დარუბანდის საამირო
დარუბანდის საამირო, ბაბ-ალ-აბვაბი — შუა საუკუნეების სახელმწიფო კავკასიაში. დედაქალქი დარუბანდი. მდებარეობდა კასპიის ზღვის დასავლეთ სანაპიროზე და აბრეშუმის გზის სამხრეთიდან ჩრდილოეთის ქვეყნებში მიმავალ ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო გზის გზაგასაყარზე.
დარუბანდის საამირო | |||||
| |||||
პოლიტიკური ვითარება კავკასიაში
(1206 წელი). | |||||
დედაქალაქი | დარუბანდი | ||||
ენები | არაბული[1] | ||||
რელიგია | ისლამი | ||||
მთავრობა | საამირო | ||||
ისტორიული ერა | შუა საუკუნეები | ||||
- | არაბთა სახალიფოსგან დამოუკიდებლობა |
869 | |||
- | მონღოლთა შემოსევა | XIII საუკუნე | |||
დღეს ამ ტერიტორიაზე | რუსეთი |
ტერიტორია
რედაქტირებადარუბანდში გამაგრებული დასახლება ჯერ კიდევ ძვ. წ. VIII და VI საუკუნეებში გაჩნდა. ახ. წ. VI საუკუნემდე ქალაქი კავკასიის ალბანეთის შემადგენლობაში შედიდოა. V-VI საუკუნეში ქალაქს სასანური ირანი აკონტროლებდა, რომლის შემადგენლობაშიც დარუბანდი ნამდვილ საზღვრისპირა ფორტპოსტად და პორტად გადაიქცა. 735 წელს დარუბანდი დაიპყრეს არაბებმა და გარდა იმისა, რომ ის არაბთა სახალიფოს სამხედრო-ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენდა, ქალაქი რეგიონის მნიშვნელოვან სავაჭრო ცენტრად, პორტად და რეგიონში ისლამის გავრცელების პლაცდარმად ჩამოყალიბდა. მიუხედავად ამისა, ისლამი X საუკუნემდე მხოლოდ დაღესტნის მთისწინა ტერიტორიებზე და თაბასარანში იყო გავრცელებული.
დარუბანდის საამიროს საზღვრები მოიცავდა ზღვისპირა დაბლობს ქალაქიდან 6 კმ-ს დაშორებით ჩრდილოეთით და მასკუტის ნაწილს სამხრეთით მდ. სამურამდე. საშინაო და საგარეო პოლიტიკით ის სახალიფოს მემკვიდრე პოლიტიკურ ერთეულს წარმოადგენდა.[2]
საამიროში ცხოვრობდნენ დიდი ხნის წინ დამკვიდრებული სპარსელები და არაბები.[3] ესპანელი მოგზაურის, ალ-ანდალუსის გადმოცემით, რომელიც დარუბანში 1130 წელს იმყოფებოდა, ქალაქის მოსახლეობა შედგეობდა: არაბების, თათების, ლეზგებისა და თაბასარანელებისგან.[4]
სავაჭრო გზა
