკური მცენარეები და სხვა. ვითარდებოდა საშინაო და საგარეო ვაჭრობა, ხელოსნური წარმოება. არმოცენდა და განვითარდა ახალი ქალაქები: გრემი, ბაზარი. კახეთის მეფე გიორგი I-ის დროს სამეფოს დედაქალაქი გადატანილ იქნა გრემში, რომელიც აკონტროლებდა როგორც კავკასიის მთიანეთში, ასევე სპარსეთში მიმავალი გზის ერთ-ერთ შტოს.

კახეთის მეფეთა შორის განსაკუთრებით გამოირჩეოდა ალექსანდრე I კახთა მეფე, რომელიც გიორგი I-ის გარდაცვალების შემდეგ გამეფდა. მან მშვიდობიანი ურთიერთობა დაამყარა ქართლის სამეფოსთან, სეფიანთა ირანტან, შაქისა და შირვანის სახანოებთან და XV საუკუნის II ნახევარში უზუნ-ჰასანის, იაკუბ ყაენის და შაჰ-ისმაილ I-ის საქართველოში ლაშქრობების დროს, დიპლომატიური მოქნილობის წყალობით, მშვიდობა შეუნარჩუნა კახეთს. ალექსანდრე I-მა ქართულ სამეფო-სამთავროთა შორის პირველმა დაამყარა ურთიერთობა რუსეთთან და 1483 და 1492 წლებში ელჩობები გაგზავნა მოსკოვში. 1511 წელს ალექსანდრე I-ის შვილმა — გიორგიმ მამა მოკლა, ხოლო ძმა — დიმიტრი დააბრმავა. ამის გამო კახეთის მეფე გიორგი II, ავგიორგის სახელითაა ცნობილი. იგი ქართლის სამეფოსთან მშვიდობიანი ურთიერთობის მომხრე არ იყო და ჯერ კიდევ მამის მეფობაში, ამ უკანასკნელის ნების წინააღმდეგ, ხშირად აწყობდა ქართლში ლაშქრობებს. გამეფების შემდეგ მან გააგრძელა ქართლის ტერიტორიაზე თარეში. 1513 წელს ქართლშჲ ერთ-ერთი ასეთი შეჭრის დროს იგი ბაგრატ მუხრანბატონმა დაატყვევა ძალისის ხევში. იმავე წელს იგი მუხრანის ციხეში გარდაიცვალა. ქართლის მეფემ კახეთის სამეფო შეიერთა, 1513–1518 წლებში ქართლ-კახეთი ერთ სამეფოს წარმოადგენდა. ქართლის ხელისუფლებამ კახეთის ტახტის მემკვიდრის — მცირეწლოვანი ლევანის შეპყრობა სცადა, მაგრამ ლევანი კახელმა თავადებმა გადამალეს, ხოლო შემდეგ როდესაც ქართლის საგარეო მდგომარეობა გართულდა, 1520 წელს გაამეფეს. ქართლის მეფემ დავით X-მ ორჯერ წარუმატებლად სცადა კახეთის დაბრუნება, რის შედეგადაც იგი იძულებული გახდა ზავი დაედო ლევანთან და მდგომარეობას შეგუებოდა. ლევანმა 1574 წლამდე იმეფა, და მისი მეფობაც ალექსანდრე I-ის მსგავსად, საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა ქვეყნისათვის. მან მოახერხა აქტიური სავაჭრო კულტურული ურთიერთობების შენარჩუნება სპარსეთთანაც. შაქი-შირვანის წარუმატებელი შემოერთების მიუხედავად, ლევანმა, ჩერქეზებთან კავშირის წყალობით, დაიმორჩილა გადამდგარი თუშ-ფშავ-ხევსურეთი და არადგინა პოლიტიკური კავშირი რუსეთთან. ივანე IV-თან შეთანხმებით, რუს მეფეთა რაზმი ქვეყნის სანაპირო სიმაგრეებში ჩააყენა, მაგრამ რუსეთმა ანგარიში გაუწია ირანისა და ოსმალეთის პროტესტს და სამხედრო ნაწილები 1572 წელს უკანვე გაიწვია.

