თუშური ქუდი — აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებულ მამაკაცის ნაბდის თავსაბურავი (კოკორა ქუდის სახელით ნაწილობრივ იმერეთსა და რაჭაშიც გვხვდება). საგანგებოდ შეთლილი შავი დაბდისაგან მზადდებოდა აჭრილი ან შედგენილი თარგის მიხედვით. ნაბდის ნაჭერს (შოლტა) სიგანაზე ოთხ თანაბარ ნაწილად გადაკეცავდნენ, დაკეცილს ორივე მხრიდან ჩაჭრიდნენ, ნაწიბურებს ამოკერავდნენ და ნაკერზე შავ ყაითანს მოაყოლებდნენ. შეკერილ ჩაჩას კალაპოტზე ჩამოაცვამდნენ და ნაპირებს სამმაგად გადაუკეცავდნენ. ქუდის დაკერებული ყაითნის ჯვარედინად გადაკვეთის წერტილზე ყაითანმოვლებულ ნაბდისავე ღილს დააკერებდნენ. ძვ. ქართველი მეომრები ძლიერი დარტყმის შესასუსტებლად ჩაჩქანის ქვეშ თავზე თუშური ქუდს იხურავდნენ. თუშური ქუდებს ოჯახში დიასახლისები ამზადებდნენ, სახელოსნოებში კი — ხელოსნები. ასეთი სახელოსნოები იყო თელავში, ახმეტაში, სიღნაღში, გორში, დუშეთში, თბილისში და სხვა. ახლა თუშური ქუდებს თელავში უმთავრესად ფაბრიკული ქეჩისაგან ამზადებენ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მოლოდინი ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 29-30.
  • ჩაჩაშვილი გ., ქართლელი გლეხი მამაკაცის კოსტიუმი XIX საუკუნისა, «ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე», 1957, ტ. 19 A და 21 B;
  • ჯავახიშვილი ივ., მასალები ქართველი ერის მატერიალური კულტურის ისტორიისათვის, ტ. 3—4, თბ., 1962;