რედაქტირებაკასპიის დასავლეთ სანაპიროზე, ჩრდილოეთით ვოლგისპირეთში მიმავალი სავაჭრო გზები, ახლო აღმოსავლეთს აერთიანებდა ჩრდილოეთის ქვეყნებთან, როგრიც იყო: ხაზარეთი, კიევის რუსეთი, ვოლგის ბულგარეთი, ურალისპირა და სხვა ჩრდილოელ ხალხთან. დარუბანდი წარმოადგენდა მნიშვნელოვან სავაჭრო კვეთას. ეს იყო პორტი ირანიდან მომავალი სავაჭრო გემებისთვის, რომლებიც ხაზარეთის დედაქალაქში, ითილში მიმავალი სავაჭრო გემები გამოივლიდნენ. ქალაქი სიდიდით აღემატებოდა არდაბილს და თბილისს და უთანაბრდებოდა ბარდას, სახალიფოს ადგილობრივი გამგებლის რეზიდენცია ამიერკავიასიაში. დარუბანდში იჭრებოდა მონეტები. ყველაზე ადრინდელი მონეტა თარიღდება 794 წლით. მონეტების მოჭრა უკავშირდებოდა დარუბანდის აღმავლობას; XII საუკუნეში ამირა მუზაფარის, მისი ვაჟის ბეკბარსის და მისი შვილიშვილი აბდულმალიქის დროს.[5]
სახელმწიფოებრივი მოწყობა
რედაქტირებაქალაქში ძალაუფლებას არაბული წარმომავლობის ფეოდალური საგვარეულოები ფლობდნენ, რომლებსაც ქალაქის უხუცესები („რაისები“) ირჩევდნენ. მათ მიეკუთვნებოდა სულამის საგვარეულოც, რომლის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ჰაშიმ II იბნ სურაკამ, 869 წელს, ქალაქის უხუცესების დახმარებით სახალიფოსგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა და დამოუკიდებელი საამირო ჩამოაყალიბა. ამ დროიდან ქალაქის უხუცესები და ამირები ძალაუფლების სათავეში მოექცნენ.[6]
ასევე გავლენიან ძალას წარმოადგენდა ვაჭარ-მაგნატები და სასულიერო პირები, რომელთა ხელშიც იყო არა მხოლოდ მეჩეთები, არამედ სასამართლო ხელისუფლება და დიდძალი ფულადი რესურსი. მოსახლეობას ძირითად ნაწილს შეადგენდა ხელოსნები, მექარავნეები, მეზღვაურები, მცირე მოვაჭრეები, მოსამსახურეები და მონები.
დარუბანდი ხშირად განიცდიდა შიდა პოლიტიკურ ძვრებს. ქალაქის უხუცესებს გააჩნდათ საკუთარი ჯარი, რომელსაც ხშირად იყენებდნენ არასასურველი ამირების წინააღმდეგ.
ისტორია
რედაქტირებაადრეული შუა საუკუნეები
რედაქტირებადარუბანდი ისლამური სამყაროს საზღვრისპირა პლაცდარმად ითვლებოდა. ომს აწარმოებდა ღაზები. სახალიფოს საქმეების გაგრძელების მიზნით, შამხალთან შეკავშირებული დარუბანდელი ღაზები გაუთავეაბელ ბრძოლებს აწარმოებდნენ დაღესტნელი მთიელების წიანაღმდეგ, რომლებიც არ სცნობდნენ ემორჩილებოდნენ კანონს.[6]
912 წელს დარუბანდმა შირვანთან ერთად ისლამური თავდასხმა მოაწყო შანდანის წინააღმდეგ, ეს სამთავრო მდებარეობდა ხაიდაკის ჩრდილოეთით. თუმცა ეს ბრძოლა წარუმატებელად დასრულდა და გაერთიანებულმა შანდანისა და სარირის მეომრებმა ისინი დაამარცხეს. 938 წელს დარუბანდის ამირა თავს დაესხა ლეკებს (ალ-ლაკზი).
