სამშვილდის სიონი
სამშვილდის სიონი — შუა საუკუნეების პერიოდის არქიტექტურული ძეგლი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამშვილდეში, ისტორიულ ციხე-ქალაქ სამშვილდის ტერიტორიაზე. აგებულია წარმართულ პერიოდში დედოფალ საგდუხტის მიერ აშენებული ტაძრის ადგილზე 759-777 წლებში ერისთავ ვარაზბაკურისა და შემდეგ ერისთავ იოვანეს მიერ.
სამშვილდის სიონს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა 2006 წლის 30 მარტს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ, ხოლო ამავე წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის № 665 ბრძანებულების თანახმად, მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].
ისტორია
რედაქტირებაქართლის ცხოვრება გვამცნობს რომ V საუკუნეში ვახტანგ გორგასალის დედამ საგდუხტმა "აღაშენა სიონი სამშუილდისა". ტაძარი დანგრეულია, შედარებით უკეთ არის შემონახული აღმოსავლეთი ნაწილი. აღმოსავლეთის ფასადზე დაცული გრძელი წარწერის ფრაგმენტებში მოთხრობილია ტაძრის აშენების ისტორია, მოხსენიებული არიან ისტორიული პირები - ბიზანტიის იმპერატორები კონსტანტინე V კოპრონიმე და ლეონ IV ხაზარი. ამის საფუძველზე შესაძლო გახდა ტაძრის აგების ზუსტი თარიღის დადგენა - 759-777 (ეს წლები საქართველოში არაბთა ბატონობის განსაკუთრებით სასტიკი ხანაა).
არქიტექტურა
რედაქტირებაIV-VII საუკუნეების ქართული არქიტექტუტასთან სამშვილდის სიონი დაკავშირებულია ხუროთმოძღვრული დეტალების დამუშავების ხასიათით, მკაცრი ფორმებითა და პროფილებით, თლილი ქვით მოპირკეთებული კედლების ფართოდ გაშლილი სიბრტყეებით, მორთულობის სიმკაცრით. ყველაზე მეტად სამშვილდის სიონი წრომის ტაძარს ენათესავება. წრომისაგან განსხვავებით, ტაძარს სამხრეთითა და ჩრდილოეთით მისდევდა გრძელი გალერეები, რომელთაც აღმოსავლეთ ბოლოში დამოუკიდებელი ექვტერები ჰქონდათ. ამგვარად, გეგმა აქ შედარებით გართულებულია. გარეგნობაც დიდად მოგვაგონებს წრომს: აღმოსავლეთ ფასადზე კვლავ ნიშებია შუა სარკმლის ორ მხარეს, მაგრამ არის ნიშების მეორე წყვილიც[2].
სამშვილდის სიონი გეგმაში წარმოადგენდა ცენტრალურ-გუმბათოვან ნაგებობას (გარეთა ზომები: 24 მ - 24 მ). მისი გუმბათი ესვენა გრძივი და განივი ღერძების გადაკვეთაზე, შუაში და ეყრდნობოდა ოთხ ბურჯს, რომელიც გუმბათქვეშა კვადრატის სივრცეს ქმნიდა. გადასვლა გუმბათქვეშა კვადრებიდან გუმბათის ყელზე განხორციელებულია ტრომპების საშუალებით. სიონის ხუროთმოძღვრული თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ გვერდითი აბსიდები თავისუფლად უკავშირდებიან მთავარ საკურთხეველს და მთელ ტაძარს, ისინი არ წარმოადგენენ ცალკე დამოუკიდებელ სათავსებს[3].
დათარიღება
რედაქტირებამკვლევარნი სხვადასხვა მოსაზრებას გამოთქვამდნენ ძეგლის თარიღის შესახებ, უმთავრესად აღმოსავლეთის ფასადზე დარჩენილი გრძელი წარწერის ფრაგმენტთან დაკავშირებით, თუმცა ტაძრის ხუროთმოძღვრება თვითონაც საკმაოდ ბევრის მთქმელია. წარწერაში კი - მიუხედავად იმისა, რომ მისი უდიდესი ნაწილი დაღუპულია - მაინც შეიძლება გავარჩიოთ, რომ მეოცე წელს „მეფობისა კოსტანტინეისა დაიდვა საძირკველი“, ხოლო შენება დასრულდა მესამე წელს ლეონის მეფობისა. დამფუძნებელნი ყოფილან ქართლის პიტიახშთა შთამომავალნი („ნათესავით პიტიახშნი“) ვინმე ვარაზბაკური და იოვანე[4].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 7963
- ნაქალაქარი სამშვილდე დაარქივებული 2016-03-22 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ
- ↑ ბერიძე ვ., ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974, გვ. 115-117
- ↑ სამშვილდე. სიონი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-08-26. ციტირების თარიღი: 2019-08-26.
- ↑ სამშვილდის სიონი