ბოდიდაბა ისტორიულ საქართველოში (ტოპონიმის ვარიანტული ფორმებია: ბოდი (ბუდი), ბოდე, ბოდინი, ბოდისი (ბუდისი)). წმინდა ნინოს გარდაცვალებისა და დაკრძალვის ადგილი. იხსენიება ძველ ქართულ წყაროებში – „მოქცევაჲ ქართლისაჲ“, „ცხოვრება ქართუელთა მეფეთა“ („ქართლის ცხოვრება“), არსენ ბერისა და ანონიმურ ნინოს „ცხოვრებებში“. ამ თხზულებათა თანახმად, ბოდი მდებარეობდა ისტორიულ კუხეთში.

ლოკალიზაცია

რედაქტირება

ქართლის ცხოვრების მიხედვით, დაბა ბოდი მდებარეობდა უჯარმასთან ახლოს:

 
„და ეგრეთ-ვე მოვიდეს მთით კახეთისათ და თქუეს: "ვიხილეთ ვარსკულავი აქათ მომავალი, და დაადგრა დაბასა ბოდესა კუხეთისასა". მაშინ უბრძანა ნეტარმან ნინო: "წარიხუენით ორნი ჯუარნი და აღმართენით ერთი თხოთს, სადა-იგი გამხილა ღმერთმან ძალი მისი, და ერთი მიეც სალომეს, მჴევალსა ქრისტესსა, და აღმართოს უჯარმას ქალაქსა. რამეთუ ბოდი, დაბა კუხეთისა, არა წინააღუდგეს ქალაქსა მეფეთასა, რამეთუ ერისა სიმრავლე არს მას შინა. ბოდის კულა დაბა თჳთ იხილოს სათნო იგი ადგილი ღმრთისა" და ყვეს ეგრეთ, ვითარცა უბრძანა დედოფალმან.“

სამიდან ერთი ვარსკვლავი დაესვენა ბოდის თავზე და ამის გამო ჯვარი უჯარმაში აღმართეს. კუხეთში უჯარმასთან კი მდებარეობს მხოლოდ ბოდავად სახელდებული დასახლება და ბოდავის ღვთისმშობლის ეკლესია.

ბოდბის მონასტრის ლოკალიზაცია

რედაქტირება

სახელწოდება ბოდი (ბუდი) მრავალ ისტორიულ წყაროშია მოხსენიებული. მათ შორის, აღსანიშნავია „ქართლის მოქცევა“, „ცხოვრება ნინოსი“, „ქართლის ცხოვრება“. ვახუშტი ბაგრატიონი წერს: „ამ ჴევსა ზედა არს ბოდბეს ეკლესია გუნბათიანი, დიდშენი, შვენიერი. აქ მიიცვალა წმინდა ნინო და დაეფლა აქვე. აღაშენა და შეამკო საფლავი მისი და ეკლესია კე (25) მეფემან ბაქარ. ზის ეპისკოპოსი, მწყემსი ქისიყისა და ვიდრე კონდოლამდე. აქუს სასასპეტო დროშაცა. და არიან სადროშონი მისნი ქისიყით კონდოლამდე და მანავამდე. და არს ბრძოლასა მეწინავე. ბოდბელი არს პირველი ეპისკოპოსი კახეთისა, პატივისათჳის წმიდის ნინოსა“. ტექსტიდან ჩანს, ბოდბეს მდებარეობის ზუსტი აღწერა, მისი გუმბათიანი ეკლესიის დახასიათება, საეპისკოპოსოს გავრცელება. იოანე ბაგრატიონთან() აღნიშნულია: „ბოდბე-ქედელი, წმიდა ნინო, ბოდბლის სასახლე და, სადაც არს ეკლესია წმიდა ნინოსი და მუნ ასვენია“.