ლევანის შემდეგ ტახტი მისმა შვილმა ალექსანდრე II-მ დაიკავა. მან მამის მოქნილი პოლიტიკა გააგრძელა, რის შედეგადაც კახეთი ბევრჯერ გადაურჩა საფრტხეს და აღმშენებლობის გზას დაადგა — მომრავლდა მოსახლეობა, გააქტიურდა საგარეო ვაჭრობა. ვახუშტი ბატონიშვილის სიტყვით ალექსანდრეს დროს: „ესრეთ შენი იყო კახეთი, ვიტარ ძნიად საქმე იპოებოდა სანადირონი“. მაგრამ კავკასიაში ოსმალეთის მომძლავრებასთან ერთად, გაძლიერდა საშამხლოს მთიელთა თავდასხმები კახეთზე და ჩაიკეტა მნიშვნელოვანი სავაჭრო-სამიმოსვლო გზები ირანისა და ასტრახანისკენ. ირანელი და ოსმალო დამპყრობელებისათვის წინააღმდეგობის გაწევის ერთ-ერთ საშუალებად ალექსანდრე II-ც რუსეთთან ურთიერთობას ხედავდა და 1587 წელს კახეთის მეფემ ხელი მოაწერა „ფიცის წიგნს“, რომლითაც რუსეთის მეფის ქვეშევრდომობა აღიარა, ხოლო რუსეთმა იკისრა კახეთის დაცვა გარეშე მტრისგან.

ამასობაში პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდა ქართვლის და კახეთის დაუძინებელი მტერი — შაჰ-აბასი, რომელმაც აქტიურად დაიწყო ალექსანდრეს წინააღმდეგ ინტრიგების ხლართვა. 1601 წელს მისი წაქეზებით, ალექსანდრეს ვაჟმა დავითმა მამა და ძმა თორღვას ციხეში გამოკეტა. მაგრამ რამდენიმე თვეში, როდესაც მძიმე სენით დაავადებული დავითი გარდაიცვალა, ალექსანდრე გრემში დაბრუნდა და მეფობა განაგრძო. 1605 წელს, შაჰის დავალებით, ირანის სამეფო კარზე გაზრდილმა, ალექსანდრე უმცროსმა ძემ — კონსტანტინემ, მამა და ძმა— გიორგი დაახოცინა და თავი კახეთის მეფედ გამოაცხადა. მაგრამ კახელები აჯანყდნენ მამისა და ძმის მკვლელის და ქვეყნის მოღალატე მმართველის წინააღმდეგ და ბელაქანთან ბრძოლაში დაამარცხეს ის. კახეთს მცირე ხნით დავით ალექსანდრეს ძის ქვირვი ქეთევანი განაგებდა. 1606 წელს შაჰ-აბასმა კახეთში დავითის ძე თეიმურაზი გამოგზავნა, რომელმაც დედამისისგან გადაიბარა მეფობა. ირან-ოსმალეთის ომის ფონზე შაჰი ვერ იცლიდა კახეთისათვის, მაგრამ მალე ეს დროც დადგა.

ირან-ოსმალეთის 1603–1612 წლების ომი ირანის გამარჯვებით დასრულდა. ზავის თანახმად, აღმოსავლეთ საქართველო ირანს დარჩა, დასავლეთი — ოსმალეთს. კავკასიაში ამ დროს რუსეთიც აქტიურობდა. ეს გარემოება კი შაჰ აბასს ხელს არ აძლევდა. 1606 წელს შაჰმა ქართლ-კახეთიდან ოსმალები განდევნა, ციხესიმაგრეებში კი საკუთარი გარნიზონები ჩააყენა და ქართველ მეფეებს მორჩილება მოსთხოვა. ამ უკანასკნელებმა ვასალობა აღიარეს, მაგრამ შაჰ აბასს ქართლ-კახეთის სრული მოსპობა და იქ მომთაბარე ტომების ჩასახლება ჰქონდა განზრახული. XVII საუკუნის ტრაგედიაც ამ გეგმის ნაწილი იყო.

