მუზარადი
მუზარადი — დამცავი თავსაბურავი, საბრძოლო მუზარადი თავდაცვის სხვა საშუალებებთან ერთად უძველესი დროიდანაა ცნობილი. ამზადებდნენ ხისაგან, არყის ხის ქექისაგან, წნელებისა და ტყავისაგან. უძველესი ლითონის მუზარადი (სპილენძის, ოქროსი) აღმოაჩინეს მესოპოტამიაში (ძვ. წ. III ათასწლ.). ბრინჯაოსა და რკინის მუზარადს ხმარობდნენ ძველ საბერძნეთსა და რომში, რუსეთში მუზარადს (შიშაკი, შელომი) იყენებდნენ X-XVII საუკუნეებში.
საქართველოში გავრცელებული იყო სხვადასხვა სახის მუზარადი (კვერცხისებური მუზარადი, ჩაფხუტი, ჩაჩქანი, ჩაბალახი). ჰეროდოტეს ცნობით, მოსხები, კოლხები, ტიბარენები, მაკრონები და მოსინიკები მუზარადს ხისაგან ამზადებდნენ. ქსენოფონტის ცნობით მოსინიკებს ტყავის მუზარადი ეხურათ. სტრაბონის გადმოცემით, იბერიელები ტყავის მუზარადით იბრძოდნენ. თრიალეთში აღმოჩენილია ძვ. წ. XIII ბრინჯაოს მუზარადი. პირველი მსოფლიო ომის (1914-1918) დროიდან ტყვიისა და ჭურვის ნამსხვრევებისაგან თავის დასაცავად შემოიღეს ფოლადის მუზარადი (ჩაფხუტი). ავიაციაში, სატანკო და მექანიზებულ ჯარებში დარტყმისაგან თავის დასაცავად იყენებენ ტყავის მუზარადს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 190.