გეოგრაფიულად ბოდბის მონასტერი მდებარეობს ალაზნის აუზში, მის მარჯვენა ნაპირას, ხოლო ნინოწმინდის ტაძარი კი ივრის აუზის მარცხენა ნაპირზე. ერთიც და მეორეც ლოკალიზირდება ვახუშტისეულ ჰერეთში და არა კუხეთში.

 
„ხოლო კვალად ნინოწმინდას ზეით ერთვის იორს სამების ხევი, ეგრეთვე გამომდინარე და მომდინარე ვითარცა წინათ ხევნი (ნინოწმინდისა და გიორგიწმინდის ხევენი). და ამის შესართვაზედ ხაშმს ჰყვეს მონასტერი და ციხე ნათლისმცემლის მონაზონთა. ამას ზეით ამ ხევზედ არს ეკლესია დიდშენი, გუნბათიანი, სამებისა. ზის ეპისკოპოზი, მწყემსი ამას ზეითის ქვეყნისა ერწოდმდე. ესე ხევი არს საზღვარი ჰერეთისა და კახეთისა.“
(ვახუშტი ბატონიშვილი, „საქართველოს გეოგრაფია“, თბ. 1904, გვ. 135)

სხვადასხვა მოსაზრებები

რედაქტირება

წმინდა ნინოს დაკრძალვის ადგილთან დაკავშირებით სამეცნიერო ლიტერატურაში განსხვავებული მოსაზრებები არსებობს[1].

ზეპირი საეკლესიო თუ ხალხური ტრადიციით წმინდა ნინოს გარდაცვალების ადგილად ისტორიულ ჰერეთში, დღევანდელ სიღნაღის მუნიციპალიტეტში მდებარე ბოდბეს მიიჩნევენ. მოგვიანო წერილობით წყაროებში, უპირველესად კი ვახუშტი ბატონიშვილის გეოგრაფიულ თხზულებაში – "აღწერა სამეფოსა საქართველოსა", წმ. ნინოს გარდაცვალების ადგილად ჰერეთის ბოდბეა მოხსენიებული[2][3]. შესაბამისად, ტრადიციულად, "მოქცევაჲ ქართლისაჲ"–ს დაბა ბოდს დღევანდელ ბოდბესთან აიგივებენ. ქ. სიღნაღიდან 2 კმ–ში მდებარეობს წმ. ნინოს სახელობის ბოდბის დედათა მონასტერი, რომელიც გადმოცემის თანახმად ქართველთა განმანათლებლის დაკრძალვის ადგილზე არის აგებული. აქვეა ბოდბის ეპარქიის ცენტრიც.

სარგის კაკაბაძე მიიჩნევდა, რომ ისტორიულ წყაროების ბოდისი ახლანდელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფ. ნინოწმინდის ძველი სახელწოდებაა, ხოლო აქ არსებული ტაძარი წმინდა ნინოს დაკრძალვის ადგილზეა აგებული მირიან მეფის მიერ IV საუკუნეში. მკვლევრის აზრით, „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს მიხედვით, წმინდა ნინო შეჩერდა კაწარეთში, აქედან იგი გადავიდა კახეთში, რომელიც ამ დროისათვის ახლანდელი კახეთის ჩრდილოეთ მთიან ნაწილს მოიცავდა. შემდეგ, მცხეთისკენ მომავალი დასნეულდა და გარდაიცვალა ბოდისში, რომელიც წყაროს მიხედვით კუხეთშია. ახლანდელი ბოდბის მონასტერი კი ჰერეთში მდებარეობს[1][4].

სარგის კაკაბაძის მოსაზრებას ეთანხმება ბაადურ მჭედლიშვილი. იგი იმ გარემოებასაც უსვამს ხაზს, რომ ბოდბის მონასტერი წმინდა გიორგის სახელობისაა, ხოლო ნინოწმინდის კათედრალი – წმინდა ნინოს სახელზეა აგებული, რაც, მისი აზრით, დამატებით არგუმენტს წარმოადგენს. ბაადურ მჭედლიშვილი აღნიშნავს, რომ წმინდა ნინოს ნეშტი ეკლესიის აშენების შემდგომ უნდა გადმოესვენებინათ ნინოწმინდიდან ახლანდელ ბოდბეში, რასაც მოყვა სახელწოდებისა და საეპისკოპოსოს გადანაცვლება[1][5].

