კოლაელ ყრმათა მარტვილობა

„კოლაელ ყრმათა მარტვილობა“ — IX საუკუნის ქართული მწერლობის ანონიმური ძეგლი. ჰაგიოგრაფიული თხზულება, რომელშიც აღწერილია, როგორ აწამეს 9 გაქრისტიანებული მცირეწლოვანი (7-9 წლისა) ყრმა წარმართებმა (არა უგვიანეს VI საუკუნეში). თხზულება გვაწვდის საყურადღებო ცნობებს ქრისტიანობის ისტორიის ზოგიერთი მხარის გასათვალისწინებლად. ძეგლის მიხედვით მტკვრის სათავის რაიონში - ხევში, რომელსაც კოლაჲ ერქვა, მოსახლეობდნენ ქრისტიანებიც და წარმართებიც. მიუხედავად წარმართთა რიცხობრივი და უფლებრივი უპირატესობისა (სოფლის მთავარიც წარმართი ყოფილა), ქრისტიანები შეუზღუდავად ასრულებდნენ ღვთისმსახურებას თავიანთ ეკლესიაში, მაგრამ სასტიკად ჰქონდათ აკრძალული ქრისტიანობის ქადაგება და გავრცელება წარმართთა შორის. მშობელს განუსაზღვრული უფლებები ჰქონია, მას შეეძლო სიკვდილითაც დაესაჯა ურჩი შვილი. „კოლაელ ყრმათა მარტვილობის“ მიხედვით, უმოწყალო მშობლებმა ქრისტიანული სარწმუნოების ერთგულებისათვის კოლაელი ყრმები თითქოს ჯერ სასტიკად აწამეს, ხოლო შემდეგ „განუხეთქნეს თავნი მათნი“ და სხვა წარმართთა ხელშეწყობით ჩაქოლეს.

ჩვენამდე მოღწეულია „კოლაელ ყრმათა მარტვილობის“ ერთადერთი, X საუკუნის ხელნაწერი, რომელსაც მიაკვლია ნ. მარმა ათონის მონასტერში 1897 წელს, ტექსტი გამოსცეს ნ. მარმა (1903, რუსული თარგმანითურთ), დავით კარიჭაშვილმა (1914) და ი. აბულაძემ (1944).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • აბულაძე ი., ქართული და სომხური ლიტერატურული ურთიერთობა IX-X საუკუნეებში. გამოკვლევა და ტექსტები, თბ., 1944;
  • კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960;
  • ჯავახიშვილი ივ., თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. 8, თბ., 1977;
  • Мари Н. Я., Мученичество отроков колайцев, «Тексты и разыскания по армяно-грузинской филологии», 1903, кн. 5