989 წელს დარუბანს ეწვია გილანელი რელიგიური მოძღვარი მუსა ატ-ტუზი. მისმა სწავლებებმა მოსახლეობა აიძულა „ჭეშმარიტი ისლამისთვის“ ებრძოლათ. მუსას პოპულარობა იქამდე გაიზარდა, რომ მემატიანეების თქმით 990 წლისთვის მან ხელთ იგდო სახელმწიფო ძალაუფლების ყველა შტო და შედეგად ამირა შეავიწროვა. დარუბანდის ამირა იძულებული გახდა ნარიყალაში გამაგრებულიყო, სადაც 28 დღის განმავლობაში მუსას მეთაურობის ქვეშ, მოსახლეობას ალყაში ჰყავდა მომწყვდეული. უცნობია აჯანყების დეტალები, თუმცა იმის გათვალისწინებით რომ ამირა მაიმუნი 997 წლამდე განაგრძობდა დარუბანდის მმართველობას, როგორც ჩანს აჯანყება ჩაახშვეს.[7]
ტახტზე აჰმადის მეორე ვაჟი, მაჰმუდ II ავიდა. ეს უკანასკნელი მხოლოდ ათი თვე მმართავდა და მისი ძმის დავალებით მოკლული იქნა მონა მცველის მიერ. 4 თვის შემდეგ მოქალაქეები მაიმუნის ვაჟს, ლაშქარის დაემორჩილნენ. ის ქალაქს 5 წელი მმართავდა და ამ დროის განმავლობაში მოახერხა შირვანშაჰ იაზიდ II-ის (991–1027) დამარცხება. ლაშქარი გარდაიცვალა 1002 წელს. შემდეგ ტახტზე ავიდა მისი ძმა ალ-მანსურ I. მისი ხანგრძლივი მმართველობა მეტწილად მშვიდობიანობით ხასიათდება, გარდა 1019 წლისა, როდესაც მოქალაქეები შირვანშაჰ იაზიდ II-ს დაემორჩილნენ, თუმცა 1021 წელს ალ-მანსურმა ისევ აღიდგინა ძალაუფლება. 1032 წელს ამირამ გაანადგურა რუსთა მარბიელი რაზმები, რომლებიც აქამდე შირვანშაჰის სამფლობელოებში იყვნენ შეჭრილი და დიდი ნადავლით ბრუნდებოდნენ უკან. 1034 წელს მანსური გარდაიცვალა.[8]
ტახტზე მისი ვაჟი აბდ ალ-მალიქ II ავიდა, რომელიც თითქმის უმალვე ჩამოაშორეს ძალაუფლებას. ქალაქი შირვანშაჰ აბუ მანსურ ალი II-ს (1034–1043) დაემორჩილა. 1035 წელს აბდ ალ-მალიქმა მოახერხა ძალაუფლების აღდგენა და შიდა დაპირისპირებების მიუხედავად გარდაცვალებამდე, 1043 წლის მარტამდე, მმართავდა დარუბანდს. მისი 4 წლის მემკვიდრე ალ-მანსურ II, ქალაქის უხუცესის, აბუ-ლ-ფავირისის რეგენტის ქვეშ მოექცა. 1051 წელს რეგენტი გარდაიცვალა და ამირამ დამოუკიდებლად დაიწყო მმართველობა. სამი წლის შემდეგ უხუცესებსა დაიწყეს კონფლიქტი. აგვისტოში ამირა იძულებული გახდა დედასთან ერთად დარუბანდიდან გაქცეულიყო. რამოდნეიმე დღის შემდეგ, ის დიდი არმიით მოადგა ქალაქს. პალესტინის კარიბჭესთან გაიმართა ხისტი ბრძოლა, სადაც ალ-მანსური დამარცხდა, რის შემდეგაც ქალაქის უხუცესებმა ტახატზე გარდაცვლილი ამირას ძმა, ლაშქარი აიყვანეს. 1055 წლის იანვარში ძმის დაკვეთით გულამებმა ლაშქარი მოკლეს. მოსახლეობა ფორმალურად ალ-მანსურს დაემორჩილა, მაგრამ ფაქტობრივად ძალაუფლება ქალაქის უხუცესების ხელში დარჩა. მხოლოდ 1064 წლის იანვარში, ამირამ შეძლო უხუცესების დამარცხება და ქალაქში ძალაუფლების აღდგენა. 1065 წელს დარუბანდის ისლამის მქადაგებლებმა შეაღწიეს ლეკების მიწაზე და დაიპყრეს მასკუტი.[9] 1065 წლის თებერვალში, უხუცესებმა ალ-მანსურის წინააღმდეგ მოაწყვეს შეთქმულება; ამირა მოკლეს და ქალაქი საშინელ მდგოამრეობაში ჩააგდეს.[8]