ნინოწმინდის ტაძარს მიიჩნევენ აგრეთვე წმინდა ნინოს საფლავზე აგებულად ზურაბ კიკნაძე და თენგიზ მირზაშვილი. ავტორები ძირითადად ეთანხმებიან ს. კაკაბაძის და ბაადურ მჭედლიშვილის მოსაზრებებს ბოდისა და ნინოწმინდის იგივეობის შესახებ [2]. მათ აზრს იზიარებს ლელა პატარიძეც.

ბოდისა და ბოდბის შესახებ თავისი მოსაზრებები აქვს ჯიბო ლომაშვილს[6]. იგი ვრცლად მიმოიხილავს კახეთის, კუხეთისა და ჰერეთის საზღვრებს და ასკვნის: „უფრო სარწმუნოა, რომ წობენის მაღლა მთიდან, ბოდავიდან და არა ჰერეთის ბოდბედან მოსულიყო დედოფალი შიშველი ფეხით მცხეთამდე. ჩვენ ამით იმის თქმა გვინდა, რომ დაბა ბოდი უნდა იყოს იგივე დღევანდელი ბოდავი, სადაც გარდაიცვალა წმინდა ნინო და იქვე დაკრძალეს[6]. ამას იმითაც ამტკიცებს, რომ არცერთ წყაროში არ არის დადასტურებული წმინდა ნინოს ყოფნა ჰერეთში, ყველგან კუხეთია, ხოლო ბოდავი სწორედ კუხეთში მდებარეობდა. ამასთან, ავტორი დასაშვებად მიიჩნევს წმინდა ნინოს საფლავის არსებობას ბოდბეში: „შესაძლებელია, გარკვეული ხნის შემდეგ მართლაც გადაასვენეს და დაკრძალეს ბოდბეში (ჰერეთში) და ამიტომაც ეწოდა მეორე ბოდი ანუ ბოდბე. ცხადია, ბოდბელ ეპისკოპოსებსაც პატივს სცემდნენ იმის გამო, რომ წმინდა ნინოს საფლავი აქ, ბოდბეში იყო. მაგრამ, კიდევ და კიდევ ვიმეორებთ, რომ წმინდა ნინო არ შეიძლება გარდაცვლილიყო ბოდბეში, ჰერეთში და ის ნაცვლად კუხეთის დაბა ბოდში გარდაიცვალა და იქვე დაკრძალეს. მეფე მირიანმაც იქვე ააგო ეკლესია დიდშენი“[6]. ლომაშვილის აზრით წმინდა ნინო თავდაპირველად დაკრძალეს კუხეთის საზღვრის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ბოდავში, დღეს იქ ბოდავის ღვთისმშობლის ეკლესია დგას. თავის დროზე ამ ადგილებში უქადაგა ფხოველებს წმინდა ნინომ ქრისტიანობა. გამოკვლევის ავტორების (ჯ. ლომაშვილი და ვ. აბრამიშვილი) მტკიცებით, ბოდბე ჰერეთში მდებარეობს. წმ. ნინოს დაკრძალვასთან დაკავშირებით ისტორიულ წაყაროებში ჰერეთი და ბოდბე, გარდა ვახუშტი ბატონიშვილისა, არსად მოიხსენიება. მათივე მტკიცებით, ახლანდელი ბოდბე VI საუკუნეშია წარმოშობილი, მას შემდეგ, რაც აქ გადმოასვენეს წმ. ნინოს ნეშტი, რის შემდეგაც ბოდბეში საეპისკოპოსო კათედრა დაარსდა[7].

