თავსაბურავი — ჩაცმულობის ერთ-ერთი კომპონენტი. ქალისა და მამაკაცის თავზე მოსახვევი ან დასახურავი.

სხვადასხვა სახის თავსაბურავები

უძველესი ხანიდანვე ადამიანის სოციალური მდგომარეობის მაჩვენებელი ნიშანი (ცნობილია ტომთა ბელადების, ქურუმთა და სხვა თავსაბურავები და თავსამკაულები). თავსაბურავის ფორმას განსაზღვრავდა გეოგრაფიული გარემო, სამეურნეო-ეკონომიკური პირობები და ეთნოგრაფიულ ერთეულთა კულტურულ-ისტორიული ტრადიციები. დროთა ვითარებაში შემუშავდა თავსაბურავის განსხვავებული ტიპები: სამუშო, საუქმო, საქორწილო, სამგლოვიარო, სამეფო, სამხედრო, სასულიერო, საკარისკაცო და სხვა. ძველი ქართული წერილობით წყაროებში, თავსაბურავის მნიშვნელობით გვხვდება ტერმინები "საბურავი", "სარქმელი", "ქუდი" და სხვა.

სხვადასხვა ისტორიულ ხანაში თავსაბურავის ფორმაც იცვლებოდა; არსებობდა ქალის "კუბასტი", "მანდილი", "ლეჩაქი" და სხვა, სამეფო და საქორწილო - "გვირგვინი", სასულიერო - "კუნკული", "მიტრა", "ჩაცი", საომარი - "ჩაფხუტი", "ჩაჩქანი", "მუზარადი", "ზეჩი" და სხვა. XI საუკუნიდან თავსაბურავის აღსანიშნავად ფართოდ გავრცელდა ტერმინი ქუდი. იმ დროს ქუდს გარდა მამაკაცებისა ქალებიც ატარებდნენ (უმთავრესად ცხენით მგზავრობის დროს). ქუდი ცალკეული კუთხეების მიხედვითაც განსხვავებული ყოფილა. ფეოდალურ ხანის საქართველოში ქუდის მრავალი სახეობაა ცნობილი, მ. შ. ბეწვისა და ნაბდისა. წყაროებში ნახსენებია ტყავ-ბეწვისაგან შეკერილი "საჩეხიანი" (კიდეებიანი) და "აფროსანი" (აკეცილკიდეებიანი) ქუდები: "თალფაქი" (საბას მიხედვით, "ქართული ქუდი"), "გრძელბეწოსანი", "ყარყუმის ქუდი", "კვერნის ქუდი", "ვეფხის ტყავისა" და სხვა. XIX საუკუნეში თავად-აზნაურები, თბილისელი მოქალაქეები და ყარაჩოხელები კრაველის მაღალ ქუდებს ატარებდნენ.

ქართული თავსაბურავები

რედაქტირება

საქართველოს ეთნოგრაფიულ ყოფაში შემონახულია ქალისა და მამაკაცის მრავალფეროვანი თავსაბურავი. უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია ქალის რთული თავსაბურავი კომპლექსი "თავხურა", რომელიც ქართველი ქალის ეროვნული ჩაცმულობის-ქართული კაბის აუცილებელ ელემენტს წარმოადგენდა და თითქმის მთელს საქართველოში იყო გავრცელებული. ამ კომპლექსში შედიოდა ჩიხტი-კოპი, თავსაკრავი, ლეჩაქი, ბაღდადი, შუბლის ქინძისთავები და სხვა. ქალის ამ საერთო ქართულ თავსაბურავთან ერთად შემონახულია ადგილობრივი თავსაბურავები: ფშაური ჩიქოლა, ხელსახოცი, თავჩითა; ხევსურული სათაურა და მანდილი; თუშური კუჭურა, შუბლსაკრავი, კოპენა, ჩიქილა, თავსაკონი; აჭარული თეფელუღი და სხვა. მამაკაცის თავსაბურავიდან გვხვდება თუშური, იმერული, რაჭული, სვანური და სხვა. ნაბდის, კრაველის და ტყავ-ბეწვის ქუდები, თივთივის ყაბალახები და სხვა.

კაპიტალიზმის განვითარებამ არსებითად შეცვალა ტრადიციული ქართული ჩაცმულობა. ამჟამად მამაკაცის ტრადიციული თავსაბურავებიდან შემონახულია უმთავრესად თუშური და სვანური ნაბდის ქუდები. ქალის თავსაბურავის ტრადიციული ელემენტებს კი უმთავრესად დღესასწაულებზე იყენებენ.

ლიტერატურა

რედაქტირება