დამოუკიდებლობის დაკრგვა
რედაქტირებასელჩუკთა გავლენა
რედაქტირებადარუბანდში რამდენიმე თვე ანარქია სუფევდა. მშვიდობა 1065 წელს დამყარდა, როდესაც ტახტზე ლაშქარის ვაჟი, აბდ ალ-მალიქ III ავიდა. მას არ გააჩნდა არანაირი ავტორიტეტი და ექვსთვიანი მმართველობის შემდეგ დაამხეს. ქალაქმა ფორმალრუად შირვანშაჰ ფარიბურზ I-ის (1063–1096) ძალაუფლება აღიარა, თუმცა ძალაუფლება ფაქტობრივად ქალაქის უხუცესების ხელში იყო მოქცეული. 1068 წლის დეკემბერში, ქალაქის უხუცესთა უმრავლესობა შირვანში გადაასახლეს. ქალაქში პოზიციები ფარიბურზის ვაჟმა აფრიდუნ I-მა (1106–1120) გაიმყარა. 1071 წელს, ალფ-არსლანმა დაამარცხა შირვანშაჰი, რის შემდეგაც დარუბანდელებმა აბდ ალ-მალიქი აღადგინეს. 1075 წელს, ის საბოლოოდ ჩამოაშორეს ძალაუფლებას და ტახტზე ალ-მანსურ II-ის ვაჟი, მაიმუნ II ავიდა, რომელიც ამ დროისთვის 11 წლის იყო. ეს უკანასკნელი ქალაქის ამირა მხოლოდ რამდენიმე თვე იყო, რადგან 1075 წლის დეკმებრში, ქალაქი იძულებული გახდა სელჩუკთა სახელმწიფოს უზენაესობა ეღიარებინა. როგორც ჩანს ასე დასრულდა დარუბანდში ბანუ-სულაიმის დინასტიის მმართველობა. ქალაქს მოგვიანებითაც განაგებდნენ ამირები, თუმცა უცნობია იყვნენ თუ არა ისინი ძველი დინასტიის მემკვიდრეები თუ წარმოადგენდნენ სხვა ადგილობრივ უხუცესთა საგვარეულოებს.[8][10]
საქართველოს სამეფოს გავლენა
რედაქტირებაXII საუკუნის დასაწყისში, საქართველოს სამეფო დავით აღმაშნებლის (1089–1125) მეთაურობით თურქ-სელჩუკთა წინააღმდეგ განმანთავისუფლებენ ბრძოლას ჩაუდგა სათავეში. 1121 წელს, დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ დავითმა ამიერკავკასიიდან სელჩუკთა განდევნა დაისახა მიზნად. კავკასიის ისლამურ ნაწილში დავითის ექსპანსიური პოლიტიკა აღიზიანებდა ადგილობრივ ამირებს. რასაც ასევე ადასტურებს არაბი ისტორიკოსის, იბნ ალ ასირის ცნობები:
1123 წელს სულთანი მაჰმუდ II მართლაც მოვიდა ამიერკავკასიაში და დავით აღმაშენებლის დასჯა სცადა; შეიპყრო შირვანშაჰი და დავითს მუქარის წერილი გაუგზავნა. 1124 წელს დავითმა შირვანი ისევ შემოიმტკიცა (იხ. აგრეთვე: შირვანი საქართველოს სამეფოში) და იმავე წელს დარუბანდის მხარეში ილაშქრა. დავითის გარდაცვალების შემდეგ, ტახტზე დემეტრე I (1125–1156) ავიდა. არაბი ისტორიკოსი ალ-ფარიკი, რომელიც 1154/5 წლებში საქართველოს სამეფო კარზე იმყოფებოდა თან ახლდა დემეტრეს მისი სამფლობელოების შემოვლის დროს.[11] მათ რამდენიმე დღე გაუტარებიათ ერთად დარუბანდშიც, რომლის მალიქი ამირი აბუ-მუზაფარი, დემეტრეს სიძე (მისი ქალიშვილის ქმარი) ეახლა დემეტრეს თავისი პატივისცემის დასადასტურებლად და მეფისათვის სამსახურის გასაწევად. იმავე ალ-ფარიკის ცნობით, დარუბანდის ციხეში დამწყვდეული ყოფილა დიდგორის ბრძოლის მონაწილე ილღაზის ლაშქრიდან დატყვევებული ერთი მაჰმადიანი. როგორც ჩანს დავითის გარდაცვალების შემდეგაც დარუბანდი საქართველოს სამეფოზე დამოკიდებულ ერთეულს წარმოადგენდა.