1614–1617 წლებში აბას I-მა ოთხჯერ ილაშქრა კახეთში. კახელები ყოველი გოჯი მიწისათვის თავგანწირვით იბრძოდნენ. მტერი ანგრევდა, წვავდა, მიწასთან ასწორებდა სახლებს, ეკლესია-მონასტრებს, ჩეხდა ბაღ-ვენახებს. მაშინ დანგრეული მრავალი ქალაქი და სოფელი შემდგომში აღარ აღმდგარა. 200 ათასზე მეტი ტყვე ირანის სხვადასხვა პროვინციაში (ფერეიდანში, ხორასანში, მაზანდარანში) ჩაასახლეს. მათმა შთამომავლებმა დღემდე შეინარჩუნეს ქართული ზნე-ჩვეულებანი.

შაჰ აბას I-ის ლაშქრობათა შედეგად შევიწროებული კახეთის მოსახლეობა შესაფერის მომენტს ელოდა აჯანყების დასაწყებად. იმერეთში ლტოლვილმა თეიმურაზ I-მა, სპარსელტა წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის მიზნით, კავშირი შეკრა დასავლეთ საქართველოს მეფე-მთავრებთან. აჯანყება დააჩქარა ოსმალთა არმიის დაძვრამ სპარსეთის საზღვრებისაკენ. აჯანყება 1615 წლის 15 სექტემბერს, ალავერდობას, დაიწყო დავით ჯანდიერის მეთაურობით. შეიარაღებული ქართველები შევიდნენ ალავერდის ეკლესიის გალავანში, სადაც ყიზილბაში მეციხოვნეები იდგნენ და დატქმულ ნიშანზე ამოხოცეს ისინი. აჯანყებულებმა თეიმურაზ I მეფედ მიიწვიეს. იგი კახეთში ჩავიდა და სათავეში ჩაუდგა აჯანყებას. მათ კავშირი დაამყარეს შირვანთანაც. აბას I-მა, აჯანყების ჩასაქრობად, 15 ათასიანი ლაშქარი გამოგზავნა.

ოსმალეთის მხარდაჭერის იმედი არ გამართლდა, ვერც ქართლი მიეხმარა თეიმურაზს, ამიტომ მან მარტომ შეუტია მტერს და შაჰ-აბასს ლაშქარი გაუნადგურა. მტერზე გამარჯვებამ რწმენა განუმტკიცა კახელებს, ხოლო შაჰი სასტიკად განრისხდა და შურისძიების სურვილით არივსო.

კახეთს 1616 წლიდან, შაჰის ნაცვალი, ყიზილბაში ფექარ-ხანი მართავდა, რომელიც თურქმანი ტომების ამ მხარეში ჩასახლებასა და მოსახლეობის გამუსლიმანების პოლიტიკას განაგრძობდა. პარალელურად თავის ფუძე-კარს უბრუნდებოდნენ მთაში და ტყეში გახიზნული კახელები, რაც ირანელებს იმდენად დიდ პრობლემებს უქმნიდა, რომ ფეიქარ ხანმა შაჰს 1625 წელს ახალი სადამსჯელო ექსპედიციის გამოგზავნა სტხოვა. თეიმურაზი იმედებს კვლავ ოსმალებზე ამყარებდა, მაგრამ ირანთან ბრძოლაში ოსმალებმა წარმატებებს ვერ მიაღწიეს. ამით თეიმურაზს ხელი მოეცარა. პარალელურად, მეფე რუსეთთანაც ცდილობდა ურთიერთობის გაცხოველებას, რასაც აგრეთვე შედეგი არ მოჰყოლია. შაჰ აბასი კი თეიმურაზის აქტივობით გაღიზიანებული იყო. მან დაასაჭურისა ირანში მყოფი უფლისწულები, ხოლო მათი ბებია თეიმურაზის დედა — ქეთევან დედოფალი საშინელი წამებით მოაკვლევინა. ქრისტიანობისათვის თავდადებული ქეთევანი ქართველმა ერმა და ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

1625 წელს, ფეიქარ ხანის მოთხოვნით, შაჰ აბასმა ახალი სადამსჯელო ექსპედიცია გამოაგზავნა საქართველოში. მტერს ქართლ-კახეთის ერთიანად ამოწყვეტა ჰქონდა განზრახული. მარტყოფის ველზე 26 მარტს, ხარება დრეს, ქართველებმა, გიორგი სააკაძის მეთაურობით, თითქმის 30 ათასი ყიზილბაში გაჟლიტეს (მხოლოდ 3 ათასმა შესძლო გაქცევა). სააკაძემ ჯერ ქართლიდან განდევნა მტერი, ხოლო შემდეგ კახეთიდან გაქცეულ ფეიქარ ხანს დაედევნა და ყარაბაღის სახანოდანაც გააქცია ირანელები. მცირე ხანში, თბილისის გარდა, მთელი ქართლ-კახეთი განთავისუფლდა. აჯანყებულებმა ოსმალეთში მყოფი თეიმურაზი მოიწვიეს და გაერთიანებული სამეფოს მეფედ დასვეს. ქართლ-კახეთი გადარჩა, ეს დიდი გამარჯვება იყო.

