ჩაფხუტი — საბრძოლო თავსაბურავი, რომელიც შედგებოდა ქუდის ფორმის ან ზემოთ ოდნავ წაწვეტებული კონუსისებური ერთიანი ან სეგმენტირებული მეტალის ნაწილებისგან. ჩაფხუტს არ ჰქონდა ქვემოდან გარშემორტყმული უშუალოდ მასზე დამაგრებული ჯაჭვის ბადე — ზარადი, თუმცა გააჩნდა ცხვირის დამცავი ე.წ. „საცხვირე“. სულხან-საბას მიხედვით, ჩაფხუტი „არს მსგავსი ქუდისა უზარადო, საცხვირე გრძელი“. მუზარადისგან ჩაფხუტს სწორედ ზარადის არქონა განარჩევდა.[1]

საცხვირიანი ჩაფხუტი.

დასავლეთ ევროპაში ამგვარ თავსაბურავს ნაზალურ (საცხვირიან) ჩაფხუტს ან ნორმანულ ჩაფხუტს უწოდებენ. ამგვარი ჩაფხუტები ევროპაში მე-9 საუკუნიდან გამოჩნდა და ჩაანაცვლა გვიანრომაული ტიპის საყბეურიანი დამცავი თავსაბურავები. თავდაპირველად ევროპული ჩაფხუტები კონუსისებური, წაწვეტებული ფორმის იყო, თუმცა შედარებით გვიანდელ საუკუნეებში, როცა რკინის დამუშავება უფრო დაიხვეწა, ჩაფხუტები უფრო მომრგვალებული ფორმის გახდა.

ჩაფხუტის ქვეშ ხშირად იხურავდნენ ჯაჭვის ჩაბალახს და რბილ ქუდს, რითაც დამატებით დაცვას მატებდნენ თავის არეს.

მე-12 საუკუნეში ევროპაში გამოჩნდა ბრტყელთავიანი საცხვირიანი ჩაფხუტები, რომლებიც მიიჩნევა შემდგომ პერიოდში შემუშავებული უფრო მძიმე, სახის მთლიანად დამფარავი ჩაფხუტების წინაპრად.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Nicolle, David, (1988) The Crusades, Osprey, London.
  • Nicolle, David, (1987) The Normans, Osprey, London.