ჩაჩქანი
ჩაჩქანი — საბრძოლო თავსაბურავი, წააგავს ჩაბალახს, თუმცა იმ განსხვავებით, რომ მას ზედა ნაწილში პოლოტიკად წოდებული რკინის ფირფიტა აქვს, რომლის კიდეებიც გახვრეტილია და ჯაჭვის ბადე მასზე ამგვარადაა ჩამოკიდებული. ჩაჩქანი, ჩაბალახთან ერთად, განსაკუთრებით ფართოდ გავრცელებული და პოპულარული საბრძოლო თავსაბურავი იყო აღმოსავლეთ საქართველოს მთიელებში.
როგორც წესი, ჩაჩქანზე არსებული ჯაჭვის ბადე კისერსა და თავს მთლიანად ფარავდა შუბლამდე, ხოლო სახის არე ღია იყო, თუმცა ზოგიერთი ხევსურული ჩაჩქნის ჯაჭვის ბადე სახესაც ფარავდა და მასზე ამოჭრილი იყო ორი ღიობი თვალებისთვის.
დამზადება
რედაქტირებაჩაჩქნის დამზადების ტექნოლოგია უკანასკნელ დრომდე მხოლოდ ხევსურეთმა შემოინახა, მჭედელი ჩაჩქნის რკინის ფირფიტას (პოლოტიკს) გრდემლზე კვერით გაასწორებდა, შემდეგ ხის ფარგლით შემოხაზავდა და თარგის საშუალებით მრგვალ საჩაჩქნეს გამოჭრიდა, რომელსაც რკინის მორგვზე კვერის დარტყმით თანდათან მისცემდა ჯამის ფორმას. ამის შემდეგ ჩაჩქანს გარე წრესთან სახვრეტათი დახვრეტდა, ჯაჭვის სხმულის (ზარადის) ჩასამაგრებლად. ზოგ ჩაჩქანს ზევიდან გადააკრავდნენ ვერცხლის არშიას და შუაში უკეთებდნენ „უსმარს“ (სამსჭვალს).[1]
ტარების წესი
რედაქტირებაჩაჩქნის დახურვა შიშველ თავზე არ იყო გამართლებული, რადგან ასეთ შემთხვევაში მოწინააღმდეგისაგან მოხვედრილი იარაღი მებრძოლს ყრუ დარტყმას მაინც აყენებდა. ამიტომ საჭირო იყო ჩაჩქნის ქვეშ ნაბდის დაგება. აღმოსავლეთ საქართველოში ჩაჩქნის ნაბდად თუშურ ქუდსაც ხმარობდნენ.[2]
ეტიმოლოგია
რედაქტირებასიტყვა „ჩაჩქანი“ ქართული უნდა იყოს, ვინაიდან ზმნა „ჩეჩქვასთან“ არის დაკავშირებული.[3]