გიორგი III-ის (1156–1184) მმართველობის დროს დარუბანდის ამირამ საქართველოს სამეფოსგან განდგომა მოისრუვა და შირვანშაჰებს ალანთა, ხაზართა და რუსთა რაზმები შეუსია. თამარის ისტორიკოსის ცნობით: „შირვანშაჰ ახსითანი (1160–1197) შემოეხვეწა გიორგის“; გიორგიმ შეყარა ლაშქარი და „მოაოხრა ქვეყანა მესკურისა და შარაბამისა და აიღო ქ. შაბურანი და უბოძა ქალაქი იგი შირვანშაჰს“. ამ თვალსაზრისით საინტერესოა ქართველი ისტორიკოსის ცნობა, რომ შარვანშაჰი ახსითან I „მეფე იყო შარვანისა და ზღვის პირისა დარუბანდით ხირხალამდის“. თამარის ეპოქაში დარუბანდის საამირო ისევ საქართველოს ყმადნაფიცი ქვეყნების რიცხვში შედიოდა, ეს მდგომარეობა მისმა ისტორიკოსმა ასე აღნიშნა „თამარმა იპყრნა ზღვით პონტოსის ზღვამდე გურგანისა და სპარსეთითგან დარუბანდამდე“. პოლიტიკურად გაერთიანებულმა და ეკონომიკურად გაძლიერებულმა საქართველოს სამეფო ხელისუფლებამ თავის კონტროლს დაუქვემდებარა აღმოსავლეთ და დასავლეთ ამიერკავკასიის სავაჭრო გზები, კერძოდ, დვინ-არზრუმისა და დარუბანდ-შამახიის სავაჭრო გზები. მონღოლთა მიერ საქართველოში პირველი ლაშქრობის შემდეგ, ჯებე და სუბუდაი დარუბანდის გზით გადავიდა ჩრდილოეთ კავკასიაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- Магомедов Р. М. История Дагестана: Учебное пособие; 8 кл. — Махачкала: Изд-во НИИ педагогики, 2002 г.
- К. Рыжов. Справочник. Все монархи мира: Мусульманский Восток. VII—XV вв.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ჰაშიმიდები (Хашимиды) დაარქივებული 2015-06-10 საიტზე Wayback Machine. interpretive.ru
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Г. Каймаразов «Ислам и исламская культура в Дагестане». «Восточная лит-ра» РАН, 2001
- ↑ Магомедов Р. М. История Дагестана: Учебное пособие; 8 кл. — Махачкала: Изд-во НИИ педагогики, 2002 г.- 76 страница
- ↑ Ихилов, М. М. Народности лезгинской группы: этнографическое исследование прошлого и настоящего лезгин, табасаранцев, рутулов, цахуров, агулов. — Махачкала: ДФ АН СССР, ИИЯЛ им. Г. Цадасы, 1967. — 370 с.
- ↑ Магомедов Р. История Дагестана: С древнейших времен до конца XIX в, Махачкала, Дагучпедгиз 1968, გვ. 340
- ↑ Магомедов Р. М. История Дагестана: Учебное пособие; 8 кл. — Махачкала: Изд-во НИИ педагогики, 2002 г.- 76-78 страницы
- ↑ 6.0 6.1 Магомедов Р. М. История Дагестана: Учебное пособие; 8 кл. — Махачкала: Изд-во НИИ педагогики, 2002 г.- 78 страница
- ↑ Магомедов Р. М. История Дагестана: Учебное пособие; 8 кл. — Махачкала: Изд-во НИИ педагогики, 2002 г.- 83 и 84 страницы
- ↑ 8.0 8.1 8.2 К. Рыжов. Справочник. Все монархи мира: Мусульманский Восток. VII—XV вв.
- ↑ Магомедов Р. М. История Дагестана: Учебное пособие; 8 кл. — Махачкала: Изд-во НИИ педагогики, 2002 г.- 85 страница
- ↑ Магомедов Р. М. История Дагестана: Учебное пособие; 8 кл. — Махачкала: Изд-во НИИ педагогики, 2002 г.- 86 страница
- ↑ დემეტრე პირველი[მკვდარი ბმული]