სპარსელტა ახალი შემოტევა 1625 წლის ივლისში განხორციელდა. აბას I-ის მიერ გამოგზავნილ ახალ, დიდ ჯართან მარაბდის ბრძოლაში ქართლ-კახეთის გაერთიანებული ლაშქარი დამარცხდა, მაგრამ მტერმა, რომელმაც ამ ლაშქრობებში 70 ატასი კაცი დაკარგა, მიზანს ვერ მიაღწია — ქართლ-კახეთი ვერ აღგავა პირისაგან მიწისა.

შაჰ აბასი ამის შემდეგ სააკაძის, თეიმურაზ I-ის და თავადების ურთიერთწაკიდების პოლიტიკაზე გადავიდა და გარკვეულ წარმატებას მიაღწია. 1626 წელს გაიმართა ბაზალეთის ძმათამკვლელი ომი. ომში თეიმურაზმა დაამარცხა სააკაძე და ქვეყნიდან გააძევა. დიდი მოურავი ოსმალეთში გადაიხვეწა, სადაც 1629 წელს სულთნის დიდვეზირის ბრძანებით მას, მის შვილს ავთანდილს და 40-მდე მხლებელს თავები მოჰკვეთეს. იმავე წელს გარდაიცვალა შაჰ აბასიც.

1631 წელს თეიმურაზი ფაქტობრივად ქართლ-კახეთის ერთპიროვნული მმართველი გახდა, 1632 წელს მან შაჰის აჯანყებულ მოხელესთან — დაუდხან უნდილაძესთან ერთად ბარდა და ყარაბაღი დაარბია, ამისთვის სპარსეთის ახალმა შაჰმა სეფი I-მა თეიმურაზი გადააყენა და ქართლის მმართველად როსტომ-ხანი, ხოლო კახეთში ყიზილბაში სელიმ-ხანი დანიშნა. თეიმურაზი წარუმატებლად ეწინააღმდეგებოდა როსტომ-ხანს, რომელმაც 1648 წელს თეიმურაზი კახეთიდანაც გააძევა. თეიმურაზმა ვერც რუსეთისაგან მიიღო მხარდაჭერა, წარუმატებელი აღმოჩნდა დახმარების მიღების მცდელობა, როგორც დასავლეთის ქვეყნებისგან, ასევე ოსმალეთისგან. იმედგაცრუებული თეიმურაზი 1661 წელს ბერად შედგა. მალე იგი დიდი ამალით ირანს გაემგზავრა, სადაც გამაჰმადიანების შემთხვევაში კახეთის მეფობა აღუთქვეს. თეიმურაზმა უარი სთქვა გამაჰმადიანებაზე, რის შედეგადაც იგი დააპატიმრეს. 74 წლის თეიმურაზ I ასტრაბადის ციხეში გარდაიცვალა. ქართველებმა მისი ნეშტი სამშობლოში ჩამოასვენეს და ალავერდის მონასტერში დაკრძალეს.

სპარსეთის მესვეურები ხელს არ იღებდნენ შაჰ აბასის გეგმებზე. 1656 წელს როსტომს კახეთი ჩამოართვეს და იქ ყიზილბაში მმართველი დასვეს, მცირე ხანში კახეთში თურქმანების 1500 ოჯახი ჩაასახლეს. კახელებმა აჯანყება გადაწყვიტეს. აჯანყების სამზადისს ზაალ არაგვის ერისთვაი ჩაუდგა სათავეში. 1660 წელს შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები, ალავერდელი ეპისკოპოსი, ბიძინა ჩოლოყაშვილი და თუშ-ფშავ-ხევსურები ზეზვა გაფრინდაულის, ნადირა ხოშარაულის და გოგოლაურის მეთაურობით მტერს მოულოდნელად დაესხნენ თავს, აიღეს ბახტრიონისა და ალავერდის ციხესიმაგრეები, ხოლო მეციხოვნეები გაჟლიტეს. კახელებს ქართლელებიც მიეხმარნენ. აჯანყების მოტავეებზე ყიზილბაშებმა სასტიკად იძიეს შური და წამებით დახოცეს, მაგრამ ამ აჯანყებამ კახეთი ფიზიკური გადაშენებისაგან იხსნა, თუმცა სპარსეთის ბატონობა მაინც გრძელდებოდა.

