სამშვილდის საერისთავო
სამშვილდის საერისთავო — ადმინისტრაციული ერთეული იბერიის სამეფოში. საერისთავოს ცენტრი იყო სამშვილდე. ამ სახელწოდების ტერიტორიული ერთეული პირველად ძვ. წ. III საუკუნის 80-70-იან წლებში ჩნდება.
გეოგრაფია
რედაქტირებასაერისთავოს ტერიტორია ვრცელდებოდა თანამედროვე მდინარე ვერეს ხეობიდან სამხრეთით და მოიცავდა თრიალეთს, ტაშირსა და აბოცს. ფარნავაზის ეპოქაში იგი გარშემორტყმული იყო დასავლეთით წუნდის, ჩრდილოეთით ქართლის, აღმოსავლეთით კი კახეთის და ხუნანის საერისთავოებით. ხუნანისა და სამშვილდის საერისთავო ერთად ქვემო ქართლის პროვინციას აყალიბებდა, რომელსაც ხშირად ტაშირსაც უწოდებდნენ.
ისტორია
რედაქტირებაქართლის ცხოვრების თანახმად სამშვილდის საერისთავო იყო ერთ-ერთი ფარნავაზ I-ის (ძვ. წ. IV–III სს.) მიერ დაწესებულ საერისთავოთა შორის.[1] მეფე საურმაგმა (ძვ. წ. 237–162) აჯანყებაში მონაწილე სამშვილდის ერისთავი გადააყენა და მის ნაცვლად თავისი შვილობილი მირვან I დანიშნა. სამშვილდის ერისთავად ტახტის მემკვიდრის დასმა საერისთავოს შედარებით განსხვავებულ, გარკვეულწილად პრივილეგირებულ, მდგომარეობაზე მიუთითებდა.
მას შემდეგ რაც მეფე მირვან II-მ (ძვ. წ. 33–23) დაამარცხა წინამორბედი მეფე ბარტომი (ძვ. წ. 66–33), დაეუფლა ტახტს და სამშვილდეში შეხიზნული ბარტომის ცოლი თავად დაისვა გვერდით, რომლისაგანაც შეეძინა არშაკი. ქართლში შემოჭრილ ოსების (ალანები) წინააღმდეგ საბრძოლველად ამაზასპმა (182–186), ქართლის სხვა ერისთავებთან ერთად, სამშვილდის ერისთავიც იხმო.
მირიან III-ის (265–342) ცოლი აბეშურა, მეფე ასფაგურის ასული, სამშვილდედან მოიყვანეს. ბაქარ მირიანის ძემ (342–364), რომის მოკავშირე სომხეთის მოძალებისგან და ქვემო ქართლის უკეთ დაცვის მიზნით, ფეროზს ხუნანის საერისთავოს ნაცვლად, სადაც ის მირიან მეფის მიერ იყო დასმული, სამშვილდის საერისთავო გადასცა. IV-VII საუკუნეებში სამშვილდის ერისთავები პიტიახშის საპატიო ტიტულს ატარებდნენ.
ფარსმან ვარაზ-ბაკურის ძეს (405–408) სამშვილდის ერისთავი ზრდიდა. V საუკუნის 20-იან წლებამდე, მეფე არჩილი (410–434) სამშვილდის ერისთავად ნიშნავს თავის ძეს მირდატს, რის შედეგადაც, უშა, ფეროზის შთამომავალი, სამშვილდის ერისთავობას კარგავს. მირდატის გამეფების (434–446) შემდეგ, V საუკუნის შუა ხანებში სამშვილდის ერისთავად არშუშა II გვევლინება. დედოფალ საგდუხტმა, მას შემდეგ, რაც ქრისტიანობა მიიღო აქ ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია — სიონი ააგო. ვახტანგ გორგასლის (457–502) მიერ ვარსქენ პიტიახშის მკვლელობის შემდეგ, სამშვილდის ერისთავად ადარნასე გვევლინება. როგორც ჩანს, ფეროზიანებმა ეს თანამდებობა ვახტანგ გორგასლის დასავლეთ საქართველოში გადასვლის ან მეფის გარდაცვალების შემდეგ აღიდგინეს.
VIII საუკუნეში არჩილ ერისმთავარმა (736–786) თავისი ერთ-ერთი ძმისშვილი ცოლად მიათხოვა სამშვილდის ერისთავს. ქართლში არაბთა ბატონობის დამყარების შემდეგ, სამშვილდე თბილისის საამიროს დაექვემდებარა[2][3]. არაბთა გავლენა სამშვილდის საერისთავოზე ფაქტობრივად ნომინალურ ხასიათს ატარებდა. IX საუკუნის ბოლოს სამშვილდეს ანისის სამეფო დაეუფლა[2][3]. X საუკუნის დასაწყისში ტაოს ერისთავთერისთავი გურგენი შეეცადა სამშვილდის განთავისუფლებას, მაგრამ უშედეგოდ[2][3]. X საუკუნის ბოლოს სამშვილდე ტაშირ-ძორაგეტის სამეფოს დედაქალაქი გახდა[3]. XI ს-ის 60-იან წლებში ბაგრატ IV-მ (1027-1072) შეიპყრო სომეხთა მეფე კვირიკე II და სამშვილდე დაიბრუნა[2].
გიორგი II-მ (1072-1089), შერიგებისა და პატიების ნიშნად, სამშვილდის ერისთავობა კლდეკარის ერისთავ ივანე ლიპარიტის ძეს უბოძა.[2] მისი ერისთავობა 1078 წლამდე, საქართველოში მალიქ-შაჰის შემოჭრამდე გაგრძელდა. ივანეს დატყვევების შემდეგ გიორგი II-მ სამშვილდის ერისთავობა ლიპარიტს გადასცა[2]. 1110 წელს დავით IV აღმაშენებელმა სამშვილდე თურქ-სელჩუკებისაგან გაათავისუფლა.[2] დავით აღმაშენებელმა ამირსპასალარ ივანე ორბელს დიდი დამსახურებისათვის სამშვილდე უბოძა.[2] ორბელთა აჯანყების (1177-1178) შემდეგ, სამშვილდე უშუალოდ სამეფო დომენის ნაწილი გახდა.[2]
ლიტერატურა
რედაქტირება- ბახტაძე, მიხეილ (2004). ერისთავობის ინსტიტუტი საქართველოში, თსუ. თბილისი.
- ბერიკაშვილი დ., გაბუნია თ., ოდილავაძე დ, ბუხსიანიძე მ., ივანიშვილი ირ., ლომიძე ვ., „სამშვილდის არქეოლოგიური ექსპედიციის 2015 წლის სამეცნიერო ანგარიში“ — „საქართველოს უნივერსიტეტის გამომცემლობა“, თბილისი, 2015.
- მუსხელიშვილი დ., ბერიძე ვ., გოგაძე ე., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 46-47.