პერსეპოლისი
პერსეპოლისი (ბერძნ. Persepolis – „სპარსელთა ქალაქი“; სპარს. تخت جمشید/پارسه, თახთე-ჯემშიდი, აგრეთვე ცნობილი როგორც ჩეჰელ მინარი) — სპარსეთის იმპერიის უძველესი დედაქალაქი. მდებარეობს 70 კმ-ში თანამედროვე ქალაქ შირაზის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ირანის ფარსის პროვინციაში. დააარსა დარიოს I-მა. აქემენიდების სამეფო ქალაქი, სადაც ხდებოდა მეფეთა კურთხევა და დაკრძალვა, ფიქრობენ იგი წმინდა ქალაქი იყო, სადაც უბრალო მოკვდავთ შესვლა ეკრძალებოდათ. თავის მნიშვნელობას პერსეპოლისი სასანიანთა დროსაც ინარჩუნებდა, რაზედაც მეტყველებს ნაყშე-როსთამის კლდეებზე ამოკვეთილი მრავალი რელიეფი. ძვ. წ. 330 წელს პერსეპოლისი ალექსანდრე მაკედონელმა აიღო და გადაწვა.
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 114 ინგლ. • რუს. • ფრ. |
პერსეპოლისის ძეგლთა კომპლექსი აქემენიდური ხელოვნების და არქიტექტურის გვიანდელ სტილს ასახავს. თეთრი ქვებით ნაგებ ბაქანზე გალავნით გარშემორტყმული სასახლის – აპადანას – ნაშთია. მაღალი, თხელი სვეტნარების რიგი ოდესღაც საზეიმო დარბაზებს ამშვენებდა. სვეტის კაპიტელად ხარის თავია. შენობებს სწორკუთხედის ფორმა აქვს. სასახლის დასავლეთით ქალაქის ნანგრევებია. სასახლის კომპლექსის უკან კლდეში გამოკვეთილია აქემენიდთა უკანასკნელი მეფეების აკლდამები; დარიოსი, ქსერქსე და სხვა ორი მეფე დაკრძალულია იქვე, ნაყშე-როსთამში.
პერსეპოლისში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს დეკორატიული დანიშნულების სკულპტურული ქვის რელიეფებს. შემორჩენილია სასანური მრგვალი ქალაქის დარაბგერდის ნაშთი, ქ. ისტახრის ნანგრევები (დააარსეს აქემენიანებმა, გაუკაცრიელდა X საუკუნეში); V ათასწლეულის ნამოსახლარის - თალი-ბაქუნის ნაშთები. მრავლად არის აღმოჩენილი აქემენიდი მეფეების წარწერები და ათასობით თიხის ფირფიტა ელამური ტექსტებით.
პანორამა
რედაქტირებაიხილეთ აგრეთვე
რედაქტირება- იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები ირანში
- მსოფლიო მემკვიდრეობის სია აზიასა და ოკეანეთში
- პერსეპოლისი (ანიმაციური ფილმი) -- მარჯან სატრაპის ამავე სახელწოდების კომიქსზე 2007 წელს გადაღებული ანიმაციური ფილმი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 34.