კახეთი, ქართლის მეფის ვახტანგ V-ის, შაჰ-ნავაზის მმართველობაში გადავიდა, ხოლო შემდეგ მის შვილს არჩილს ებოძა, რომელმაც 1664 წელს დაიკავა იგი. მან კახეთში აღმშენებლობითი მოღვაწეობა დაიწყო, შედარებითი წესრიგი დაამყარა, ნაწილობრივ ალაგმა ლეკთა თარეში, აღადგინა სახელმწიფო მოწყობა, ხოლო რეზიდენცია გრემიდან თელავში გადაიტანა.

სპარსელებს არ მოეწონათ ვახტანგისა და არჩილის მიერ ქართლ-კახეთის გაერთიანება-მოძლიერება, ამიტომ თეიმურაზის შვილიშვილი, რუსეთიში გადახვეწილი ერეკლე I (ნაზარლი ხანი) ჩამოიყვანეს და კახეთსი ტახტი აღუთქვეს. არჩილმა 1675 წელს დატოვა კახეთი და იმერეთში გამეფებას შეეცადა. 1699 წელს იგი რუსეთში გადასახლდა.

1703 წელს ერეკლე სპარსეთში გაიწვიეს, მეფობაც უბოძეს, მაგრამ რეალურად ტახტზე მისი შვილი დავითი (იმამ ყულიხანი) დასვეს, რომელიც ლეკთა თარეში ალაგმვას შეეცადა, თუმცა უშედეგოდ. ლეკები უფრო მომძლავრდნენ და კახეთის აღმოსავლეთი რამდენიმე სოფელი დაიკავეს.

1722 წელს კახეთის სამეფო ტახტზე დავით II-ის ძმა — კონსტანტინე ავიდა, რომელმაც ლეკების ნაცვლად ქართლს დაუწყო ბრძოლა, მაგრამ ქართლი ვერ დაიპყრო, ლეკები კი უფრო მოამძლავრა. ამასთან ერთად, ქართლი ოსმალებმა დაიკავეს. კონსტანტინემ ოსმალეთის წინააღმდეგ მოავშირე ვერ იპოვა და ფშავ-ხევსურეთში გაიქცა. ლეკებმა კი ისარგებლეს კახეთში ხელისუფლების კრიზისით და მთელი ამ მხარის დაპყრობა განიზრახეს. 1727 წელს ოსმალეთის სულტანმა ჭარ-ბელაქანი ლეკებს გადასცა. 1732 წელს ოსმალებმა კონსტანტინე მოკლეს და კახეთი დაიკავეს.

1733 წელს კახეთის სამეფო ტახტზე კონსტანტინეს უმცროსი ძმა — თეიმურაზ II ავიდა. 1735 წელს სპარსეთმა განსდევნა ოსმალეთი აღმოსავლეთ ამიერკავკასიიდან, თეიმურაზ II დააპატიმრეს და ისპაჰანს გაგზავნეს, კახეთი კი გამაჰმადიანებულ ალექსანდრეს ჩააბარეს. ქართლ-კახეთში ახალი ძალით გაისალა განმათავისუფლებელი მოძრაობა, ამან აიძულა ნადირ-შაჰი 1736 წელს თეიმურაზ II კახეთში დაებრუნებინა, მისი ძე ერეკლე კი ინდოეთის ლაშქრობაში იახლა. შაჰმა 1744 წელს თეიმურაზ II-ს ქართლი, ერეკლე II-ს კი კახეთი ჩააბარა ქრისტიანობის შენარჩუნებით. ქართველთა ტავგამოდებამ და შეუპოვრობამ შედეგი გამოიღო, ნადირ-შაჰმა ქართლ-კახეთის გამუსულმანებაზე ხხელი აიღო. 1747 წელს ნადირ-შაჰი სპარსეთის შიდაპოლიტიუკურ ბრძოლებს შეეწირა, რიტაც ისარგებლა ერეკლე II-მ და თბილისის და სხვა ციხეებიდან სპარსი მეციხოვნეები განდევნა. 1748 წლიდან ქართლ-კახეთმა სრული დამოუკიდებლობა მოიპოვა.

