მეღვინეობა არის კვების მრეწველობის დარგი, რომელიც ამზადებს ღვინოს, შამპანურს, კონიაკს, აგრეთვე ხილკენკრეულის ღვინოს. ღვინის დამზადება ყურძნის წვნის ან დურდოს ალკოჰოლური დუღილის მეშვეობით. მეღვინეობის ნედლეული საღვინე ვაზის ჯიშის თეთრი ან წითელი ყურძენია, რომელიც ტექნიკური სიმწიფის პერიოდში საკმაორაოდენობით შეიცავს ამა თუ იმ ტიპის ღვინის ფორმირება-ჩამოყალიბებისათვის საჭირო შაქრებს, მჟავებსა და ექსტრაქტის ცალკეულ კომპონენტებს.

ქართველი ხალხი ათასეული წლების მანძილზე ქმნიდა მეღვინეობის კულტურას, იმუშავებდა როგორც სუფრის ღვინოების (კახური, ქართლის, იმერული, რაჭა-ლეჩხუმის, აფხაზური და სხვა), ისე სადესერტო ღვინის მიღების ტექნოლოგიას. ამას ადასტურებს არქეოლოგიური გათხრების შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე ნაპოვნი უძველესი საგნები: თიხის ქვევრები, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ფიალები და სხვა ნივთები. განსაკუთრებით საინტერესოა ალაზნის ველის სამაროვნების (ძვ. წ. I ათასწლეული) გათხრის შედეგად აღმოჩენილი კერამიკური ჭურჭელი, აგრეთვე მცხეთის მახლობლად (ბაგინეთში) ნაპოცნი ჭურჭელი, რომელიც ძვ. წ. IV-III ათასწლეულით თარიღდება, და ძვ. კოლხეთის ტერიტორიაზე ვანში აღმოჩენილი ქვევრებიანი სარდაფი (ძვ. წ. III-II სს.) . ბორჯომის რაიონის სოფ. ჭობისხევში ნაპოვნ მიწით დაფარულ მარანში იყო 11 ქვევრი, ვარძიაში აღმოაჩინეს ასამდე ქვევრი, რომელთა შორის ერთი იყო ორმაგკედლიანი. თერმოსის მსგავსი. სავარაუდოა, რომ ამგვარი ქვევრი ღვინის თერმული დამუშავებისათვის იყო განკუთვნილი, უმთავრესად ნახევრად ტკბილი, შუშხუნა ღვინოების მისაღებად. ძველ საქართველოში ყურძენს ქვის ან ხის საწნახლებში ფეხით ჭყლეტდნენ, შემდეგ ქვევრებში მთლიანად ან ჭაჭის ნაწილზე დაადუღებდნენ. ღვინო გადაჰქონდათ ტიკებითა და რუმბებით, ინახავდნენ ქვევრებში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბაღათურია ნ., ქართული მეღვინეობა, 2013
  • გილაშვილი ნ., მეღვინეობა, ნაწ. 1-2, თბ., 1961;
  • ლაშხი ა., ენოქიმია, თბ., 1970;
  • სირბილაძე ა., ხარისხოვანი ღვინის დაყენება და მოვლა, თბ., 1964;
  • Беридзе Г. И., Вина и коньяки Грузии, Тб., 1965;
  • Герасимов М. А., Технология вина, 3 изд., М., 1964;
  • სირბილაძე ა., ქსე, ტ. 6, გვ.635-636, თბ., 1983
  • R Jackson (2014) Wine Science (4th Edition). Principles and Applications. Academic Press, ISBN :9780123814685