ბოლო დროს ისტორიული წყაროების ბოდის ბოდბესთან გაიგივების ვერსია გაიზიარა ლ. მირიანაშვილმა, რომლის აზრით ანგარიშგასაწევია "ქართული ეკლესიის ათას შვიდას წლიანი ტრადიციია" [8] და ასევე ციცინო ჩაჩხუნაშვილმა[1], თუმცა საკითხი საბოლოოდ გადაწყვეტილად არ შეიძლება ჩაითვალოს და შემდგომ კვლევას მოითხოვს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ციცინო ჩაჩხუნაშვილი, ბოდბის წმინდა ნინოს მონასტერი (მთავარი ტაძრის და საეპისკოპოსო სასახლის ხუროთმოძღვრება), დისერტაცია ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად, თბ., 2006, გვ. 2–7
  • ზურაბ კიკნაძე, თენგიზ მირზაშვილი, ნინოწმინდას უჯარმის კარსა, "ლიტერატურული საქართველო, 1988, ¹27, გვ., 5
  • ჯიბო ლომაშვილი, ვლადიმერ აბრამიშვილი, ბოდისა და ბოდბის შესახებ, "ცისკარი", 1972, №4, გვ., 127-138
  • С.Какабадзе,Ниноцмидский памятник, Бюллетень Кавказского историко – археологического института в Тифлисе, № 4, Тифл., 1928, ст. 6
  • ბ. მჭედლიშვილი, ქალაქ უჯარმისა და დაბა ბოდის ლოკალიზაცია, ძეგლის მეგობარი, 1968, გვ., 51-57
  • ზურაბ კიკნაძე, თენგიზ მირზაშვილი, ნინოწმინდას უჯარმის კარსა, "ლიტერატურული საქართველო, 1988, №27, გვ., 5
  • ლადო მირიანაშვილი, ბოდისი, ბოდბის ლოკალიზაციისა და წმინდა ნინოს ნეკროპოლისის საკითხისათვის, თსუ-ს სიღნაღის (კახეთის) ფილიალის სამცნ. შრ. კრ. , V, 2004, გვ 41-60
  • კ. ხარაძე, „კახეთის ისტორიული გეოგრაფია XVIII ს“, თბ., 2010, გვ. 65-66
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 ციცინო ჩაჩხუნაშვილი, ბოდბის წმინდა ნინოს მონასტერი (მთავარი ტაძრის და საეპისკოპოსო სასახლის ხუროთმოძღვრება), დისერტაცია ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად, თბ., 2006, გვ. 2–7
  2. 2.0 2.1 ზურაბ კიკნაძე, თენგიზ მირზაშვილი, ნინოწმინდას უჯარმის კარსა, "ლიტერატურული საქართველო, 1988, 127, გვ., 5
  3. ჯიბო ლომაშვილი, ვლადიმერ აბრამიშვილი, ბოდისა და ბოდბის შესახებ, "ცისკარი", 1972, №4, გვ., 127-138
  4. С.Какабадзе,Ниноцмидский памятник, Бюллетень Кавказского историко – археологического института в Тифлисе, № 4, Тифл., 1928, ст. 6
  5. ბ. მჭედლიშვილი, ქალაქ უჯარმისა და დაბა ბოდის ლოკალიზაცია, ძეგლის მეგობარი, 1968, გვ., 51-57
  6. 6.0 6.1 6.2 ლომაშვილი ჯ., თბ., 1984, გვ. 35-61
  7. ჯიბო ლომაშვილი, ვლადიმერ აბრამიშვილი, ბოდისა და ბოდბის შესახებ, "ცისკარი", 1972, 14, გვ., 127-138
  8. ლადო მირიანაშვილი, ბოდისი, ბოდბის ლოკალიზაციისა და წმინდა ნინოს ნეკროპოლისის საკითხისათვის, თსუ-ს სიღნაღის (კახეთის) ფილიალის სამცნ. შრ. კრ. , V, 2004, გვ 41-60
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ბოდი&oldid=4194131“-დან