1748-1752 წლებში თეიმურაზ II და ერეკლე II წარმატებით იბრძვიან მეზობელი სახანოების წინააღმდეგ და პარალელურად არაერთხელ ამარცხებენ ქართლ-კახეთში შემოჭრილ ლეკებს. ერევნის, განჯის და ნახიჭევანის ხანებმა თავი ერეკლე II-ის მოხარკეებად სცნეს. 1754 წელს ერეკლემ მცირე ლაშქრით ბრწყინვალედ გაიმარჯვაქ ვეყანაში შემოჭრილ მრავალრიცხოვან ლეკ მოთარეშეებზე. 1755 წელს კახეთში უფრო დიდი ლაშქარი შემოიჭრა ხუნძახის ბატონის ნურსალბეგის სარდლობით. მან ალყა შემოარტყა ყვარლის ციხეს და, როდესაც მეციხოვნეებს ტყვია-წამალი და სურსათის მარაგი ელეოდათ, ერეკლეს მიერ გამოგზავნილი რაზმი ციხესიმაგრეში შეიჭრა და ტან საბრძოლო მასალაც შეიტანა, ქიზიყელტა მეორე დიდი რაზმი კი ჭარის დასარბევად გაეშურა. ამ ტაქტიკურმა სვლამ ლეკები აიძულა, ალყა მოეხსნათ და კახეთს გასცლოდნენ. თეიმურაზის გარდაცვალების შემდეგ, 1762 წლიდან ერეკლე II ქართლ-კახეთის მეფე გახდა. ირანმა სცნო მისი მეფობა და გავლენა მეზობელ სახანოებზე.

ერეკლე II-მ მტკიცე ხელით განაგრძო მამასთან ერთად დაწყებული ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენა-განვითარების საქმე. მან აღკვეტა მის წინააღმდეგ ფეოდალთა ერთი ჯგუფის მიერ წამოწყებული შეთქმულება, გააუქმა მსხვილი საერისთავოები, ააღორძინა საქალაქო ცხოვრება, ხელოსნობა და ვაჭრობა. სამეფო კარმა დიდი ყურადღება მიაქცია მრეწველობის განვითარებას: იმ დროისთვის დამუშავების პროგრესული მეთოდით აღადგინა ახტალისა და ალავერდის ვერცხლისა და სპილენძის საბადოები. შეიქმნა თოფ-ზარაფხანის, თოფის წამლის, მინის ქარხნები და მანუფაქტურები, აამოქმედა სამეფო ზარაფხანა, სტამბა და სხვა.

დაიწყო სახელმწიფო მართვის რეფორმაც. ცენტრალური მმართველობა დაიყო: საგარეო საქმეთა, სახელმწიფო შემოსავლებისა და სამხედრო უწყებებად. 1774 წელს შეიქმნა რეგულარული „მორიგე“ ჯარი, რომელსაც ლეკთა თარეში უნდა აღეკვეტა. ქართულ ჯარში შემოიღეს ჩინები და ცდილობდნენ ახალი სამხედრო სისტემის ჩამოყალიბებას. საკმაოდ დაიხვეწა და განვითარდა სასამართლო სისტემაც. აღმავლობა შეეხო მეცნიერებისა და კულტურის სფეროსაც — აღდგა სტამბა, გაიხსნა სახელმწიფო სკოლები და სასულიერო სემინარია, დაარსდა თეატრი და სხვა.

