ეგარსლან ბაკურციხელი

ეგარსლან ბაკურციხელიXIII საუკუნის ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, სამეფოს ფაქტობრივი მმართველი მონღოლთა ბატონობის დასაწყისში, უმეფობის პერიოდში (1245-1247).

ბიოგრაფია

რედაქტირება

ეგარსლანის წარმომავლობა უცნობია. ნ. შოშიაშვილი მას აბულეთისძე-ძაგანისძეთა სახლის შთამომავლად მიიჩნევს. რ. კიკნაძის მიხედვით მას კახეთის ერისთავობა უნდა ჰქონოდა. ჟამთააღმწერლის დახასიათებით ეგარსლან ბაკურციხელი იყო „არა ნიჭთა მქონებელი სამჴ[ედ]როთა“ და „მჴედრობის წესთაგან ცარიელი“. ამავე დროს იგი „ღრმად მოუბარი“ კაცი ყოფილა, რისი წყალობითაც მალე დაწინაურებულა და მონღოლთა ნდობაც მოუპოვებია. 1243 წელს, როდესაც მეფე რუსუდანი მონღოლებთან დასაზავებლად აღმოსავლეთ საქართველოში გადმოვიდა, მას სხვა დიდებულებთან ერთად ეგარსლანიც შეეგება.

რუსუდანის გარდაცვალების (1245) შემდეგ, როცა დავით რუსუდანის ძე მონღოლეთში დიდი ყაენის კარზე იმყოფებოდა, ხოლო დავით ლაშას ძე რუმის სასულთნოში იყო დატყვევებული, მონღოლებმა ეგარსლანი ერთ-ერთ დუმნის (ჰერეთ-კახეთი და მის აღმოსავლეთით მდებარე თემები შემახიის მთებამდე) უფროსად დანიშნეს. მონაწილეობდა კოხტასთავის შეთქმულებაში (დაახლ. 1245), მაგრამ მონღოლებთან ურთიერთობის წყალობით ეგარსლანმა მალე დიდი გავლენა მოიპოვა: „კნინღადა სახელისდებადცა მეფისა იკადრა“, მას „ვითარცა მეფესა, მორჩილობდეს ყოველნი მთავარნი საქართველოსანი“. ამით უკმაყოფილო აღმოსავლეთ საქართველოს დიდებულებმა რუმიდან დავით ლაშას ძე დაიხსნეს და მეფობის საძიებლად დიდი ყაენის კარზე გაგზავნეს. თუმცა ორივე დავითზე ადრე მონღოლებმა საქართველოში ამირსპასალარი ავაგი დააბრუნეს, რომელმაც ბოლო მოუღო ეგარსლანის ძალაუფლებას. ჟამთააღმწერლის ცნობით საქართველოში ჩამოსულმა ავაგმა ეტიკეტის დარღვევის გამო მათრახი გადაარტყა ეგარსლანს, რომელიც ცხენიდან ჩამოუქვეითებლად მიეახლა ავაგს. ეგარსლანი ცხენიდან ჩამოაგდეს და საპატიო სამოსი გახადეს. ამით დასრულდა მისი კარიერაც. ეგარსლანის შემდგომი ბედი უცნობია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • კიკნაძე რ., რამდენიმე დაკვირვება ჟამთააღმწერლის თხზულების ტექსტზე, «მაცნე». ისტ., არქეოლ., ეთნოგრ. და ხელოვნების ისტ. სერია, 1976, № 2.
  • ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგნ., 3, თბ., 1966.