1768–1774 წლების რუსეთ თურქეთის ომის დროს ერეკლემ, რუსეთის დახმარებით სამცხე-ჯავახეთის გატავისუფლება სცადა, მაგრამ რუსის ჯარის ავანტიურისტი სარდლის ტოტლებენის მოღალატური პოლიტიკის წყალობით, რაც მარტო ამ სარდლის ინიციატივა არ უნდა ყოფილიყო, ეს განზრახვა ჩაიშალა; თუმცა, რუსეთთან მოლაპარაკებები გრძელდებოდა, რაც 1783 წელს გეორგიევსკში ტრაქტატის დადებით დასრულდა. ხელშეკრულების თანახმად, ქართლ-კახეთსი მეფეს ამტკიცებდა რუსეთის იმპერატორი, რომელიც უგზავნიდა მას სამეფო ნიშნებს. მეფეს, იმპერატორის ნებართვის გარეშე, არ ჰქონდა ურთიერთობა დაემყარებინა სხვა სახელმწიფოებთან.ქართლ-კახეთის მეფე ვალდებული იყო, საჭიროების დროს, დახმარებოდა რუსეთს ჯარით. ქვეყნის საშინაო მართვა-გამგებლობაში მეფე სრულ დამოუკიდებლობას იანრჩუნებდა. ქართლ-კახეთის მშვიდობაინობის დასაცავად, რუსეთს საქართველოში მუდმივად უნდა ჰყოლოდა 2 ბატალიონი ჯარი 4 ზარბაზნით. იმპერატორი პირობას იძლეოდა, რომ იზრუნებდა მტერთაგან მიტაცებული მიწებბის საქართველოსთვის დაბრუნებაზე.

ტრაქტატის დადებას სპარსეთისა და ოსმალეთის მკვეთრი გაღიზიანება მოჰყვა. ოსმალებმა კვლავ წააქეზეს ლეკები. 1785 წელს ქართლ-კახეთი დიდად დააზარალა ავარიის მმართველის ომარ-ხანის ლაშქრობებმა. პარალელურად გაჩნდა ქართლ-კახეთის დასავლეთ საქართველოსთან გაერთიანების შესაძლებლობა, რაც, სამწუხაროდ არ განხორციელდა. თუმცა, 1790 წელს დაიდო სამხედრო კავშირი ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოებს შორის.

ამასობაში, სპარსეთში, ტახტისთვის ბრძოლაში აღა-მაჰმად-ხანმა გაიმარჯვა, მომძლავრდა და როდესაც დარწმუნდა, რომ რუსეთი საქართველოს სამხედრო დახმარებას არ გაუწევდა, 1795 წელს ქართლში შემოჭრა. რუსეთის მოიმედე ერეკლე II მტერს ძველებურად მომზადებული ვერ შეხვდა. 5 ათას კაციან ჯარს იმერეთის მეფემ 3 ატასი მოლაშქრე მიახმარა. კრწანისის ბრძოლა, ღალატის შედეგად, ქართველების მარცხით დასრულდა. მტერი თბილისში შემოიჭრა და ერთიანად ააოხრა. არა-მაჰმად-ხანი, შიდა პოლიტიკური არეულობის გამო,მალე იძულებული გახდა სპარსეთში გაბრუნებულიყო. ერეკლე მეფე კვლავ ბრძოლისათვის ემზადებოდა, მაგრამ მხცოვანი მეფე 1798 წლის 11 იანვარს თელავში გარდაიცვალა.

ქართული სახელმწიფობრიობის მოსპობას, რუსეთის იმპერიის მიერ განხორციელებულ სწრაფი კოლონიზაციისა და ქართველტა ასიმილაციის პოლიტიკას ქართული საზოგადოება ვერ ეგუებოდა. დაიწყო მძლავრი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა. 1802 წელს თბილისის სიონის ტაძარში, ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების მანიფესტის გამოცხადების დღეს, რუსეთის ერთგულების ფიცის დადებაზე კახეთის თავადაზნაურობის დიდმა ნაწილმა უარი განაცხადა, რუსების ალყა გაარღვია და თბილისი დატოვა. სწორედ ეს მოვლენაა მიჩნელი საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის დასაწყისად. შინ დაბრუნებული კახელი თავადაზნაურობა 1802 წლის ივლისში ქიზიყში შეიკრიბა და მტელ მოსახლეობასთან ერთად რუს მოძალადეებს დაუმორჩილებლობა გამოუცხადა, მათ დასაშლელად გაგზავნილი რუსების ბატალიონი ქიზიყელებმა სასტიაკდ დაამარცხეს, იულონ ერეკლის ძის ერთგულების ფიცი დადეს და რუსების იმპერატორს საპროტესტო სწერილი გაუგზავნეს, რომელსაც 69 თავადი აწერდა ხელს. რუსების მიერ კახეთში დამატებითი ძალებისგაგზავნის შემდეგ აჯანყებულებმა მიიჩნიეს, რომ დროებით უნდა დაშლილიყვნენ. 1804–1812 წლებში ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა საქართველოს სხვა მხარეებსაც მოედო. განსაკუთრებით ძლოიერი იყო მთიულეთის აჯანყება, რომლის სასტიკად ჩახშობის მიუხედავად, ქართველ საზოგადოებაში სახელმწიფობრიობის აღდგენის სურვილი არ ჩამკვდარა.

1812 წელს კახეთში დიდმა აჯანყებამ იფეთქა. რუსი ოკუპანტების ძალმომრეობიტა და ტავხედობით აღშფოტებულმა კახელებმა ქალაქი თელავი აიღეს და რუსების გარნიზონი ციხეში გამოკეტეს. მალე აჯანყებულებმა სიღნაღის დაიკავეს და დამპყრობლებისაგან სოფლების გაწმენდას შეუდგნენ. კახელებს ფშავ-ხევსურებმაც დაუჭირეს მხარი. მათ დუშეთი და ფასანაური გაათავისუფლეს. აჯანყებულები ქართლ-კახეთის სამეფოს აღდგენას და ბაგრატიონთა დინასტიის დაბრუნებას მოითხოვდნენ. საოკუპაციო ხელისუფლებამ გაჭირვებით მოახერხა აჯანყების ჩახშობა; აჯანყების მოთავეები დასაჯეს, მაგრამ ხელისუფლება იძულებული გახდა გარკვეულ დათმობებზე წასულიყო — კახეთში გაუქმდა კაპიტან-ისპრავნისკის თანამდებობა, არდგა მოურავობა, რუსული სამართლის ნაცვლად დროებითი სასამართლოები შეიქმნა, სადაც სამოქალაქო საქმეების გარჩევა ქართული კანონებისა და ადათის საფუძველზე ხდებოდა.

1812 წლის აჯანყების ლოგიკურ გაგრძელებას წარმოადგენდა 1832 წლის შეტქმულება. მისი ჩასახვა და განვითარება მოსკოვსა და პეტერბურგში გადასახლებაში მყოფ ბატონიშვილთა წრეში დაიწყო. ამ მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა სოლომონ დოდაშვილმა შეტქმულების იდეა რუსეთიდან საქართველოში გადმოიტანა. კახეთში შეთმულთა იდეურ ცენტრს ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის სახლი წარმოადგენდა. შეთქმულტა ერთი ჯგუფი, რომლის სათავეში ძირითადად, ქართველი ბატონიშვილები იდგნენ, მოითხოვდა ბაგრატიონტა დინასტიის აღდგენას. მეორე ჯგუფი კი, რომელსაც სოლომონ დოდაშვილი მეთაურობდა, თვითმპყრობელობისა და ბატონყმობის წინააღმდეგი იყო და რესპუბლიკური წყობილების დამყარებას მოითხოვდა. ერთ-ერთი ჯგუფი კონსტიტუციური მონარქიის მომხრე იყო. შეთქმულთა ნაწილი მოითხოვდა საქართველოს დარჩენას რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში 1783 წლის ტრაქტატის საფუძველზე. შეტქმულება გასცეს და მისი მონაწილე 38 კაცი დააპატიმრეს, მათ შორის სოლომონ დოდაშვილი და ალექსანდრე ჭავჭავაძე.

1924 წლის ივლის-აგვისტოში აჯანყებამ იფეთქა კახეთსა და ფშავ-ხევსურეთში. საყოველტაო აჯანყების ხელმძღვანელად გენერალი სპირიდონ ჭავჭავაძე დაინიშნა. 1924 წლის აჯანყება სხვადასხვა მიზეზთა გამო დამარცხდა, რის შედეგად კახეთშიც, ისევე როგორც საქართველოს სხვა კუთხეებში, სასტიკი რეპრესიები განხორციელდა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვახუშტი ბატონიშვილი, „საქართველოს გეოგრაფია“, 1904, გვ. 128-129